ბრძანება N 4784
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4784
18 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2025 წლის 7 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვალს და 7 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №17, №19) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №94086/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №249-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხვას. განმარტავს, რომ 2022 წლის 15 თებერვალს უკან დაიბრუნა შპს „----------“ 269 529 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომელიც რეალიზებულ იქნა შპს „----------“. აცხადებს, რომ ტექნიკური პრობლემის გამო უკან დაბრუნების ზედნადებზე ვერ გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ვერ მოხდა დღგ-ის შემცირება. ამდენად, არც უკან დაბრუნების ოპერაცია და არც რეალიზაცია არ გაითვალისწინეს 2022 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაში. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის რეკომენდაციით გამოწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო დარიცხული თანხების შემცირება, თუმცა აღნიშნული არ დადასტურდა მეორე მხარის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ თანხების შემცირების მიზნით მოახდინა მომდევნო პერიოდის, კერძოდ 2022 წლის ივლისის დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვის შემცირება. მომჩივანი ითხოვს დარიცხვის ბრძანების გაუქმებას და დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25764 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივლისის, 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27591 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №249-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 64 397 ლარი, მათ შორის გადასახადი 36 618 ლარი, ჯარიმა 18 235 ლარი და საურავი 9 543 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად ჰქონდა წარდგენილი 2022 წლის ივლისის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდებზე უფიქსირდებოდა ჯამში 607 215 ლარზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები/სასაქონლო ზედნადებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე და 166- ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
ამავე კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის N996-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად ჰქონდა წარდგენილი 2022 წლის ივლისის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. შემოწმების მიერ გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ვინაიდან კომპანიამ წინა პერიოდში უკან დაბრუნების ზედნადებზე ვერ შეძლო კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რომელსაც მეორე მხარე დაადასტურებდა და შეიმცირებდა ზედმეტად დარიცხულ გადასახადს, გადასახადის გადამხდელმა ხელოვნურად შეიმცირა მომდევნო პერიოდის, კერძოდ 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის საანგარიშო პერიოდზე არასრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ამასთან, არ იყო გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც დადასტურდებოდა დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით, კომპანიის მიერ საქონლის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად ჰქონდა წარდგენილი 2022 წლის ივლისის და 2023 წლის თებერვლისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. შემოწმების მიერ გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ ვინაიდან კომპანიამ წინა პერიოდში უკან დაბრუნების ზედნადებზე ვერ შეძლო კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რომელსაც მეორე მხარე დაადასტურებდა და შეიმცირებდა ზედმეტად დარიცხულ გადასახადს, გადასახადის გადამხდელმა ხელოვნურად შეიმცირა მომდევნო პერიოდის, კერძოდ 2022 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის საანგარიშო პერიოდზე არასრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ამასთან, არ იყო გამოწერილი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც დადასტურდებოდა დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით, კომპანიის მიერ საქონლის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 163(1,2); 164(1).