ბრძანება N 1568
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1568
01.02.2023
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე „-----„ -ის (პას.ნ ------)
(მის.: -------)
2022 წლის 16 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა „------„ -ის (პას.ნ -----) №228421/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 27 ნოემბრის №EL192442 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ გავლით შემოვიდა საქართველოში,რა დროსაც გაუფუჭდა სატრანსპორტო საშუალება.18 ნოემბერს დასრულდა სატრანსპორტო საშუალების შეკეთება,გააგრძელა გზა თურქეთისკენ,თუმცა საბაჟო გამშვები პუნქტი „----“ გამოცხადებისას დაჯარიმდა გამოცხადების ვადის დარღვევისათვის 350 ლარით.მისთვის გაურკვეველია ჯარიმის დაკისრების საფუძველი, რადგან სატრანსპორტო საშუალების შეკეთებას დასჭირდა 25 დღე.
ითხოვს მისი მდგომარეობის გათვალისწინებას და სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე „------„ ( პ/ნ „------„ , პასპ/ნ „------ „) მართვის ქვეშ მყოფი, ტრანზიტული საქონლით (პოლიეთილენი) დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (უზბეკეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნით „------„ ).საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაირკვა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით აღნიშნული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ტრანზიტული (თურქეთის რესპუბლიკის დანიშნულებით გადაადგილებული) საქონელი,რომელზეც საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ უფლებამოსილი პირის მიერ შევსებულ იქნა №------ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ვადად – არა უგვიანეს 2022 წლის 16 ნოემბერი.
ვინაიდან უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე („------„ , პ/ნ ------ , პასპ/ნ ------) მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა 7 დღის დაგვიანებით, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა№EL192442 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი,რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის165-ემუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 350 ლარის ოდენობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №7) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტული გადაადგილების ვადა საქონლის შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) შეადგენს 20 კალენდარულ დღეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ ადგილი აქვს მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტული გადაადგილების ვადის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა),რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
საჩივარზე წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის "-----" განყოფილების წერილის შინაარსის თანახმად, "-----" რაიონული სამმართველოს "----" პოლიციის განყოფილებაში 2022 წლის 18 ნოემბერს შესული შეტყობინებით, “------“-მა განაცხადა, რომ ავტომანქანა"----" სახ. ნომრით “------“დაზიანდა საქართველოში და ვერ ახერხებს საზღვრის დროულად დატოვებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ №------ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მიხედვით, ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „------“, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ვადად – არაუგვიანეს 2022 წლის 16 ნოემბერი.ამდენად,მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ სამათალდარღვევა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. “------“ -ის (პას.ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.