გადაწყვეტილება №18798/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18798/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18798/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 7.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18798/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2022 წლის №021-79 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №22 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 647 321,67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 323 756

დღგ - 136 793

საშემოსავლო გადასახადი - 186 963

ჯარიმა - 174 019

საურავი - 149 546,67

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.04.2018 წლიდან 1.08.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2021 წლის №021-193 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დღგ-ის ჩასათვლელი თანხის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2022 წლის №021-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №22 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება შემდეგი:

- გადამხდელის მიერ დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია არ წარმოდგენილა, ამდენად, ბანკიდან ფულადი სახსრების გატანა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

- შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ დასაბეგრ ბრუნვას შორის, კერძოდ, ფიქსირდება მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გადამხდელის მიერ არ მომხდარა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება;

- შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით ჩასათვლელ თანხასა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ჩასათვლელ თანხას შორის. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ ემთხვევა შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს. კერძოდ, პირს მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი არ აქვს განაშთული შემდგომი შესრულების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა სადავო საკითხები, მათ შორის, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძვლის არარსებობის გამო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანება.

პირველ და მეორე სადაო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით ყოველმხრივ შეესწავლა/გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები. გადაანგარიშებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანს არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულებები და ამიტომ არ მოხდა დარიცხული თანხების კორექტირება. საჩივარზე დართული იყო გაანგარიშება შესაბამისი მითითებებით და იყო მოლოდინი, რომ მოხდებოდა თანდართული მტკიცებულებების შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება, ხოლო რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში მომჩივნის მონაწილეობით გაურკვევლობის აღმოფხვრა.

სადავო არ არის, რომ შემოწმების პროცესში ვერ მიეწოდა საკმარისად დამუშავებული ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტს, მაგრამ საგადასახადო მოთხოვნის გაცნობის შემდეგ დაიხარჯა დრო, თანხა საბუღალტრო მომსახურების ნაწილში და ენერგია იმისათვის, რომ შემოწმების შედეგები დაახლოებულიყო რეალურ ციფრებთან. ამიტომ კომპანიას უნდა მიეცეს საშუალება წარადგინო არგუმენტები და შესაბამისი გაანგარიშება, რადგან იმ პირობებში, როცა პანდემიის პერიოდში ფაქტობრივად ყველა პროექტი ზარალით დასრულდა, შეუძლებელია გაეძლო ასეთი საგადასახადო ტვირთვისთვის, რაც მითითებულია საგადასახადო შემოწმების აქტში.

კომპანიის საქმიანობის სფეროა სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში სამუშაოების დიდი ნაწილი განხორციელებულია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით.

საგადასახადო შემოწმების აქტში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნულია, რომ ფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანა და გატანილ თანხებზე არ არის განხორციელებული საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნული თანხები, 583 884 ლარის ოდენობით, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, აიგროსა და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 223 220 ლარს. ბანკის ამონაწერით მარტივად დგინდება, რომ საბანკო ანგარიშიდან იმ პირებისათვის გადახდილი თანხები, რომელთაც გამოწერილი აქვთ ელექტრონული დოკუმენტი შეადგენს მხოლოდ 2 773 067 ლარს, სხვაობა 1 450 154 ლარი ცხადია დაიფარა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. დირექტორის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი და ბარათით განაღდებული თანხები შეადგენს 1 324 967 ლარს, რაც ცხადია საკმარისი არ იყო ვალდებულებების დაფარვისთვის. აშკარაა, რომ ანგარიშიდან გატანილი თანხები ხმარებოდა მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას და რიგ შემთხვევებში კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს პირადად მოძიებული სახსრებით (სესხებით).

