ბრძანება N 14401

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 14401
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14401

22.06.2023

შპს „---------“ (ს/ნ --------)

(მის.: -----------)

2023 წლის 20 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) №19157/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 თებერვლის №001-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე გადარიცხული თანხის, კომპანიის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ კომპანია დაარსებიდან მალევე აღმოჩნდა თაღლითური სქემის მსხვერპლი, რუსეთის ფედერაციამ წარმოებაში არ მიიღო საქმე და კომპანია ფინანსურად საკმაოდ დაზარალდა. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია. მსხვილი გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემდეგ კონსულტაციის მიღებისას აღმოაჩინა, რომ სათანადოდ არ ჰქონდა შეფასებული არარეზიდენტის მომსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

2. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2525 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2023 წლის 23 იანვრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 17 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 21 თებერვლის №3186 ბრძანება და ამავე თარიღის №001-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 726 352 ლარი, მათ შორის, გადასახადი 390 387 ლარი, ჯარიმა 195 194 ლარი, საურავი 140 771 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერების და საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 მარტს გადასახადის გადამხდელს „------“-ზე გადარიცხული აქვს 6 560 000 რუსული რუბლი (287 511 ლარი), რაზეც არ გააჩნია არანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის, სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების შესახებ მტკიცებულებები. აგრეთვე არ არის წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი აღნიშნული თანხის უიმედო ვალად აღიარების თაობაზე. შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა სახელფასე განაცემად დაკვალიფიცირებას კომპანიის პასუხისმგებელ პირზე და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 14 ნოემბრის №28505 ბრძანებით დამტკიცებული „მსხვილ გადამხდელთა ადმინისტრირების შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად ჩატარდა შპს „--------“ საქმიანობაზე რისკის მიმოხილვის პროცედურა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის 23 იანვარს შედგენილ იქნა დასკვნა და ზემოაღნიშნული საკითხი სრულად იქნა ასახული მასში. დასკვნა იმავე დღეს გაეგზავნა გადამხდელს და მიეცა რეკომენდაცია, რომ დასკვნის შესაბამისად, 5 სამუშაო დღის ვადაში მოეხდინა შესაბამისი დეკლარაციების დაზუსტება და ბიუჯეტის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება საშემოსავლო გადასახადის კუთხით. გადასახადის გადამხდელმა დასკვნით განსაზღვრულ ვადაში არ დააკორექტირა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები და არ დააზუსტა შესაბამისი დეკლარაციები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2020 წლის 25 მარტს გადასახადის გადამხდელს „----------“-ზე გადარიცხული აქვს 6 560 000 რუსული რუბლი (287 511 ლარი), რაზეც არ გააჩნია არანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის, სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების შესახებ მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტზე გადარიცხული თანხა, რომელზეც კომპანიას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი (მათ შორის, სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების, აღნიშნული თანხის უიმედო ვალად აღიარების თაობაზე მტკიცებულები), მართლზომიერად იქნა დაკვალიფიცირებული კომპანიის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტზე გადარიცხული თანხის, კომპანიის ფულადი აქტივების განკარგვაზე პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

2. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერების და საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 მარტს გადასახადის გადამხდელს კომპანიაზე გადარიცხული აქვს 6 560 000 რუსული რუბლი (287 511 ლარი), რაზეც არ გააჩნია არანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის, სანაცვლო მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების შესახებ მტკიცებულებები. აგრეთვე არ არის წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი აღნიშნული თანხის უიმედო ვალად აღიარების თაობაზე. შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა სახელფასე განაცემად დაკვალიფიცირებას კომპანიის პასუხისმგებელ პირზე და დაიბეგრა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 73(9"ბ"), 101(1), 154(1"ა"), 43(4), 270, 272(1), 275, 269(1)(7).