გადაწყვეტილება №21745/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.03.2024
№ დოკუმენტი 21745/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21745/2/2023

04 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 28.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21745/2/2023).

 

დავის საგანი:

დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №086-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №30943 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 132 805 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 974

დღგ - 66 572

საშემოსავლო გადასახადი - 20 402

ჯარიმა - 43 487

საურავი - 2 344

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 აგვისტოს №18869 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 18 აგვისტოს, ჩატარდა სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგები არ გააჩნდა. 2023 წლის 27 ივლისს კომპანიაში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს აღნიშნულ პერიოდში სალაროში ფულის ნაშთი არ უფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. შედეგად, შემოსავლების განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე ბითუმად რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი 1% ოდენობით, ხოლო საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 8,66%-ის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების საფუძველზე, ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24966 ბრძანება და 10 ოქტომბრის №086-51 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 132 805 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 2 ნოემბერს გასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 დეკემბრის №30943 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მართლზომიერად მიაჩნევს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს, რადგან არის დაუსაბუთებელი და უკანონო. ასევე, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის უკანონო და დაუსაბუთებელ ბრძანებას.

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ხელახლა შეისწავლოს საკითხი და გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე ბითუმად რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. აგრეთვე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯისა და დებიტორ/კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რაც მართლზომიერად ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტირებული დასაბუთება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე ბითუმად რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. აგრეთვე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯისა და დებიტორ/კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, რაც მართლზომიერად ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 163(1); 164(1); 275