გადაწყვეტილება №22511/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22511/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22511/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 9.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22511/2/2024).

 

დავის საგანი:

საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - დაკისრებული საურავის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2024 წლის №006-44 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 749 050.96 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 304 586

დღგ - 74 299

მოგების გადასახადი - 60 544

საშემოსავლო გადასახადი - 159 550

ქონების გადასახადი - 10 193

ჯარიმა - 214 335

საურავი - 230 129.96

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა მარგანეცის მადნის ზედაპირული დამუშავება (მოპოვება)/გადაზიდვა/გამდიდრება და მიღებული მზა პროდუქციის გადაცემა. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ მომსახურებას უწევს შპს „----------“ (ს/ნ ----------), რომელიც თავის მხრივ ასრულებს შპს „----------“ (ს/ნ ----------) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. კომპანიის დამატებით საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მიწოდებული აქვს სამედიცინო/არასამედიცინო დანიშნულების საქონელი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა, შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დირექტორს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გატანილი/გადახდილი თანხების მზარდი დავალიანება, რაც პერიოდულად მცირდება. 2017-2020 წლებში, კომპანიას ფიზიკური პირებისთვის გადახდილი აქვს თანხები ზიანის მიყენებისათვის ჯამში სულ 2 725 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების ანაზღაურება ხდებოდა ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის) მიერ. საგადასახადო შემოწმების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა სრულყოფილად არ განხორციელდა. ამასთან, მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული ფულადი თანხები მკვეთრად განსხვავდება კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული მონაცემისგან. შესაბამისად, თანხების ფულის მოძრაობაში სრულად გათვალისწინება არ განხორციელდა. შედეგად, ანგარიშვალდებულ პირზე სამეურნეო დანიშნულებით გაცემული თანხები, რომლის ნაშთი პერიოდულად მცირდებოდა საწარმოს კრედიტორული დავალიანებით და კვლავ იზრდებოდა ბანკიდან გაცემული თანხებით 2018 წლის აპრილის თვიდან შემოწმების პერიოდის დასასრულამდე, კერძოდ, 2020 წლის 1 მაისამდე, დაფიქსირდა მზარდი ნაშთის მაჩვენებლით 5 000 ლარიდან 2 130 000 ლარამდე (საკასო ხარჯის გათვალისწინებით). არსებული დავალიანების შესწავლის შედეგად ვერ დგინდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების სხვა მიზნობრიობა პერიოდების მიხედვით. ამასთან, ზემოაღნიშნული გაცემული ფულადი ნაშთის პარალელურად, გადამხდელს ჰქონდა ლიზინგით აღებული ძირითადი საშუალებები ----------. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო მიღებული სესხის პროცენტის სარგებელი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. 2020 წლის იანვარში ანგარიშვალდებული პირის დავალიანება შემცირებულია ---------- კომპანიისთვის გადახდილი თანხით, ჩამოწერილი დავალიანებით შემცირდა გაცემული სესხის ოდენობა, შემოწმებით აღნიშნული დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას/ჩათვლას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, შედეგად კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2017-2019 წლებში გადასახადის გადამხდელს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიწოდებული აქვს საქონელი, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტად. ამასთანავე, აღნიშნულ საქონელთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს შესაბამისი ჩათვლები. საგადასახადო შემოწმების პროცესში მოთხოვნილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ აღნიშნულის წარდგენა არ განხორციელებულა, რასთან დაკავშირებითაც შეეფარდა შესაბამისი ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილი აქვს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები, რომელიც გადახდილია არარეზიდენტი კომპანიისთვის ძირითადი საშუალების შესაძენად. აღნიშნულ გადახდებზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ძირითადი საშუალება დღემდე შეძენილი არ არის. ამასთან, კომპანიას მთავარი კონტრაქტორისგან, შპს „----------“ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე კომპანიის მიერ მიღებულია დებიტორული დავალიანება 2019 წლის ივნისის თვეში 12 500 ლარის ოდენობით, რისი ბუღალტერიაში ასახვა საწარმოს არ უფიქსირდება. საგადასახადო შემოწმებით არასრულყოფილი დოკუმენტებით ჩამოწერილი საქვეანგარიშო თანხები და მიღებული, აღურიცხველი დებიტორული დავალიანების თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №39431 ბრძანება და ამავე თარიღის №006-843 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.01.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ, მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა 2.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემცირებას დაექვემდებარა სულ 771 778 ლარი, მათ შორის გადასახადი 529 688 ლარი და ჯარიმა 242 090 ლარი.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა 6.02.2023 წლის №1952 ბრძანება და ამავე თარიღის №006-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის №7318 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7318 ბრძანება;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ აღნიშნული განხილულ იქნეს ხელფასად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 13.02.2024 წლის დასკვნა და შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები მიდინარე გადაანგარიშებით დარჩა უცვლელი. დასკვნის საფუძველზე გამოიცა 16.02.2024 წლის №3336 ბრძანება და ამავე თარიღის №006-44 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

