გადაწყვეტილება №21967/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21967/2/2024
15 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 14.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21967/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №081-218 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32408 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
330 612,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 206 624
დღგ - 125 127
საშემოსავლო გადასახადი - 81 497
ჯარიმა - 103 312
საურავი - 20 676,52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. კომპანია რეგისტრირებულია 23.09.2016 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 10.10.2016 წელს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული ტიპის პროდუქციით, უპირატესად თამბაქოს ნაწარმით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელით, ტკბილეულით, ბურღულეულით, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, საყოფაცხოვრებო ქიმიით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით და სხვა. ასევე უფიქსირდება მარკეტინგული მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ქ. ----ში იჯარით აღებულ ფართში.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების, საბანკო ამონაწერების, შესყიდვის აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის მოძრაობა.
საქონლის შეძენა ხდება როგორც სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე შესყიდვის აქტებით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის დადგენა).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების პროცესში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშფაქტურებისა და შესყიდვის აქტების მიხედვით) დაყოფილ იქნა 25 კატეგორიად, სმფ-ების საწყისისაბოლოო ნაშთების (განსაზღვრულია შეძენილი საქონლის სახეობების პროპორციულად) გათვალისწინებით, დათვლილ იქნა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ვინაიდან ჩატარებული იყო საკონტროლო შეძენები და ინვენტარიზაცია, თითოეული კატეგორიის რპთ-ზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი).
შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით მოხდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის დათვლა, რომელმაც შეადგინა 1 196 497ლარი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით დათვლილ იქნა ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 697 393 ლარი. შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს და სხვაობით გაიზარდა დღგ-ის 18% ბრუნვა - 695 376 ლარით, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 149 141 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 125 127 ლარი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად - 62 564 ლარი.
შემოწმებით შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით (საბანკო ამონაწერები, სალაროს შემოსავლის ორდერები, კრედიტორების სალარო აპარატის ჩეკები, გადახდილი ხელფასები, საიჯარო თანხები). სხვაობაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბანკსა და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთები, დებიტორული მოთხოვნები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული 89 421 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი 1 320 ლარი. შედეგად დადგინდა გამოყენებადი თანხა 325 991 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა 407 489 ლარი (325 991/0,8) ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, ---- გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №081-218 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობის კონტროლი. შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმების პროცესში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვის აქტების მიხედვით) დაყოფილ იქნა 25 კატეგორიად, სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით, დათვლილ იქნა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ვინაიდან ჩატარებული იყო საკონტროლო შეძენები და ინვენტარიზაცია, თითოეული კატეგორიის რპთ-ზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი).
შემოწმებით დადგენილი დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები შეედარა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს და სხვაობით გაიზარდა შესაბამისი ბრუნვები. კერძოდ, დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა გაიზარდა 695 376 ლარით, ხოლო დღგ-სგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 149 141 ლარით. შედეგად, გადამხდელს განესაზღვრა გადასახდელი დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ასევე, შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით. აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნა ბანკსა და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთები, დებიტორული მოთხოვნები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული 89 421 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი 1 320 ლარი. შედეგად დადგინდა განკარგვადი თანხა 325 991 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილ საქონელზე ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სახსრების ანალიზისას განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 302 -ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად საჩივარი განხილული იქნა დაუსწრებლად და მომჩივანს არ მიეცა საშუალება პოზიციები დაეცვა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს წინაშე. კომპანია წარმოადგენს ქალაქ ---ში უბნის მცირე ზომის მაღაზიას, რომლის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა. აღნიშულ მაღაზიის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ფასნამატის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ასევე მოხდა რიგი პროდუქციის კლასიფიკაციების მიხედვით დაჯგუფება და ამის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორების მიერ მოხდა ფასნამატის პროცენტის განსაზღვრა. დეტალურად არის განხილული და შესწავლილი სმფ-ების ნაშთების ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ აღრიცხული მონაცემების სისწორე, აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეწყვილება შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
სმფების ნაშთების აღრიცხვის ფორმაში ერთი და იგივე საქონელი მეორდება რამოდენიმეჯერ და მათი საბაზრო გასაყიდი ფასები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასევე პროდუქცია აღწერილია განსხვავებულ განზომილებაში და შეპირისპირებულია განსხვავებული განზომილებით შესყიდვის დოკუმენტით მოცემული თვითღირებულება, რამაც გამოიწვია ფასნამატის ხელოვნურად გაზრდა.
