ბრძანება N 16679

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.07.2025
№ დოკუმენტი 16679
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16679

25 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------------)

(მის.: ---------------------------------------)

2025 წლის 8 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------------) 2025 წლის 8 ივლისის №96673/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №002-92 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას. აღიარებს მასზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერებას და აცხადებს, რომ დარიცხვა გამოწვეულია გამოცდილების ნაკლებობითა და უნებლიე შეცდომებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აპრილის №6916 და 2025 წლის 5 მაისის №8747 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის პირველი ივლისის №14412 ბრძანება და ამავე თარიღის №002- 92 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 234 006 ლარი, მათ შორის, გადასახადი 121 031 ლარი, ჯარიმა 90 182 ლარი, საურავი 22 791 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------------) გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 30 ივლისიდან. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტებები და მიღება-ჩაბარების აქტები). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა პურის წარმოება. კომპანია მომხმარებლებთან ანგარიშსწორებას ახდენდა ბანკით და პოსტერმინალით, აგრეთვე, ჩგდ-ების მეშვეობით. გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატი არ ჰქონდა რეგისტრირებული. პოსტერმინალით მიღებული შემოსავალი ფიქსირდებოდა მხოლოდ 2022 წელს და შეადგენდა 2 480 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად 2-ჯერ იქნა გამოთხოვილი დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და წარმოუდგენლობის გამო დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279 -ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ხოლო, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ვერ დადგინდა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებით მიღებული შემოსავლის ოდენობა. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 191 325 ლარს, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული იყო 1 340 822 ლარის პური და ნაზუქი. ამავე საანგარიშო პერიოდში არ ფიქსირდებოდა გადახდის წყაროსთან დაკავებული განაცემები (ხელფასი, დივიდენდი, მომსახურება, სხვა). წარდგენილი იყო ნულოვანი მოგების, საშემოსავლოს და ქონების გადასახადის დეკლარაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის აუდირებული საწარმოს წარმოების კალკულაციების შესაბამისად (50%), ხოლო დარჩენილი შეძენილი სმფ-ები ჩაითვალა შეძენის საანგარიშო პერიოდებში საცალოდ რეალიზებულად ანალოგიური პროდუქციის აუდირებული ფასნამატით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის ანალიზით დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში დაუბეგრავი დოკუმენტების რისკის საფუძველზე დარიცხული იყო გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტებში ასახულ და დეკლარირებულ დღგ-ის შორის სხვაობა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

●ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ. დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. გადამხდელის მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები ჩაითვალა 0-ად და დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარაციებში დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში არ იყო ასახული 2024 წლის ივნისის და 2025 წლის მარტის თვეებში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ 64 714 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა 2024 წლის ივნისის და 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6916 და №8747 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №14412 ბრძანება და №002- 92 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 234 006 ლარი, მათ შორის, გადასახადი 121 031 ლარი, ჯარიმა 90 182 ლარი, საურავი 22 791 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანია მომხმარებლებთან ანგარიშსწორებას ახდენდა ბანკით და პოსტერმინალით, აგრეთვე, ჩგდ-ების მეშვეობით. გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატი არ ჰქონდა რეგისტრირებული. პოსტერმინალით მიღებული შემოსავალი ფიქსირდებოდა მხოლოდ 2022 წელს და შეადგენდა 2 480 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად 2-ჯერ იქნა გამოთხოვილი დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და წარმოუდგენლობის გამო დაჯარიმდა ამავე კოდექსის 279 -ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ხოლო, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ვერ დადგინდა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებით მიღებული შემოსავლის ოდენობა. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 191 325 ლარს, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული იყო 1 340 822 ლარის . ამავე საანგარიშო პერიოდში არ ფიქსირდებოდა გადახდის წყაროსთან დაკავებული განაცემები . წარდგენილი იყო ნულოვანი მოგების, საშემოსავლოს და ქონების გადასახადის დეკლარაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის ანალიზით დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა საანგარიშო პერიოდებში დაუბეგრავი დოკუმენტების რისკის საფუძველზე დარიცხული იყო გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტებში ასახულ და დეკლარირებულ დღგ-ის შორის სხვაობა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ. დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. გადამხდელის მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები ჩაითვალა 0-ად და დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარაციებში დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში არ იყო ასახული 2024 წლის ივნისის და 2025 წლის მარტის თვეებში განხორციელებულ იმპორტზე გადახდილი დღგ 64 714 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა 2024 წლის ივნისის და 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);