ბრძანება N 6833

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2026
№ დოკუმენტი 6833
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6833

26 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 6 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 თებერვლის №26210/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 6 აგვისტოს №97407/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №021-64 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვას. განმარტავს, შემმოწმებლებისათვის წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში ასახული იყო, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით სალაროს ანგარიშიდან გარკვეული თანხის გაცემა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით. აცხადებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად განემარტა შემმოწმებელს, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა მოგების განაწილებას და პირველ რიგში ანაწილებდა 2008-2016 წლებში გამომუშავებულ მოგებას, რაზეც ეკუთვნის შესაბამისი პერიოდის გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის პირად საკუთრებაში არსებული მძიმე ტექნიკის კომპანიისთვის გადაცემა. აღნიშნული დავალიანების დაფარვა კომპანიის მიერ განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით 2020-2021 წლებში, კომპანიის შესაბამისი ფულადი საშუალებების არსებობის პერიოდში. გადაანგარიშების ეტაპზე ზემოაღნიშნული ტექნიკის კომპანიის საკუთრებაში არსებობისა და საქმიანობის პროცესში მათი გამოყენების დასტურად წარდგენილ იქნა სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული ტექნიკით მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად ხდება საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის საჭიროებებით, დანარჩენ სპეც ტექნიკებზე (ბულდოზერი, ექსკავატორი, ამწე და ა.შ.) წარდგენილ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ოფიციალური ფორმა №2-ები და სხვა დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ტექნიკის კომპანიის საკუთრებაში არსებობის პერიოდში კომპანიის მიერ ანალოგიური სახის მომსახურება არ არის მიღებული ფიზიკური თუ იურიდიული პირისაგან. ასევე, კომპანიის აღრიცხვისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მონაცემებით დასტურდება ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავისა თუ მათი მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯებიც. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტთან სიტყვიერი შეთანხმებით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული ტექნიკის საბაზრო ფასების დადგენის მიზნით, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო დარიცხული თანხის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9988 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9988 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 25 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 ივლისის №021-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 6 აგვისტოს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 ნოემბრის №24364 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 24 თებერვლის №26210/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 ნოემბრის №24364 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 თებერვლის №26210/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

„საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები არსებობდა, რომლის საფუძველზეც დავის წარმოების ეტაპზე მოხდა სპეც ტექნიკების გადაფორმება კომპანიის სახელზე. აღნიშნული კი არ არის შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია ახალი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებული არ არის, მიიჩნევს, რომ საჩივარი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად.

გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია შპს „-------“-ის დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე საბაზრო ღირებულებები. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს და არც წარმოადგენდა წარსულში კომპანიის საკუთრებას, არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. შემოწმებას მიაჩნია, რომ გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. წარმოდგენილია მხოლოდ სამხარაულის დასკვანა, რომლის მიხედვითაც დგინდება მხოლოდ ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „-------“-ის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მიხდევით, სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში სალაროში (1110 ანგარიშზე) უგროვდება ნაღდი ფული, რომელიც შემდგომში ბუღალტრული გატარებების მიხედვით, გადააქვს გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე, სულ 848 000 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად. აგრეთვე, კომპანიის მიერ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში ხორციელდება 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანებების დაფარვა ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ აღნიშნული კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვას და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ხდებოდა სალაროს ანგარიშიდან თანხის გაცემა დამფუძნებელზე დივიდენდის სახით. პირველ რიგში ანაწილებდა 2008-2016 წლებში გამომუშავებულ მოგებას, რაზეც ეკუთვნის შესაბამისი პერიოდის გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა.

საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილ თანხებთან დაკავშირებით განმარტა, რომ კომპანიას შეძენილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დამფუძნებლისა და დირექტორის სახელზე იყო რეგისტრირებული და გამოიყენებოდა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისთვის, თუმცა 2026 წლის იანვარის თვეში განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების კომპანიის სახელზე რეგისტრაცია. გადამხდელის მიერ ასევე განხორციელდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაწილი სატრანსპორტო საშუალებების ღირებულებების შეფასება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 27 მაისის №------- ექსპერტიზის დასკვნით და ასევე გამოთქვა მზაობა შეაფასებინოს დარჩენილი სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებებიც.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/გაანგარიშებები. აგრეთვე, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებები (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2024 წლის 27 მაისის №------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/გაანგარიშებები, აგრეთვე, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებები (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2024 წლის 27 მაისის №------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა.

2. კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს მიეცა გონივრული ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად.

გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე საბაზრო ღირებულებები. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ წარმოადგენს და არც წარმოადგენდა წარსულში კომპანიის საკუთრებას, არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. შემოწმებას მიაჩნია, რომ გადაანგარიშების მსვლელობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი არსებითი მტკიცებულება გარდა სიტყვიერი განმარტებისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. წარმოდგენილია მხოლოდ სამხარაულის დასკვანა, რომლის მიხედვითაც დგინდება მხოლოდ ქონების მიმდინარე საბაზრო ღირებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, გაუნაწილებელი მოგების ანგარიშზე ასახული თანხის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/გაანგარიშებები, აგრეთვე, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გაითვალისწინოს კომპანიის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;