ბრძანება N 12691

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.06.2026
№ დოკუმენტი 12691
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12691

10 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 21 აპრილისა და 21 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 მაისისა და 4 ივნისის სხდომებზე (ოქმი №41 და №47) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 21 აპრილის №101879/1/2026 და 21 მაისის №102500/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აპრილის №041-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი და კომპანია არ ყოფილა დაჯარიმებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისთვის.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22869 და 2026 წლის 25 მარტის №6541 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 27 იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 3 აპრილის №7730 ბრძანება და ამავე თარიღის №041–22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 323 827 ლარი, მათ შორის გადასახადი 205 830 ლარი, ჯარიმა 109 982 ლარი და საურავი 8 015 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

● შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობაა ავტომანქანის სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა, -------. გადამხდელს იმპორტის გზით შემოაქვს ავტონაწილები ------- და ახდენს მათ რეალიზაციას საცალოდ. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა გაანგარიშებები ექსელის ფაილებში შეძენილ მარაგებსა და გაწეულ სხვადასხვა ხარჯზე. გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესით, ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით. ამასთან, საწარმოს დეკლარირებული მონაცემებისა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ანალიზით დადგინდა, რომ პროდუქცია რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო რეალური დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ დასაბეგრი ბრუნვების დასადგენად გამოიყენა გადამხდელთან 2024 წლის 19 ივნისს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალები, საიდანაც დადგინდა საშუალო ფასნამატი 27%, რომელიც გავრცელდა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2025 წლის და 2026 წლის იანვარ-თებერვლის თვეების საანგარიშო პერიოდებზე გავრცელდა 2026 წლის 2 მარტს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რამაც შეადგინა 41%. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ის დეკლარაციები და დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. (ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გადამხდელის საკონტროლოსალარო აპარატის ანალიზით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე შეადგენდა 2 863 953 ლარს, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენდა 2 142 642 ლარს).

● შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი ბრუნვების შედეგად არსებული თანხა (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა სალაროში მიღებულ ფულად, რასაც გამოაკლდა შეძენილი სასააქონლომატერიალური მარაგების ღირებულება, გადახდილი ხელფასები, გადახდილი გადასახადები, გაწეული სხვა ხარჯი, როგორც მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით, ხოლო სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონით დადგენილი წესით. ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით. ამასთან, საწარმოს დეკლარირებული მონაცემებისა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ანალიზით დადგინდა, რომ პროდუქცია რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლითაც არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ფასნამატთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შედგენილია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დოკუმენტური საშუალო ფასნამატი არსებითად ნაკლებია შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატზე. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს „პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითებით (დანართი №10) და საცალო რეალიზაციაზე გავრცელდეს კომპანიის მიერ გაანგარიშებული და საკონტროლო შესყიდვის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი (ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 19%). ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივანი, ასევე, ითხოვს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შემცირებასაც. დამატებით მიუთითებს, რომ შპს „-------“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2025 წლის 21 ოქტომბრის №22869 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2026 წლის 25 მარტის №6541 ბრძანებას გაეცნო 2026 წლის 27 მარტს, როცა აუდიტორი დაუკავშირდა. შემმოწმებლის მიერ მოთხოვნილი იყო საკონტროლო შესყიდვის აქტში არსებული პროდუქციის თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ვინაიდან ეს პერიოდი დაემთხვა წლიურ დეკლარაციას, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება გადამხდელის მხრიდან მოხდა 2026 წლის პირველ აპრილს, თუმცა ინფორმაციის მიწოდებამდე იყო საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია, მაგრამ ფასნამატის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირ მეთოდის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

2. ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობაა ავტომანქანის სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა. გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესით, ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით. ამასთან, საწარმოს დეკლარირებული მონაცემებისა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ანალიზით დადგინდა, რომ პროდუქცია რეალიზებული იყო თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო რეალური დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ დასაბეგრი ბრუნვების დასადგენად გამოიყენა გადამხდელთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალები, საიდანაც დადგინდა საშუალო ფასნამატი. გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ის დეკლარაციები და დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილი დასაბეგრი ბრუნვების შედეგად არსებული თანხა ჩაითვალა სალაროში მიღებულ ფულად, რასაც გამოაკლდა შეძენილი სასააქონლომატერიალური მარაგების ღირებულება, გადახდილი ხელფასები, გადახდილი გადასახადები, გაწეული სხვა ხარჯი, როგორც მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე, საბანკო ამონაწერის მიხედვით, ხოლო სალაროში ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია, მაგრამ ფასნამატის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164