გადაწყვეტილება №20977/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.12.2023
№ დოკუმენტი 20977/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20977/2/2023

25 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 3.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20977/2/2023).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №125-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22912 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 22 335 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 12 825

დღგ - 5 741

საშემოსავლო გადასახადი - 7 084

ჯარიმა - 8 373

საურავი - 1 137

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.10.2009 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 1.08.2021 წელს. 1.01.2021 წლამდე იყო მცირე მეწარმედ რეგისტრირებული, ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ სტატუსი შეიცვალა და გახდა ინდ. მეწარმე. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას აფიქსირებს სალარო აპარატის საშუალებით. გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოსავლების განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მოხდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაყოფა საქონლის კატეგორიების მიხედვით, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელია დოკუმენტური ფასნამატის დადგენა, საგადასახადო შემოწმებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მახლობელ ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის შემოწმებით დადგენილი ფასნამატი, იგივე კატეგორიების მიხედვით.

შედეგად საშუალო ფასნამატმა თამბაქოს ნაწარმზე შეადგინა 2%. წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ასევე, საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხების შორის. შემოწმებით ასევე გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №125-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22912 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ასევე არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, საგადასახადო შემოწმებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის შემოწმებით დადგენილი ფასნამატი, რის შედეგადაც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა და რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე მიმდებარე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული საწარმოს ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №125-16 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული დარიცხვა გამოწვეულია იმით, რომ არასწორად იქნა გამოყენებული რეალიზებული საქონლის ფასნამატი. შემოწმების აქტში დაფიქსირებული რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი ბევრად დიდია რეალურ ფასნამატზე.

თამბაქოს მაღაზიაში ძირითადად ხდება საბითუმო რეალიზაცია. 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით იყო მცირე მეწარმე. 2021 წლის იანვრიდან არის ინდ. მეწარმე და 1.08.2021 წლიდან დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. პირველი აგვისტოს მდგომარეობით, მაღაზიაში არსებული ნაშთის ჩათვლა მოხდა ეტაპობრივად. მაღაზიაში გაყიდვა ხდება მხოლოდ სალაროს ჩეკებით (ნაღდი ანგარიშსწორებით), რადგან მყიდველის მიერ არ ხდება სასაქონლო ზედნადების გამოწერის მოთხოვნა, არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. პერიოდულად ხდება მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების აღწერა, რის მიხედვითაც, ხდება საქონლის ჩამოწერა თვითღირებულებით. 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით, რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი გამოვიდა 1,7%-მდე, ხოლო 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით 0,7%-მდე (რაც გამოწვეულია 2022 წლის პერიოდში თამბაქოს ფასების ხშირი მატებით).

შესამოწმებელ პერიოდში, მიმდინარე წლის 21 აპრილს, 12 სახეობის პროდუქციაზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა (შერჩევითი ინვენტარიზაცია), გაყიდული პროდუქციის ფასნამატის დასადგენად, რის შედეგადაც საშუალო ფასნამატი გამოვიდა 1%-დან 1,2%-მდე, თუმცა როგორც შემმოწმებელმა აუხსნა სხვა მოქმედი მაღაზიების აუდირებულ ფასანამატზე დაყრდნობით გაავრცელეს შესამოწმებელ პერიოდზე 2%-მდე ფასნამატი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც მიუღებელია. გათვალისწინებული უნდა იქნას შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ფასნამატი და მოხდეს პროცენტის დაწევა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას აფიქსირებს სალარო აპარატის საშუალებით. გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მომჩივანს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და შეუძლებელია დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. საგადასახადო შემოწმებით რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქონლის უმეტესი ნაწილი იყო საბითუმოდ რეალიზებული. სავაჭრო ობიექტზე განხორციელებულია საკონტროლო შესყიდვა და განსაზღვრულია შესაბამისი ფასნამატი. საკონტროლო შესყიდვა განხორციელებულია რეალიზაციაში არსებულ უმეტესი სახეობის სიგარეტზე.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია საკონტროლო შესყიდვა, რეალიზაციის იმ ნაწილზე, რომელიც საგადასახადო შემოწმების დროს მიჩნეულია საბითუმო რეალიზაციად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გაავრცელოს საკონტროლო შესყიდვის შედეგად დაფიქსირებული შესაბამისი ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). რაც შეეხება საცალოდ რეალიზებულად მიჩნეული სიგარეტის სარეალიზაციო ფასს, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზემოთ ხსენებული ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით (თუ არ აჭარბებს შემოწმებით დადგენილ ფასს და არ იქნება ნაკლები დეკლარირებულ მონაცემზე) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22912 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ აგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, რაც მიუღებელია. გათვალისწინებული უნდა იქნას შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ფასნამატი და მოხდეს პროცენტის დაწევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით.მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 26.10.2009 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 1.08.2021 წელს. 1.01.2021 წლამდე იყო მცირე მეწარმედ რეგისტრირებული, ხოლო 1.01.2021 წლის შემდეგ სტატუსი შეიცვალა და გახდა ინდ. მეწარმე. გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას აფიქსირებს სალარო აპარატის საშუალებით. გადამხდელს არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოსავლების განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შედეგად საშუალო ფასნამატმა თამბაქოს ნაწარმზე შეადგინა 2%. გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.შემოწმებით ასევე გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულია საკონტროლო შესყიდვა, რეალიზაციის იმ ნაწილზე, რომელიც საგადასახადო შემოწმების დროს მიჩნეულია საბითუმო რეალიზაციად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გაავრცელოს საკონტროლო შესყიდვის შედეგად დაფიქსირებული შესაბამისი ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

რაც შეეხება საცალოდ რეალიზებულად მიჩნეული სიგარეტის სარეალიზაციო ფასს, საბჭო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით წლების და სახეობების მიხედვით თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე დადგენილ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზემოთ ხსენებული ბრძანებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

61(3), 73(5),102,159,164.