გადაწყვეტილება №23150/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23150/2/2024
14 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23150/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საქონლის ნაშთები და ფასნამატი;
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 აგვისტოს №007-236 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 მაისის №11258 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 478 033,44 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 264 689
დღგ - 153 680
მოგების გადასახადი - 372
საშემოსავლო გადასახადი - 110 637
ჯარიმა - 129 701
საურავი - 83 643,44
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა წვრილი სამშენებლო მასალების (მილები, ელექტროდები, საკეტები) შეძენარეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.08.2023 წლის №21177 ბრძანება და №007-236 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26932 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის №21352/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 2024 წლის 9 თებერვლის №21352/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი, და 2024 წლის 15 მაისის №11258 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საქონლის ნაშთები და ფასნამატი
ფაქტების აღწერა
მომჩივანი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები. უფიქსირდება, როგორც დოკუმენტური, ასევე, საცალო რეალიზაციები. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვაში შეადგენს 19%.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში (წლების ჭრილში) გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის სრული თვითღირებულება. სრული რპთ-დან გამოყოფილი იქნა დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მხოლოდ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ფასნამატი, წლების ჭრილში პროდუქციის სახეობებისა და ჯგუფების მიხედვით.
შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების დადგენისას საქონლის მოძრაობის ცხრილები აწყობილია შემმოწმებელი აუდიტორის მიერ, წლების ბოლოს ნაშთად ჩაითვალა ის მონაცემები, რაც ბუღალტერმა მიაწოდა შემმოწმებლებს აუდიტორის მოთხოვნით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საქონლის ნაშთად ჩაითვალა 345 540 ლარი, რეალურად კი 28.02.2023 წ. საქონლის ნაშთი გააჩნდა დაახლოებით 528 000 ლარის თვითღირებულებით.
შემოწმების აქტშიც აღნიშნულია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ბუნებრივია წლის ბოლოს არ იყო ინვენტარიზაცია ჩატარებული და არც საქონლის მოძრაობის კონტროლი არ მიმდინარეობდა. მიწოდებული ციფრები წლების ბოლოს საქონლის ნაშთის შესახებ არის მცდარი, ბუღალტრის გამოუცდელობით გაუანალიზებლად მომზადებული და ამ ციფრებზე საქონლის მოძრაობის აწყობა და დამატებითი შემოსავლების დადგენა, დარიცხვების განხორციელება არ არის სამართლიანი. ასევე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისას სასაქონლო ჯგუფების შედგენასა და ფასნამატის განსაზღვრისას დაშვებულია სხვადასხვა ტექნიკური უზუსტობა.
2023 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის მიერ საკონტროლო შესყიდვა. ოქმი №831441 დაფიქსირებული საქონლის სარეალიზაციო ფასების მიხედვით ფასნამატი ბევრად ნაკლებია ვიდრე შემმოწმებლების მიერ გაანგარიშების ცხრილებში მითითებული დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი რაზეც მოხდა დასარიცხი თანხების გაანგარიშება. წარმოადგენს ცხრილს სადაც გამოანგარიშებული აქვს შეთავაზებისას დაფიქსირებული ფასების ფასნამატი.
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება. დაევალოს აუდიტორებს ხელახლა გადაიანგარიშონ ფასნამატი და საქონლის ნაშთები გადამხდელის კვალიფიციური წარმომადგენლის ჩართულობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან უსასყიდლოდ მიიღონ მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია. ასევე მართებულია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება.
მომჩივნის არგუმენტი, რომ მიწოდებული ციფრები წლების ბოლოს საქონლის ნაშთის შესახებ არის მცდარი, ბუღალტრის გამოუცდელობით გაუანალიზებლად მომზადებული და ამ ციფრებზე საქონლის მოძრაობის აწყობა და დამატებითი შემოსავლების დადგენა, დარიცხვების განხორციელება არ არის სამართლიანი, ასევე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისას სასაქონლო ჯგუფების შედგენასა და ფასნამატის განსაზღვრისას დაშვებულია სხვადასხვა ტექნიკური უზუსტობა, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) და ასევე გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) და ასევე, გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავალი საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი პირველ დავის საგანზე წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე არ ეთანხმება ამ ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საქონლის ნაშთები და ფასნამატი;
2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი მეთოდების გამოყენება საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია. ასევე მართებულია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. მომჩივნის არგუმენტი, რომ მიწოდებული ციფრები წლების ბოლოს საქონლის ნაშთის შესახებ არის მცდარი, ბუღალტრის გამოუცდელობით გაუანალიზებლად მომზადებული და ამ ციფრებზე საქონლის მოძრაობის აწყობა და დამატებითი შემოსავლების დადგენა, დარიცხვების განხორციელება არ არის სამართლიანი, ასევე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისას სასაქონლო ჯგუფების შედგენასა და ფასნამატის განსაზღვრისას დაშვებულია სხვადასხვა ტექნიკური უზუსტობა, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
2. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად განხილული საქონლიდან (მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით) და ასევე, გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავალი საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანი პირველ დავის საგანზე წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე არ ეთანხმება ამ ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“„ბ“); 275.