სახელმწიფო შესყიდვების პრინციპიდან გამომდინარე, კომპანიას მუშაობა უწევს ძალიან დაბალი მარჟით. სიტუაცია გაართულა არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ, ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად გამოწვეულმა მასალების ფასების ზრდამ. შედეგად განხორციელებული პროექტების ძირითადი ნაწილი დასრულდა ფინანსური ზარალით. არათუ პირადად ხდებოდა ბანკიდან განაღდებული თანხების მოხმარება, პირიქით ხდებოდა თანხების მოძიება, რომ კომპანიას არ დაკისრებოდა ჯარიმა სატენდერო პირობების დარღვევისათვის.

საქმიანობის განხორციელების პროცესში კომპანია იყენებს ფიზიკურ პირთა შრომას. კომპანიის ინტერესია მომსახურების ხელშეკრულება გააფორმოს ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებთან, რათა თავად მოახდინონ მათ მიღებული თანხების საგადასახადო ადმინისტრირება.

ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც გაფორმებულია ინდ. მეწარმეებთან, მაგრამ სამწუხაროდ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების ნაწილი არ აღმოჩნდა რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად მათზე გადახდილი თანხები ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსი 154-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.

უსახსრობიდან გამომდინარე ვერ მოხდა აუდიტის განხორციელება აღნიშნული გარემოებების გამოვლენის მიზნით, ხოლო ბუღალტრის კვალიფიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი საგადასახადო რისკების გამოსავლენად. დროულად რომ ყოფილიყო ცნობილი აღნიშნული გარემოების შესახებ, დიდი ალბათობით მოხდებოდა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა, რადგან ყოველი შემდგომი ტენდერის შემდეგ ინფლაციისა და ფასების ზრდის გამო მძიმდებოდა ეკონომიკური მდგომარეობა.

წარმოდგენილია საბანკო ანგარიშს, სადაც ფერების მიხედვითაა იდენტიფიცირებული მომწოდებელთათვის და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირებისათვის გადახდილი თანხები და ფიზიკური პირებისათვის განხორციელებული გადახდები, რომლებიც ექვემდებარებოდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა მოხდეს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოების შინაარსობრივი ცვლილება და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის კორექტირება დარიცხული გადასახადის შემცირებით. ამასთან, ზემოაღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კომპანია უნდა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან.

საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ კომპანიას სრულად არ აქვს დეკლარირებული დღგ. საქმიანობის პროცესში შესრულებული სამუშაოების ძირითად ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის გარეშე შეუძლებელია ჩაირიცხოს სატენდერო პირობების მიხედვით შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მისაღები თანხა. ერთეული შემთხვევების გარდა ყველა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა მიბმულია საგადასახადო დეკლარაციაზე, მოხდენილია დაბეგრილი ავანსების გაქვითვა და დეკლარირებულია შესაბამისი გადასახადი. შემმოწმებელთა მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება მოიცავს ხარვეზებს და რამდენიმე შემთხვევაში ადგილი აქვს დასაბეგრი ბაზის გაორმაგებას.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის ჩართულობით და დარიცხული გადასახადის კორექტირება/შემცირება.

საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ის ჩასათვლელ თანხასა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის.

კომპანიის გაანგარიშებით გამოვლენილი სხვაობა ნაცვლად 26 172 ლარისა შეადგენს 13 365 ლარს. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დამატებით შესწავლა გადასახადის გადამხდელის ჩართულობით და დარიცხული გადასახადის კორექტირება/შემცირება. საჭიროების შემთხვევაში შემმოწმებელს სასურველი ფორმით წარედგინება საჭირო ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად დაიზოგოს მათი დრო და მიღებული იქნას სრულყოფილი სამართლიანი შედეგი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანებით საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დღგ-ის ჩასათვლელი თანხის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მისთვის განკუთვნილ ვადაში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად 14.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

დღგ-ის ჩასათვლელი თანხის საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანების შესაბამისად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხები და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მისთვის განკუთვნილ ვადაში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანების აღსრულებულად მიჩნევის ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №22 ბრძანება და საჩივარი აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №22 ბრძანება;

3. საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის განსაზღვრის საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 30.05.2022 წლის №13340 ბრძანების აღსრულების შესწავლის ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.