გადაწყვეტილება №21557/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 21557/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21557/2/2023

19 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 11.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21557/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №070-17 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28686 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 162 695,82 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 87 232

დღგ - 47 921 მიწაზე (არასასოფლო)

ქონების გადასახადი - 1 292

მიწაზე (სასოფლო) ქონების გადასახადი - 184

საშემოსავლო გადასახადი - 36 270

ქონების გადასახადი - 1 933

ჯარიმა - 43 083

საურავი - 32 380,82

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა, -----ის რაიონის სოფელ -----ში, მის საკუთრებაში არსებულ ფართში.

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები (საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ხელშეკრულებები და ახსნა-განმარტებები). პირი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სხვადასხვა კატეგორიის საქონლის ფასნამატები. აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა 2022-2023 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ხოლო ისეთი საქონლის კატეგორიაზე რომელზეც საკონტროლო შესყიდვითა და ფასების ფიქსაციით ვერ მოხერხდა ფასნამატის განსაზღვრა გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 19%, 2020-2021 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, ხოლო რომელ საქონლის კატეგორიაზეც არ არსებობდა აუდირებული ფასნამატი, მასზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატის საშუალო შეწონილი 20%. ზემოთ აღნიშნული მიდგომით გაანგარიშდა მეწარმის დასაბეგრი ბრუნვა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოთ აღნიშნული პრინციპით გაანგარიშდა 2020-2021 წლების ერთობლივი შემოსავალი. შემოწმებით დაკორექტირდა 2020-2021 წლების გამოსაქვითი ხარჯები (შეძენილი მასალების, გაცემული ხელფასების და სხვა გამოქვითვების გრაფაში), აღნიშნულიდან გამომდინარე გაეზარდა წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირ. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით კი რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №070-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28686 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სხვადასხვა კატეგორიის საქონლის ფასნამატები. აღნიშნული ფასნამატები გავრცელდა 2022-2023 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ხოლო ისეთი საქონლის კატეგორიაზე რომელზეც საკონტროლო შესყიდვითა და ფასების ფიქსაციით ვერ მოხერხდა ფასნამატის განსაზღვრა გავრცელდა საშუალო შეწონილი ფასნამატი 19%. 2020-2021 წლებში დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, ხოლო რომელ საქონლის კატეგორიაზეც არ არსებობდა აუდირებული ფასნამატი, მასზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატის საშუალო შეწონილი 20%.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ, ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით, საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ განსაზღვრული 20%-იანი ფასნამატი არ შეესაბამება მეწარმის რეალურ სამუშაო ფასნამატს, რადგან ასეთი ფასნამატის შემთხვევაში კონკურენციას ვერ გაუწევდა ქსელურ მარკეტებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ თამბაქოზე გაავრცელოს საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების მიერ დაფიქსირებული ფასნამატი, რომელიც შეადგენს 20%-ს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით მცირდება მხოლოდ 1%-ით, რაც არ შეესაბამება რეალურ სამუშაო ფასნამატს, ვინაიდან აღნიშნული მარჟის შემთხვევაში მეწარმე ვერ გაუწევდა კონკურენციას ქსელურ მარკეტებს, რომლებიც ძირითად რგოლს წარმოადგენენ აღნიშნულ ბიზნესში. ამასთან, მაღაზიის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ძირითად მომხმარებლებს წარმოადგენენ ყვარლის რაიონის მოსახლეობა, რომელთათვის უპირატესია შედარებით დაბალ მარჟიანი და ხელმისაწვდომ ფასიანი პროდუქცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც მომზადდა ფასნამატის ცხრილი. აღნიშნული ცხრილის მიხედვით ფასნამატმა შეადგინა 13%.

შესაბამისად, შემოსავლების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს მეწარმის მიერ დოკუმენტურ რეალიზაციაში დაფიქსირებული ფასნამატით.

უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28686 ბრძანება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის თანამონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას შესაბამისი პერიოდების მიხედვით გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით (მათ შორის აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი) და საკონტროლო შესყიდვის და ფასების ფიქსაციის შედეგად დადგენილი ფასნამატები კატეგორიის მიხედვით (მათ შორის საშუალო შეწონილი ფასნამატი), მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28686 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ თამბაქოზე გაავრცელოს საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28686 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა, მის საკუთრებაში არსებულ ფართში. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა სხვადასხვა კატეგორიის საქონლის ფასნამატები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №070-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28686 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28686 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5);