ბრძანება N 5462
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5462
13 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 16 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) №87787/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №056-73 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებში. პირი აცხადებს, რომ შემოწმებით გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, თუმცა გათვალისწინებული არ არის საქონლის საბოლოო ნაშთები და არასწორადაა გაანგარიშებული ფასნამატი. ასევე იმპორტირებულ საქონელზე ანაზღაურებულად ჩათვლილია მხოლოდ საქონლის საინვოისო ღირებულების 75%. მომჩივანი მიუთითებს, რომ მტკიცებულებად წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ალტერნატიულ გაანგარიშების ცხრილებსა და საქონლის მომწოდებელ კომპანიასთან გაფორმებულ შედარების აქტებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26336 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 15 ივლისიდან 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33628 ბრძანება და ამავე თარიღის №056-73 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 196 215 ლარი, მათ შორის გადასახადი 658 787 ლარი, ჯარიმა 329 485 ლარი და საურავი 207 943 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი გაეცნო საგადასახადო შემოწმების ბრძანებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, სააღრიცხვო ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ გაგზავნილ წერილს, თუმცა მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 2 372 519 ლარის სმფ-ები (დღგ-ის გარეშე), ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დეკლარირებულია 1 678 565 ლარის ოდენობით. ამავე დროს, სმფ-ის ინვენტარიზაციით საქონლის ნაშთი არ დადგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. საქონლის შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით შესაძლო გახდა რამდენიმე სმფ-ის შედარება (დასახელებების მრავალფეროვნების და სპეციფიკურობის გამო შეუძლებელია სრულად შედარება), რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ადგილობრივ შეძენებზე ძირითადად გამოყენებულია 5%-იანი ფასნამატი, ხოლო იმპორტირებულ საქონელზე 40%. შედეგად, 2 372 519 ლარის სმფ-ების (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 3 757 455 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აქედან 100 000 ლარის ღირებულების საქონელი ჩაითვალა დღგ-ის რეგისტრაციამდე რეალიზებულად, 1 980 707 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) დეკლარირებულია გადამხდელის მიერ, ხოლო დანარჩენი 1 676 748 ლარი (დღგ-ის ჩათვლით; დღგ-ის გარეშე 1 420 973 ლარი (1676748/1.18)) დაიბეგრა დამატებით. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის თანახმად.
საშემოსავლო გადასახადში დარიცხვა გამოწვეულია ორი გარემოებით. კერძოდ: 2021 წლის ნოემბერში მოგების გადასახადით დაიბეგრა 24300 ლარის დივიდენდი, მაგრამ არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, დივიდენდი უნდა დაბეგრილიყო გადახდის წყაროსთან (გადასახადი 1215 ლარი); წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საწარმოს ფულის ნაშთი არ გააჩნია. ასევე დაანგარიშდა საწარმოს ფულადი ნაშთის ოდენობა შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო შემოწმების პროცესში და საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი, ყველა რეალიზაციის და შეძენის თანხა ჩაითვალა გადახდილად (გარდა იმპორტირებული საქონლისა, სადაც ხარჯად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების 75%, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, რადგან წარმოდგენილი არ არის საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები). ვინაიდან საგადასახადო შემოწმებით ვერ დადგინდა ნაშთად არსებული თანხების საწარმოში არსებობა ან მისი სხვადასხვა დანიშნულებით გახარჯვა, ფულის ნაშთი 1 607 021 ლარი, ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან საწარმოს მიერ არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, დადგენილი ფულის ნაშთი განაწილებულ მოგებად არ იქნა განხილული და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად. სულ დამატებით დარიცხულმა საშემოსავლო გადასახადმა შეადგინა 402 970 ლარი. ასევე გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად (საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების გამო) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად (100 ლარის ოდენობით, განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია სრულად არ წარდგენის გამო).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 29 თებერვალს 11:10 სთ-ზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შემოწმებისთვის სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია და სმფ-ის ინვენტარიზაციით საქონლის ნაშთი არ დადგინდა, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ: საქონლის შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტების მიხედვით გამოვლენილი ფასნამატებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საწარმოს ფულის ნაშთი არ გააჩნდა, საქონლის ყველა რეალიზაცია და შეძენის თანხა ჩაითვალა გადახდილად, გათვალისწინებულ იქნა გაწეული ხარჯები, მათ შორის, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 75% (წარმოდგენილი არ არის საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები). ვინაიდან, საგადასახადო შემოწმებით ვერ დადგინდა ნაშთად არსებული თანხების საწარმოში არსებობა ან მისი სხვადასხვა დანიშნულებით გახარჯვა, ფულის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარუდგენია საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და არსებული დოკუმენტაცია/ინფორმაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, განხორციელებული ინვენტარიზაციით საქონლის ფაქტიური ნაშთი არ გამოვლინდა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, მართლზომიერია საწარმოს დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით, დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, ასევე მართლზომიერია იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების 75%-ის ხარჯად ჩათვლა და შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულადი სხვაობის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები ან იმგვარი არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებში.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შემოწმებისთვის სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარუდგენია და სმფ-ის ინვენტარიზაციით საქონლის ნაშთი არ დადგინდა, შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი.
იმპორტირებულ საქონელზე საინვოისო ღირებულების 75%-ის ხარჯად ჩათვლა და შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი ფულადი სხვაობის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)