გადაწყვეტილება №25610/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25610/2/2025
08 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 7.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25610/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალს და გაწეულ ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №063-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2025 წლის №16070 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 249 825,69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 152 352,34
დღგ - 57 775,14
საშემოსავლო გადასახადი - 94 577,20
ჯარიმა - 76 176,10
საურავი - 21 297,25
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 ივნისის №11563 ბრძანება და ამავე თარიღის №063-16 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.07.2025 წლის №16070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში შესამოწმებელ პერიოდის მონაცემების შესწავლით გაირკვა, რომ მომჩივანს მხოლოდ 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეში იმპორტირებული ჰქონდა (ჩინეთიდან და თურქეთიდან) საქონელი (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი) ღირებულებით 682 779 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. რეალიზაციას ახორციელებდა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები გაწერილია მხოლოდ 1 037 ლარზე). შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 10 ივლისს 13:30 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მისთვის დღემდე არის უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,----„ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი მსგავსი გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აცხადებს, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. გადამხდელის ინფორმაციით თანხების დაანგარიშება მოხდა არასწორად და აუდირებული ფასნამატი გამოყენებულია საქონლის საბაჟო ღირებულებიდან.
მომჩივანი აღნიშნავს რომ შპს ,,---“-ის საგადასახადო შემოწმებით მოცულია დაახლოებით იგივე პერიოდი და კომპანია ვაჭრობს მსგავსი/იდენტური საქონლით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შპს ,,---“-თან გამოყენებულია ფასნამატი 26%-ის ოდენობით. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და შესაბამისად არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საქონლის თვითღირებულება განსაზღვრულია საინვოისო ღირებულებაზე დაყრდნობით. შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (ზედნადები გაწერილია მხოლოდ 1 037 ლარზე), შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე (საინვოისო ღირებულებაზე) გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. რაც შეეხება, შპს ,,---“ -ს, იგი ვაჭრობს, საბითუმოდ, ჩანთებით და ქუდებით, იმპორტს ახდენს ჩინეთიდან და ირანიდან. შემოწმების პერიოდში გადამხდელმა წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა. შემოწმებით გამოიყენეს 26% ფასნამატი. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით საცალო ვაჭრობა. საქონელი იმპორტირებული აქვს ჩინეთიდან და თურქეთიდან.
მომჩივანი და შპს ,,---“ ახორციელებენ სხვადასხვა საქონლით ვაჭრობას, გამომდინარე აქედან ფასნამატი განისაზღვრა ინდივიდუალურად. აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალს და გაწეულს ხარჯს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 28 აპრილის №7806 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტაცია
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც ზემოთ აღნიშნა. არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს.
საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;
2. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალს და გაწეულ ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები გაწერილია მხოლოდ 1 037 ლარზე). შეძენილი საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრულ შემოსავალსა და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიხედვით გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101 (1); 154 (1).