მაგალითისათვის - სმფ-ების ნაშთების გაანგარიშების ფორმაში სამუშაო ცხრილი №16 და №47 პოზიცია ფანტა ტროპიკი თვითღირებულება არის შეცდომით და ამ პოზიციაში მიღებულია 94% ფასნამატი, რაც საერთო გაანგარიშებაში უკვე არსებით ცდომილებას იწვევს. №317 და №268 პოზიცია ქათმის ბიბილო მეორდება 2-ჯერ აღწერაში და თვითღირებულება ნაცვლად 8,9 ლარისა აღებულია 0,85 ლარი და ფასნამატის პროცენტი შეადგენს 1 094%, რაც სრულიად არარეალურია. მსგავსი სახის შეუსაბამობები მრავლადაა მოცემული სმფ-ების ნაშთების ინვენტარიზაციის შედეგების გაანგარიშების ფორმაში, რაც საბოლოო ჯამში არსებით ცდომილებას იწვევს ფასნამატის გაანგარიშების გამოთვლის დროს.
ასევე ფასნამატის გაანგარიშების დროს არ ყოფილა განხილული დროში მოცემული შეუსაბამობები, მაგალითისათვის 2023 წლის გასაყიდ ფასებთან შეპირისპირებულია 2020 წლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად შესყიდული პროდუქციის საშუალო შეწონილი თვითღირებულება, 2022 წლის და 2023 წლის სავალუტო ცვლილების შედეგად არსებითად გაზრდილია პროდუქციის გასაყიდი ფასები, ასევე როგორც თვითღირებულება, არსებულ გასაყიდ ფასებთან გასული პერიოდის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის შედარებით გამოთვლილი თვითღირებულების ფასის გამოყენებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასნამატის პროცენტი არსებით სხვაობას იძლევა რეალურს და დათვლილ ფასნამატის პროცენტთან. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები, არგუმენტები და დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში 3.11.2023 წლის საჩივარში, მაგრამ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ არ იქნა გაზიარებული პოზიცია.
დავის დაუსწრებლად განხილვამ ასევე გამოიწვია ის, რომ დავის მიმდინარეობის დროს გადასახადის გადამხდელს არ მიეცა საშუალება უფრო დეტალური სურათი ეჩვენებინა დავების საბჭოსათვის. საჩივრის დასწრებულ რეჟიმში განხილვის დროს აუცილებლად იქნებოდა პოზიციები გაზიარებული, რადგან გამოყენებულია არსებითი უზუსტობებით გაანგარიშებული ფასნამატის პროცენტი, რამაც გამოიწვია კომპანიის ისეთი ოდენობებით ჯარიმის დარიცხვა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამ ზომის და ბრუნვის კომპანიამ აღნიშნული გადასახადები გადაიხადოს, რეალურად კომპანიას არ მიუღია ის მოგება, რომელიც ამ არსებული ფანსამატის პროცენტის გაანგარიშებით დგება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებით უზუსტობებს და შეუსაბამობებს შეიცავს, რაც ძალიან კარგად ჩანს გამოგზავნილ გაანგარიშების ფორმაშიც და საჭიროებს კორექტირებებს, რაც შემდგომ იმოქმედებს ფასნამატის პროცენტის ოდენობაზე.
აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ფორმის, ფასნამატის გაანგარიშების კორექტირება რეალური მონაცემების შესაბამისად, რაც არსებითად შეცვლის არსებულ ფასნამატის პროცენტს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების, საბანკო ამონაწერების, შესყიდვის აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის მოძრაობა. საქონლის შეძენა ხდება როგორც სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე შესყიდვის აქტებით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის დადგენა).
თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი). მომჩივანი განმარტავს, რომ არაზუსტად განსაზღვრული მონაცემები არსებით ცდომილებას იწვევს ფასნამატის გაანგარიშების გამოთვლის დროს. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების ფორმის, ფასნამატის გაანგარიშების კორექტირება რეალური მონაცემების შესაბამისად, რაც არსებითად შეცვლის არსებულ ფასნამატის პროცენტს. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32408 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შემოწმების მიერ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების პროცესში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშფაქტურებისა და შესყიდვის აქტების მიხედვით) დაყოფილ იქნა 25 კატეგორიად, სმფ-ების საწყისისაბოლოო ნაშთების (განსაზღვრულია შეძენილი საქონლის სახეობების პროპორციულად) გათვალისწინებით, დათვლილ იქნა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ვინაიდან ჩატარებული იყო საკონტროლო შეძენები და ინვენტარიზაცია, თითოეული კატეგორიის რპთ-ზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი).
შემოწმებით შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით. გამოვლენილი სხვაობა 407 489 ლარი (325 991/0,8) ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №081-218 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.