გადაწყვეტილება №18780/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18780/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18780/2/2023

24.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ -ს 31.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18780/2/2023).

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის №047-17 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33535 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 831 716,57 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 527 039

დღგ - 409 965

საშემოსავლო გადასახადი - 117 074

ჯარიმა - 275 253

საურავი - 29 424,57

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს „--------“ საქმიანობას წარმოადგენს სიგარეტით და სხვადასხვა სახის თამბაქოთი ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტის შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 8.01.2020 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. 2020-2022 წლების საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს უფიქსირდება საბითუმო ვაჭრობა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ები დაიყო ორ კატეგორიად: თამბაქოს შემცველი პროდუქცია და სხვა საქონელი. სიგარეტსა და თამბაქოს შემცველ პროდუქციაზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 1%. მეორე კატეგორიის საქონელზე, რომლის წილიც მთლიან შეძენებში არის 0.2% დოკუმენტური რეალიზაციის არ არსებობის გამო გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 17%. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. აღნიშნული სხვაობით გაიზარდა დღგ-ის ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი. აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები (მ.შ ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები 392 244 ლარის ოდენობით), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ხარჯების გამოკლებით შესამოწმებელ პერიოდში განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2022 წლის №047-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33535 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ დადგენილი ფასნამატის ხარჯზე მისაღები დამატებითი თანხები შემოწმებით უსაფუძვლოდ არის დათვლილი, ჯერ დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი ხოლო შემდგომ მიჩნეულია გაცემულ ხელფასად. აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ფაქტობრივად მიღებული თანხები. განსახილველ შემთხვევაში კი გადამხდელს მიღებულად ეთვლება თითქოსდა გადასახდელი საშემოსავლო გადასახადიც. გადამხდელის განმარტებით, განხორციელებული დარიცხვის მიხედვით გამოდის, რომ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი მომჩივნისთვის არ წარმოადგენს ხარჯს. მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მათი ინფორმაციით თანხების ხელფასად განხილვა და დაბეგვრა განხორციელებულია მეთოდური მითითების მიხედვით, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა 22.10.2021 წელს და ამოქმედდა 2017 წლის პერიოდიდან. გადამხდელი უთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონზე და აცხადებს, რომ აღნიშნულით მძიმდება გადამხდელის მდგომარეობა. მისი განმარტებით, გაანგარიშებებში არ არის გათვალისწინებული ამავე მეთოდური მითითებით განსაზღვრული სალაროს გონივრული ნაშთის თანხები. გადამხდელი აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ თანხებს არ ეთანხმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20.05.2022 წლის №1/2/876 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. აგრეთვე, საკითხის ზეპირ მოსმენაზე გადამხდელმა განმარტა,რომ იგი არ ეთანხმება განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნა, რომ საწარმოს ჰქონდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილზე ნაკლები ფასნამატი, თუმცა მათ მიერ არ ხდებოდა საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სიგარეტსა და თამბაქოს შემცველ პროდუქციაზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 1%, ხოლო მეორე კატეგორიის სხვა საქონელზე გამოყენებულია აუდირებული ფასნამატი 17%-ის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის, მათ შორის საჩივარში ასახული არგუმენტაციის, დამადასტურებელი მტკიცებულებები. ზემოაღნიშნული ნორმებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ასევე,არ ეთანხმება განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ები დაიყო ორ კატეგორიად: თამბაქოს შემცველი პროდუქცია და სხვა საქონელი. სიგარეტსა და თამბაქოს შემცველ პროდუქციაზე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 1%. მეორე კატეგორიის საქონელზე, რომლის წილიც მთლიან შეძენებში არის 0.2% დოკუმენტური რეალიზაციის არ არსებობის გამო გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 17%. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. აღნიშნული სხვაობით გაიზარდა დღგ-ის ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი.

აგრეთვე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დადგენილი ხარჯების გამოკლებით შესამოწმებელ პერიოდში განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის, მათ შორის საჩივარში ასახული არგუმენტაციის, დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად შემოსავლებისსამსახურის სადავო ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101,154,160,161,163,164,