ბრძანება N 4178
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4178
27 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----ის“ (ს/ნ -------------)
(ფაქტ. --------------------------;
იურ. მის.: ---------------------)
2024 წლის 23 და 30 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 23 იანვრის №87059/1/2024 და 30 იანვრის №87302/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №024-104 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება შემოწმებით 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვას და შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება აღნიშნულ ნაწილში დარიცხვის უსწორობა.
2. არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობას/განულებას და დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხების ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კერძოდ, იმპორტის დეკლარაციით და საგადასახადო დოკუმენტებით. აცხადებს, რომ მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციით არ შემოიფარგლება საწარმოს რეალური ხარჯი. ითხოვს გონივრულ ვადას 2012-2019 წლებზე გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომლებიც არ ფიქსირდება გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე. დამატებით აცხადებს, რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდზე საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები აღემატება შემოსავალს, სხვაობის თანხა შეადგენს 265 598 ლარს, რომელიც შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მძღოლებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება მძღოლების მივლინებაში ყოფნის ფაქტი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9255 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 დეკემბრის №32743 ბრძანება და ამავე თარიღის №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 185 349 ლარი, მათ შორის, გადასახადი 115 026 ლარი, ჯარიმა 57 513 ლარი და საურავი 12 810 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები საკუთარი ავტოტრანსპორტით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს 15 000 ლარად სატრასპორტო საშუალება (---------- იმპორტის რეჟიმში მოქცევამდე), მყიდველი შპს „-----ო“ (ს/ნ -------------) , რომელიც არ არის ასახული გადამხდელის მიერ წამოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში. მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
. გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში შპს „-----ი“ სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, ნაწილ მძღოლებზე გაცემული იქნა სამივლინებო თანხები ჯამში 27 546 ლარი, რომელიც ასევე დაკვალიფიცირდა ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 81-ე მუხლების შესაბამისად, დამფუძნებლ/დირექტორზე გაცემული თანხები/თანხის ნაწილი და მძღოლებზე გადახდილი სამივლინებო თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების თანახმად, მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადოსაფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში შპს „----ი“ სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი, დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა დამფუძნებლის ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართზომიერება. დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკევვა, რომ დაფუძნებიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე საწარმოს მიერ გამოწერილი და მიღებული დოკუმენტების, გაწეული ხარჯის, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხის გათვალისწინებით საწარმოს დარჩენილი თანხა შეადგენს 511 472.58 ლარს, შესაბამისად, ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულების კანონზომიერება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დამფუძნებლის/დირექტორისადმი გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის სრგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მძღოლები წარმოადგენენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და მათზე გაცემული თანხები განკუთვნილია სამივლინებო ხარჯებისთვის, აცხადებს, რომ მზადაა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება მძღოლების მივლინებაში ყოფნის ფაქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სამივლინებო ხარჯად გაითვალისწინოს საწარმოს მიერ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გაწეული სამივლინებო ხარჯი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----ის“ (ს/ნ -------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3.მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სამივლინებო ხარჯად გაითვალისწინოს საწარმოს მიერ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გაწეული სამივლინებო ხარჯი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება :
1. შემოწმებით 2020 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვას და შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
2.შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებების გაუთვალისწინებლობას/განულებას და დამფუძნებელზე დაბრუნებული თანხების ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3.მძღოლებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9255 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 185 349 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2020 წლის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს რეალიზებული აქვს სატრასპორტო საშუალება , რომელის ღირებულებაც არ არის ასახული გადამხდელის მიერ წამოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში. მიღებული თანხა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან,გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავებულ იქნა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დგინდება ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, ნაწილ მძღოლებზე გაცემული იქნა სამივლინებო თანხები , რომელიც ასევე დაკვალიფიცირდა ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 81-ე მუხლების შესაბამისად, დამფუძნებლ/დირექტორზე გაცემული თანხები/თანხის ნაწილი და მძღოლებზე გადახდილი სამივლინებო თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადოსაფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სამივლინებო ხარჯად გაითვალისწინოს საწარმოს მიერ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გაწეული სამივლინებო ხარჯი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა, 9 „ბ“); 101(1) ; 154(1 „ა“, 2 „ა“ და „ბ“);
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;