ბრძანება N 21904

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 21904
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21904

15 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (ფაქტ. მის: -----)

2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 81) განიხილა შპს „-----“(ს/ნ -----) 2025 წლის 5 აგვისტოს N 97354/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის N 007-100 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული ფასნამატი. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე. აღნიშნავს, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს ბრუნვები და მისთვის დღემდე უცნობია, რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა გადამხდელის იდენტური. ასევე გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. მიუთითებს, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის N 9486 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 10 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის N 12321 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის N 007-100 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 184 962 ლარი, მათ შორის, გადასახადი 112 740 ლარი, ჯარიმა 56 370 ლარი და საურავი 15 852 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელს დაფუძნების დღიდან საბაჟო ოპერაციების გზით ----- შემოტანილი აქვს ავტომანქანის ნაწილები და სხვადასხვა ტიპის ფეხსაცმელები, რომელთა რეალიზაციასაც ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში ვერ განხორციელდა გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირება. შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2025 წლის 3 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N 189230, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა სანქცია 400 ლარის ოდენობით. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, მათ შორის საბაჟო დეკლარაციები და მათი თანმხლები დოკუმენტაცია. აღნიშნულის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 518 148 ლარის თვითღირებულების სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები. ვინაიდან არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის საწყისი სმფ-ების ნაშთი აღებულია ანგარიშგების პორტალზე გადამხდელის მიერ წარდგენილი 2021 წლის წლიურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული საბოლოო ნაშთიდან, რაც შეადგენდა 996 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთად შემოწმების ფარგლებში მიჩნეულია 0 ლარი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი 2022 წლის შემდეგ ფაქტობრივად აღარ საქმიანობს, აღნიშნული პერიოდიდან აღარ ფიქსირდება არც სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების შეძენები, ასევე გადასახადის გადამხდელი აღარ წარადგენს დეკლარაციებს, საწარმოს დამფუძნებელ/დირექტორს დატოვებული აქვს ქვეყნის ტერიტორია და დახურულია საბანკო ანგარიშები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 73-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე მუხლების და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში საწამოს მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიათა აუდირებული ფასნამატით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის N 7846 ბრძანებით დანიშნული იყო სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. აღნიშნულის ფარგლებში ვერ განხორციელდა გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მოძიება. 2025 წლის 13 მაისს შედგა ოქმი, რომლის მიხედვით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ფარგლებში, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული განკარგვადი ფულადი სახსრები, რომლის ნაშთიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2025 წლის 25 სექტემბერს 15:10 საათზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის განმავლობაში შეძენილი ჰქონდა 518 148 ლარის თვითღირებულების სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საწყისი სმფ-ების ნაშთი აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი 2021 წლის წლიურ ანგარიშგებაში დაფიქსირებული საბოლოო ნაშთიდან, რაც შეადგენდა 996 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთად შემოწმების ფარგლებში მიჩნეულ იქნა 0 ლარი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი 2022 წლის შემდეგ ფაქტობრივად აღარ საქმიანობს, აღნიშნული პერიოდიდან აღარ ფიქსირდება არც სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების შეძენები, ასევე გადასახადის გადამხდელი აღარ წარადგენს დეკლარაციებს, ამასთან, საწარმოს დამფუძნებელ/დირექტორს დატოვებული აქვს ქვეყნის ტერიტორია და დახურულია საბანკო ანგარიშები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციები და მათი თანმხლები დოკუმენტაცია. შესაბამისად, საქონლის თვითღირებულება შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა თითოეული ინვოისის მიხედვით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტური რეალიზაციის ჭრილში უფიქსირდება მხოლოდ 2 დოკუმენტი, რომლითაც რეალიზებულია მხოლოდ 16 000 ლარის ღირებულების „ოთახის ჩუსტები“, რაც დოკუმენტური ფასნამატის დასადგენად წარმოადგენს არაარსებით მონაცემს, რადგან გადასახადის გადამხდელს გააჩნდა სხვა სახეობის სარეალიზაციო პროდუქციაც

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოწმებით განსაზღვრული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა, ასევე, არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 184 962 ლარი, მათ შორის, გადასახადი 112 740 ლარი, ჯარიმა 56 370 ლარი და საურავი 15 852 ლარი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 101; 154; 73;.