ბრძანება N 18629

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 18629
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18629

31 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ ---------)

(მის.: -----------)

2023 წლის 27 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ივლისის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „--------” (ს/ნ -------) 2023 წლის 27 იანვრის №14307/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №021-149 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას. აცხადებს, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საოფისე პროგრამა EXCEL-ის ცხრილების საშუალებით, გააჩნია თვეების მიხედვით სმფ-ების შეძენის და რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები, აღრიცხულია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ყოველთვიურად მუშავდება საბანკო და სალარო ანგარიშები, ხდება შეძენილი სასაქონლო პროდუქციის შემოსავლად აღიარება, სმფ-ები აღირიცხება პერიოდული აღრიცხვის მეთოდით, ყოველი დღის ბოლოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ ხდება ნაშთად არსებული სმფ-ების ნაშთების აღრიცხვა და მისი ბუღალტრულად დაფიქსირება, წარმოებულ პროდუქციაზე ხორციელდება საჭირო ნედლეულის და მასალების ჩამოწერა კალკულაციების მიხედვით, რომელიც საწარმოს გააჩნია 85 დასახელების პროდუქციაზე, მათ შორის 36 დასახელების პროდუქციაზე კალკულაციები, ხოლო 20 სახის ნედლეულზე და მასალებზე გამოსავლიანობის ნორმები დამტკიცებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშომლების მიერ, რაზედაც გააჩნია ჩატარებული მონიტორინგის აღრიცხვის ჟურნალები. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სხვადასხვა ობიექტებზე ჩატარებულია 13 საკონტროლო შესყიდვა, რომლის დროსაც სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, ამავე პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე აქვს მხოლოდ ერთი გაფრთხილება. საბუღალტრო აღრიცხვის ნათელი მაგალითია ის, რომ შემმოწმებლებმა სწორედ გადამხდელის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და ბუღალტრული ჩანაწერების გამოყენებით დაადგინეს თითოეული დასახელების პროდუქციაზე თვითღირებულება.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მაისის №12229 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს “------” (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33781 ბრძანება და ამავე თარიღის №021-149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 245 022 ლარი, მათ შორის, გადასახადი 693 623 ლარი, ჯარიმა 345 563 ლარი, საურავი 205 836 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ხორც-პროდუქტების, გაყინული ნახევარფაბრიკატების, სალათების/ფხალეულის, ცომეული და საკონდიტრო ნაწარმის წარმოება-რეალიზაცია, ასევე სოფლის მეურნეობის და სხვა საკვები პროდუქციის შეძენა-რეალიზაცია ქ. ------- 5 საფირმო მაღაზიიდან. საწარმოს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, კერძოდ გახარჯული მასალის, რეალიზებული სმფ-ების დათვლა ხდება საწყობში არსებული საბოლოო ნაშთების საფუძველზე. კერძოდ: 1) საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ არის აღრიცხული წარმოებული საქონლის რაოდენობა და წარმოებაზე გახარჯული მასალები; 3) ფიქსირდება 1 ჯარიმა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის; 4) ამასთან გადასახადის გადამხდელთან 01.08.2014-01.01.2017 საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომლის მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მონიტორინგი და საკონტროლო შესყიდვა) და დადგენილი იქნა დეკლარირებულზე არსებითად მეტი ფასნამატი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის წარმოებული პროდუქციის ფასნამატის დასადგენად გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (მათ შორის, წინა შემოწმებისას ჩატარებული მონიტორინგის პროცედურის და დაკვირვების შედეგები), რომლის მიხედვით განსაზღვრული იქნა წარმოების სხვადასხვა ჯგუფის ფასნამატი. მაღაზიის ნაწილში გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი. შემოსავლის გაანგარიშებისას მთლიანი რპთ-დან გამოყოფილი იქნა დოკუმენტური რპთ. შედეგად არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები გაანგარიშდა წლის ჭრილში (გადამხდელის მიერ წარმოდგებილი სმფ-ს საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით) შესაბამის ჯგუფზე მიკუთვნებული ფასნამატის გათვალისწინებით. ასევე, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მუყაოს ყუთების შეძენა/რეალიზაცია, რაც არ მონაწილეობს დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებში, შემოწმებით გაანგარიშებული ყუთების რპთ-ზე გავრცელებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი (16%), ზემოაღნიშნულის მიხედვით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლის შემდგომ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია გადასახადის დამატებით დარიცხვა, როგორც ძირითად ნაწილში, ასევე ჯარიმის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, შემოწმებით დეკლარირებულ შემოსავლებსა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ შემოსავლებს შორის სხვაობა, ჩაითვალა მიღებულ საკომპენსაციო თანხად (გადამხდელის მიერ დებიტორული დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით) და შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს არ აქვს საბუღალტრო პროგრამა, კერძოდ გახარჯული მასალის, რეალიზებული სმფ-ების დათვლა ხდება საწყობში არსებული საბოლოო ნაშთების საფუძველზე, საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ არის აღრიცხული წარმოებული საქონლის რაოდენობა და წარმოებაზე გახარჯული მასალები, ფიქსირდება 1 ჯარიმა საკონტროლოსალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, ამასთან გადასახადის გადამხდელთან 01.08.2014-01.01.2017 წლების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომლის მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები (მონიტორინგი და საკონტროლო შესყიდვა) და დადგენილი იქნა დეკლარირებულზე არსებითად მეტი ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებამ სმფ-ები დაჰყო კატეგორიებად და გაავრცელა მასზე წინა შემოწმების დროს გამოყენებული ფასნამატები. განმარტავს, რომ 2014-2017 წლებში ქ. ------- ფუნქციონირებდა მსგავსი პროფილის რამდენიმე საწარმო შეზღუდული ასორტიმენტით, ხოლო დღეის მდგომარეობით მათი რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს. მზა ნაწარმის განყოფილებაში შემმოწმებლებს შეყვანილი აქვთ როგორც ფხალეული, ასევე სხვადასხვა სალათები და მასში სალათების წილი ძალიან უმნიშვნელოა, ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა ფხალეულს, მათში შემავალი ინგრედიენტებიდან გამომდინარე 241 %-იანი ფასნამატი წარმოუდგენლად მაღალია. ასევე მაღალია 164 %-იანი ფასნამატის გავრცელება ძეხვეულზე, რომლის თვითღირებულების გაანგარიშების დროს შემმოწმებლებს არ აქვთ გათვალისწინებული შესაფუთი გარსაცმის ღირებულება. შემმოწმებლებმა ასევე არ გაითვალისწინეს პანდემიის პერიოდი, რა დროსაც შემცირებული იყო რეალიზაცია და დაბალი იყო რენტაბელობის მაჩვენებელი. შემოწმების მიერ ასევე გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი, თუმცა საქონლის სარეალიზაციო ობიექტებს (მაღაზიებს) საქონელი ეწერებათ ზედნადებების საშუალებით, რომლებშიც მითითებულია საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასები, შესაბამისად, შემმოწმებლებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ დამატებით ახალი ფასნამატის გავრცელების. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ დაბეგრილია შეძენილი და სხვადასხვა ნაწარმის შესაფუთად გამოყენებული მუყაოს ყუთები, რომელზეც გადავრცელებულია 16 %-იანი დოკუმენტური ფასნამატი, თუმცა 2021 წლის დეკემბრამდე ყუთები არ იყიდებოდა და მათი ღირებულება ჩართული იყო საქონლის სარეალიზაციო ფასში, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან, როდესაც მკვეთრად გაიზარდა აღნიშნული მუყაოს ყუთების შეძენის ფასები, ხდებოდა მისი რეალიზაცია, რაც ფიქსირდება საწარმოს ობიექტებზე ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის აქტებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის ფასნამატის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის წარმოებული პროდუქციის ფასნამატის დასადგენად გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (მათ შორის, წინა შემოწმებისას ჩატარებული მონიტორინგის პროცედურის და დაკვირვების შედეგები), რომლის მიხედვით განსაზღვრული იქნა წარმოების სხვადასხვა ჯგუფის ფასნამატი. მაღაზიის ნაწილში გამოყენებული იქნა აუდირებული ფასნამატი. ზემოაღნიშნულის მიხედვით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გაიზარდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია გადასახადის დამატებით დარიცხვა, როგორც ძირითად ნაწილში, ასევე ჯარიმის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, შემოწმებით დეკლარირებულ შემოსავლებსა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ შემოსავლებს შორის სხვაობა, ჩაითვალა მიღებულ საკომპენსაციო თანხად (გადამხდელის მიერ დებიტორული დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით) და შესაბამისად დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების, მათ შორის ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 43(4), 73, 2(2), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა").

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").