განსახილველი საჩივრით სადავო გარემოებას წარმოადგენს კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავის ოდენობა. 16.02.2024 წლის №006-44 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით, კომპანიას გადასახადის ნაწილში ვალდებულებები განესაზღვრა 304 586 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მოთხოვნაში ასახული საურავის ოდენობა შეადგენს 230 129.96 ლარს.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილის და 21 ნაწილებიდან და 269-ე მუხლის 21 ნაწილიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნით კომპანიის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არსებითი უზუსტობით, ვინაიდან გადასახადის ნაწილში ვალდებულებები განისაზღვრა 304 586 ლარის ოდენობით, ხოლო საურავის ოდენობა 230 129.96 ლარით, რაც 2-ჯერ აღემატება არსებული გადასახადის ოდენობაზე გაანგარიშებული საურავის ოდენობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ვინაიდან გადასახადის ნაწილზე ყოველდღიურად განსაზღვრული საურავის ოდენობა შეადგენს 0,05%-ს 304 586 ლარის საგადასახადო ვალდებულებაზე განსაზღვრული საურავის ოდენობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 167 000 ლარს (304586 *0,05%*365*3=166760), ნაცვლად კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული 230 129.96 ლარისა.

შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები საურავის ნაწილში უნდა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, 0,05%-ის ოდენობით და არაუმეტეს 3 კალენდარული წლისა, ითხოვს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყოს სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით საურავის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლთან შესაბამისობა.

ამდენად, მომართავს საბჭოს თხოვნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო კორექტირებული საგადასახდო მოთხოვნაში ასახული საურავის კორექტირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ აღნიშნული განხილულ იქნეს ხელფასად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად.

საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 13.02.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შეცვლილ იქნა ოპერაციის კვალიფიკაცია, კერძოდ, გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებული თანხები მიჩნეულ იქნა სახელფასო განაცემად. შედეგად, გაანგარიშდა საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გადახდილი ხელფასის კვალიფიკაციით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შემთხვევაში, მძიმდება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის და აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დარიცხული თანხები მიდინარე გადაანგარიშებით დარჩა უცვლელი.

წარმოდგენილი საჩივრით, მომჩივანი არგუმენტს საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე ან არასწორად/არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს.

მომჩივანი მსჯელობს და არასწორად მიაჩნია გადაანგარიშების შემდგომ გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავის ოდენობა, რასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - დაკისრებული საურავის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ აღნიშნული განხილულ იქნეს ხელფასად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად. საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 13.02.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შეცვლილ იქნა ოპერაციის კვალიფიკაცია, კერძოდ, გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებული თანხები მიჩნეულ იქნა სახელფასო განაცემად. შედეგად, გაანგარიშდა საგადასახადო ვალდებულებები კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გადახდილი ხელფასის კვალიფიკაციით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შემთხვევაში, მძიმდება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის და აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დარიცხული თანხები მიდინარე გადაანგარიშებით დარჩა უცვლელი. წარმოდგენილი საჩივრით, მომჩივანი არგუმენტს საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე ან არასწორად/არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 20.07.2023 წლის №19471/2/2023 (რეგ. 8.08.2023 წლის №03/64161) გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).