ბრძანება N 25213
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25213
03 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ააიპ „---------ს“ (ს/ნ ----------------)
(მის.: ----------------------------------)
2026 წლის 20 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს და 29 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №-; №-) განიხილა ააიპ „---------ს“ (ს/ნ ----------------) №27820/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №005-147 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივნისის №12743 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ააიპ „---------ს“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14766 ბრძანება და 2 ივლისის №005-147 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 96 545 ლარი:
მათ შორის:
დღგ - 64 174
ჯარიმა - 17 827
საურავი - 14 544
საკითხი №1.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „----“ დაფუძნებიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ ყოფილა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატელევიზიო პროგრამების შექმნისა და ტელემაუწყებლობის საქმიანობები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 24 ნოემბერს. გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავს. 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 356 560 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ამავე კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, პირს დამატებით დაერიცხა დღგ 64 174 ლარის ოდენობით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად 17 827 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობა თავიდანვე მიმართული იყო კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელებისკენ. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ატარებდა პროექტ „----ს“, რომლის განხორციელების მიზნითაც მუნიციპალიტეტები ორგანიზაციას ურიცხავდნენ შესაბამის დაფინანსებას. ყველა თანხა მიღებულია ოფიციალურად, მუნიციპალიტეტებიდან, საბანკო ანგარიშზე, კანონით დადგენილი წესით. შემოსავლები ყოველთვის იყო იდენტიფიცირებადი და სრულად ასახული საბანკო მოძრაობაში. საგადასახადო შემოწმების პროცესში ორგანიზაციამ სრულად ითანამშრომლა შემოსავლების სამსახურთან, წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, არ შეუქმნია დაბრკოლება შემოწმებისთვის და კეთილსინდისიერად მონაწილეობდა შემოწმების ყველა ეტაპზე, რაც თავად საგადასახადო შემოწმების აქტშიც არის აღნიშნული. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საზოგადოებრივი მნიშვნელობა, არაკომერციული მიზნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული დღგ-ის თანხის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,გადასახადისგადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების პროცესში ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიღებული თანხებისა და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვების შედეგად. შემოსავლების სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ატარებდა პროექტ „--------“, რომლის განხორციელების მიზნითაც მუნიციპალიტეტები ორგანიზაციას ურიცხავდნენ შესაბამის დაფინანსებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს შემოწმების ფარგლებში არსებული ხელშეკრულებები/დოკუმენტები და თუ დადასტურდება, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია პროექტის დაფინანსების მიზნით, დაფინანსება წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კულტურული საქმიანობის მხარდაჭერას ან კომერციული აქტივობის ხელშეწყობას (ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), მიღებული ანაზღაურება (სუბსიდია/დაფინანსება) არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საკითხი №2.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. აღნიშნავს, რომ საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციას არასოდეს ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაზიანების ან საგადასახადო ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის მიზანი. საქართველოს საგადასახადო კოდექსი ეფუძნება კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საქმის განხილვისას გამოყენებულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპები, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის სასარგებლოდ და გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა),რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის სანქციისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი კომისიის სხდომის ოქმის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №005-147 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ააიპ „---------ს“ (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს შემოწმების ფარგლებში არსებული ხელშეკრულებები/დოკუმენტები და თუ დადასტურდება, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია პროექტის დაფინანსების მიზნით, დაფინანსება წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კულტურული საქმიანობის მხარდაჭერას ან კომერციული აქტივობის ხელშეწყობას (ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), მიღებული ანაზღაურება (სუბსიდია/დაფინანსება) არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. ააიპ „---------ი“ (ს/ნ ----------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №005-147 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12743 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14766 ბრძანება და №005-147 საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაფუძნებიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე არ ყოფილა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატელევიზიო პროგრამების შექმნისა და ტელემაუწყებლობის საქმიანობები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 24 ნოემბერს. გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავს. 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 356 560 ლარი.შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ამავე კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების თანახმად, პირს დამატებით დაერიცხა დღგ 64 174 ლარის ოდენობით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად 17 827 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს შემოწმების ფარგლებში არსებული ხელშეკრულებები/დოკუმენტები და თუ დადასტურდება, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია პროექტის დაფინანსების მიზნით, დაფინანსება წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კულტურული საქმიანობის მხარდაჭერას ან კომერციული აქტივობის ხელშეწყობას, მიღებული ანაზღაურება არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის №005-147 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1.2); 269(7); 282(1);