გადაწყვეტილება №18435/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18435/2/2022
10.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" -ის 12.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18435/2/2022).
დავის საგანი:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2022 წლის №006-189 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2022 წლის №29704 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 313 838 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 161 970
დღგ - 49 390
საშემოსავლო გადასახადი -112 580
ჯარიმა - 70 009
საურავი - 81 859
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდების საგადასახადო შემოწმება, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 13 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 16 თებერვალს, არ არის დღგ-ის გადამხდელი. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ:
1) 2018 წლის 6 სექტემბერს ფიზიკური პირისგან "-------" (პ/ნ "-------" ) შეძენილია 3 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა "-------" -ის რაიონის სოფელ "-------" -ში (საკ. კოდი "-------" ) 228 000 ლარად, რომლის რეალიზაცია მოახდინა შპს "-------" ("-------" )-ზე (ს/ნ "-------" ) 2019 წლის 22 მარტს 230 000 აშშ დოლარად, ხოლო 2019 წლის 10 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ნასყიდობის საგნის ღირებულება გახდა 250 000 აშშ დოლარი;
2) 2019 წლის 11 ივნისს შპს "-------" (ს/ნ "-------" ) შეძენილია ქ. "-------" -ში (საკ.კოდი "-------" ) მდებარე 84.9 კვ.მ კომერციული ფართი 60 000 აშშ დოლარად, რომლის რეალიზაცია მოახდინა 2019 წლის 20 ივნისს შპს "-------" -ზე (ს/ნ "-------" ) 61 500 აშშ დოლარად;
3) 2018 წლის 26 ოქტომბერს შეძენილია ქ. "-------" -ში მდებარე 30.4 კვ.მ მიწისქვეშა ავტოსადგომი, 3.04 ნიშნული, 1 500 ლარად, რომელიც გაყიდა 2019 წლის 13 მარტს ფ/პ "-------" -ზე (პ/ნ "-------" ) 1 500 ლარად;
4) 2018 წლის 26 ოქტომბერს შპს "-------" (ს/ნ "-------" ) შეძენილია, ქ. "-------" -ში მდებარე 78.1 კვ.მ კომერციული ფართი, ნიშნული 0.00 (საკადასტრო კოდი "-------" ) 3 000 ლარად, რომელიც გაყიდა 2019 წლის 20 ივნისს შპს "-------" -ზე (ს/ნ "-------" ) 54 670 აშშ დოლარად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საგადასახადო კოდექსის 156-ე, 157-ე, 161-ე და 168-ე მუხლების გათვალისწინებით, დადგინდა მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (2019 წლის 20 ივნისი), დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა, დაერიცხა დღგ - 49 390 ლარი. ასევე, საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 მაისის №12587 ბრძანება და №006-189 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.11.2022 წლის №29704 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და დღგ-ის ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების (მათ შორის საჩივარზე თანდართული მასალების) გათვალისწინებით, აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტის გაანგარიშების მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ საშუამავლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის გათვალისწინება, მის შესაბამისად აქტივის მიწოდების ფასის განსაზღვრა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.11.2022 წლის №29704 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის მიხედვით დღგ-ში დაერიცხა გადასახადი 49 390 ლარი და დღგ-ის გარეშე საქმიანობისათვის ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად 13 719 ლარი, ამასთან, მოუწია დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია 2019 წლის 20 ივნისს. ასევე, შემოწმების აქტით დაერიცხა ნამეტ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს ფიზიკური პირისგან "-------" შეძენილი აქვს 3 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა "-------" -ის რაიონ, სოფელ "-------" (ს/კ "-------" ) 228 000 ლარად (87 139.31 აშშ დოლარი, ამავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით), რომლის შეძენაში დაეხმარა შუამავალი ვლადიმერ ქავთარაძე, ასევე იგი უნდა მომხმარებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებაში, რათა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განმეხორციელებინა სასტუმროს მშენებლობა. ვინაიდან, შუამავალმა ვერ განახორციელა მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვება, შესთავაზა ნაკვეთის გაყიდვა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელიც გაფორმდა 2019 წლის 22 მარტს. აღნიშნული საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, 85 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის ან/და უძრავი ქონების მიღების შემთხვევაში სარგებელი წარმოადგენდა მის (ვლადიმერ ქავთარაძის) საშუამავლო მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული უძრავი ქონების (მიწა) რეალიზაცია განახორციელა შპს "-------" ( "-------" )–ზე 2019 წლის 22 მარტს 230 000 აშშ დოლარად შუამავალი - "-------" -ის მეშვეობით, ხოლო 2019 წლის 10 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ნასყიდობის საგნის ღირებულება გახდა 250 000 აშშ დოლარი, ასვე შუამავლის მოთხოვნით. ნასყიდობის ხელშეკრულებით წარმოშობილი მოთხოვნის ნაწილი შპს "-------" -მა გადაუხადა უძრავი ქონებით, კერძოდ, ქ. "-------" ში (საკ. კოდი "-------" ) მდებარე კომერციული ფართით 84.9 კვ. მეტრის ოდენობის, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 60 000 აშშ დოლარს (შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ 11.06.2019). აღნიშნული უძრავი ქონება, წარმოადგენდა მისი ანაზღაურების ნაწილს, ვინაიდან მოლაპარაკებით უნდა მიეღო 85 000 აშშ დოლარი, ანუ დაახლოებით იმდენი, რა თანხის ინვესტირებაც გააკეთა თავდაპირველად და ასევე, ნაღდი ფულის სახით მიიღო 25 000 აშშ დოლარი.
ქ. "-------" -ში (საკ. კოდი "-------" ) მდებარე კომერციული ფართით 84.9 კვ. მეტრის ოდენობით "-------" -ის შუამავლობით 2019 წლის 20 ივნისს მიყიდა შპს "-------" -ს (ს/ნ "-------" ) 61 500 აშშ დოლარად. გარდა ამ ფართისა, ვინაიდან შპს სფერო დეველოპმენტი დაინტერესებული იყო უძრავი ქონების ფართების შეძენით, ასევე მიყიდა საკუთრებაში არსებული ღია საპარკინგე ადგილი, რომელიც საჯარო რეესტრში ფორმალურად დარეგისტრირებული იყო როგორც კომერციული ფართი (დღევანდელი მდგომარეობითაც შეიძლება დადასტურება ადგილზე მისვლით ან/და ფოტო მასალის წარმოდგენით) 54 670 აშშ დოლარად, რომელიც შეძენილი ქონდა 2018 წლის 26 ოქტომბერს შპს "-------" -სგან (ს/ნ "-------" ) 3 000 ლარად. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დავა სასამართლოში შპს სფერო დეველოპმენტის მიმართ, რადგან აღნიშნული რეალიზაციებიდან მიღებული აქვს 12 000 აშშ დოლარი.
ითხოვს, 269-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული სანქციის გაუქმებას. ვინაიდან არცერთ შემთხვევაში არ იყო ინფორმირებული ბინის და ავტოფარეხების რეალიზაციის შედეგად თუ წარმოიშვებოდა დამატებული ღირებულების გადასახადი, რამაც გამოიწვია დარიცხვის მეთოდით ოპერაციების აღიარება. როგორც იცოდა, როცა მიიღებდა ნაღდი ფულის სახით თანხას შპს "-------" - სგან, მაშინ მოახდენდა საშემოსავლო ნაწილში სარგებლის აღიარებას და ამასთანავე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს ის გარემოება, რომ 116 170 აშშ დოლარიდან მიღებული აქვს მხოლოდ 12 000 აშშ დოლარი, რაც სასამართლო გადაწყვეტილებითაც დასტურდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, ამდენად შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.