ბრძანება N 16203
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16203
15 ივლისი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2026 წლის 2 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) №103213/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 ივნისის №002-85 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს, კერძოდ:
არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის განსაზღვრის მიზნით მომჩივანსა და მისი დამფუძნებლის მიერ დაფუძნებული სხვა კომპანიების შემოსავლების გაერთიანებას. აცხადებს, რომ ამ კომპანიების საქმიანობები არ არის ერთმანეთის შემადგენელი, სახელმწიფო შესყიდვები გამოცხადებულია სხვადასხვა პერიოდებში, სხვადასხვა ტერიტორიებზე და სხვადასხვა ღირებულებით, შესაბამისად, ითხოვს ბრუნვების გამიჯვნას.
აცხადებს, რომ 2023 წლის იანვრის თვეში მის მიერ მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია, დღგ-ის გაანგარიშების მიზნებისთვის ბრუნვა იწყება 2023 წლის თებერვლიდან და 2024 წლის იანვრის თვის ჩათვლით შეადგენს 103 901 ლარს, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 114 705 ლარისა. აღნიშნულს ადასტურებს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული დამატებული ღირებულების გადასახადის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №9034 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 17 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 19 ივნისის №13522 ბრძანება და ამავე თარიღის №002-85 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 24 873 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 732 ლარი, ჯარიმა 4 647 ლარი, საურავი 3 494 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება.
სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე (ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები) გადახდილი თანხები ნაწილდება 3 (სამ) სამეწარმეო სუბიექტზე (მომჩივანი, შპს „ჯე ------“ და შპს „-------“). პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 461 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილულ იქნა სამივე სამეწარმეო სუბიექტი. ანალიზის შედეგად მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2023 წლის 14 დეკემბრის თარიღით. მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა შესაბამისი დღგ და განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 461 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი;
ბ) მათი საქმიანობის ადგილი იდენტურია;
გ) მათი საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია;
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
2. ამ მუხლის მიზნისთვის:
ა) ითვლება, რომ პირთა საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი, თუ ერთი და იმავე პირის მიერ მიიღება გადაწყვეტილება ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, ორ საკითხთან დაკავშირებით:
ა.ა) კონტრაქტორების შერჩევა და მათთან გარიგებების დადება;
ა.ბ) საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრა;
ა.გ) დასაქმებულ პირთა შერჩევა და მათთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
ა.დ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ა.ე) დივიდენდის განაწილება;
ა.ვ) საწარმოს რეორგანიზაცია;
ა.ზ) ინვესტიციების განხორციელება;
ა.თ) ვალდებულებათა აღება;
ა.ი) ვალდებულებათა უზრუნველყოფა;
ა.კ) სხვა საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია პირის საქმიანობასთან ან/და მართვასთან;
ბ) საქმიანობის სახე და შინაარსი იდენტურია, თუ სახეზე არის ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ბ.ა) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე, ანალოგიური ან მსგავსი საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას;
ბ.ბ) პირები ახორციელებენ ერთსა და იმავე ეკონომიკურ სექტორთან დაკავშირებულ ანალოგიურ ან მსგავს ძირითად საქმიანობას;
ბ.გ) პირების საქმიანობა ორიენტირებულია ერთსა და იმავე სამიზნე მომხმარებელზე;
ბ.დ) პირები ფლობენ ან/და იყენებენ ერთსა და იმავე ძირითად საშუალებებს;
ბ.ე) სხვა გარემოება, რაც მიუთითებს საქმიანობის სახისა და შინაარსის იდენტურობაზე.
3. ამ მუხლის საფუძველზე ერთ დასაბეგრ პირად განხილულ პირთა ჯგუფის წევრები შეიძლება იყვნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირები, რომელთა დაფუძნების ადგილი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მათი მუდმივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის საქართველოში.
4. ამ მუხლის შესაბამისად, პირთა ჯგუფის ერთ დასაბეგრ პირად განხილვის შემთხვევაში, პირთა ჯგუფის თითოეული წევრის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება ჯგუფის ყველა წევრის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა, გარდა ამავე ჯგუფის წევრებს შორის განხორციელებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების თანხებისა.
5. პირთა ჯგუფის თითოეული წევრი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო (ჯამური) თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, პირთა ჯგუფის თითოეულ წევრს წარმოეშობა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებული ყველა უფლება და ვალდებულება.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის დადგენა და, შესაბამისად, პირთა ჯგუფის გამოვლენა ხორციელდება საგადასახადო შემოწმების ფარგლებში.
დ) ჯგუფის მონაწილე რომელიმე წევრი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანსა და მისი დამფუძნებლის მიერ დაფუძნებული სხვა კომპანიების შემოსავლების გაერთიანებასთან დაკავშირებულ არგუმენტთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე (ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები) გადახდილი თანხები ნაწილდება სამ სამეწარმეო სუბიექტზე (მომჩივანი, შპს „-------“ და შპს „--------“). პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ პუნქტისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 461 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დღგ-ის მიზნებისთვის სამივე სამეწარმეო სუბიექტის ერთ დასაბეგრ პირად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღება ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ 2023 წლის იანვრის თვეში მის მიერ მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია და დღგ-ის გაანგარიშების მიზნებისთვის ბრუნვა იწყება 2023 წლის თებერვლიდან, რასაც ადასტურებს მიმწოდებელსა და შემსრულებელს შორის შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტებში დაფიქსირებული ოპერაციების განხორციელების პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის შედეგად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტებში დაფიქსირებული ოპერაციების განხორციელების პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის შედეგად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება. სახელმწიფო ხაზინიდან სახელმწიფო შესყიდვებზე გადახდილი თანხები ნაწილდება 3 (სამ) სამეწარმეო სუბიექტზე.
პირებს ჰყავთ ერთი და იგივე დირექტორი, დამფუძნებელი და ეწევიან იდენტურ საქმიანობას.სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად დღგ-ის მიზნებისთვის ერთ დასაბეგრ პირად განიხილულ იქნა სამივე სამეწარმეო სუბიექტი.ანალიზის შედეგად მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.მიღებული შემოსავლით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა,გადამხდელს სსკ-ის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა შესაბამისი დღგ და განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტებში დაფიქსირებული ოპერაციების განხორციელების პერიოდების მიხედვით და აღნიშნულის შედეგად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),164,165,282.