გადაწყვეტილება №20356/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.11.2023
№ დოკუმენტი 20356/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20356/2/2023

08 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 23.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20356/2/2023).

 

დავის საგანი:

1. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №007-79 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №15281 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 101 041 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 64 387

დღგ - 21 911

საშემოსავლო გადასახადი - 42 413

ქონების გადასახადი - 63

ჯარიმა - 31 832

საურავი - 4 822

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2608 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №7733 ბრძანება და №007-79 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 101 041 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 4 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 ივნისის №15281 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება პარტნიორზე გაცემული დივიდენდები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 იანვრის №1305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერების თანახმად, გადასახადის გადამხდელი საქმიანობის პროცესში სალაროს არ იყენებს, ფიქსირდება მხოლოდ საქმიანობის დასაწყისში ხელფასების გაცემა სალაროდან. საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლის, გაწეული ხარჯების, დებიტორული/კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთების გათვალისწინებით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც მიჩნეული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ წარდგენილი საკითხები არ შეესაბამება წარდგენილ მასალებს და საჭიროებს დეტალურ განხილვას. შესაბამისად, ითხოვს გადასახადის გადამხდელთან ერთად ჩატარდეს საგადასახადო დავის პროცედურა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება პარტნიორზე გაცემული დივიდენდები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. მიღებული შემოსავლის, გაწეული ხარჯების, დებიტორული/კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთების გათვალისწინებით, გაანგარიშდა განკარგვადი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შესაფასებლად გადაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ აღნიშნული არ ცვლის შემოწმებით დადგენილი გარემოებებს და შესაბამისად, ვერ გახდება დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №007-79 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 101 041 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 64 387 ლარი, ჯარიმა - 31 832 ლარი და საურავი - 4 822 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება და დარღვევები უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც შეცდომა/არცოდნა. საწარმო არ აპირებდა მიზანმიმართულად გადასახადების დამალვას, ტექნიკური ხარვეზი და შეცდომა, რომლის გამოც სათანადოდ ვერ მოხდა შემოსავლის დეკლარირება და შესაბამისი გადასახადის გადახდა, მომჩივნისთვის შემოწმების დასრულების შემდგომ გახდა ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან, მითუმეტეს რომ კომპანიას შემოწმებამდე პერიოდში რაიმე სახის საგადასახადო სამართალდარღვევა არ უფიქსირდება.

მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 ივნისის №15281 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 269(7)