ბრძანება N 5198

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.03.2024
№ დოკუმენტი 5198
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5198

11 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----ს“ (ს/ნ -------)

(მის.: -------------------)

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „----ს“ (ს/ნ -------) 2024 წლის 23 იანვრის №10404/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №006-676 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაცემული სესხის ნაწილის ხელფასად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის მოგება-ზარალის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. კომპანიას გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო აღრიცხვა და არაპირდაპირი მეთოდით ვალდებულებების განსაზღვრა ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. საბუღალტრო ჩანაწერებით სრულად დგინდება მოზიდული ფინანსური სახსრების საჭიროება/ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ფაქტი. კომპანიას წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოეშვა ფინანსური სახსრების მობილიზების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა ურთიერთდამოკიდებული პირისგან სესხის აღებით. აღნიშნული სესხის ნაშთის არსებობა იქნა სადავოდ მიჩნეული შემოწმების მიერ და გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა ფინანსური სახსრების საჭიროების ანალიზი და მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული ოდენობის ფინანსური სახსრების საჭიროება არ გააჩნდა კომპანიას, რაც არასწორია. შემოწმების მიერ უგულვებელყოფილი იქნა კომპანიის სამეურნეო ოპერაციები ფაქტობრივად სრულად, რამდენადაც მხედველობაში არ იქნა მიღებული არც კომპანიის ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური მარაგები, ასევე კომპანიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა დანახარჯები. მხოლოდ სალარო აპარატის ფისკალური ამონაწერის და საბანკო ამონაწერების ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე მხოლოდ 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდში ------ის მიერ შეტანილია 475 120 ლარით მეტი თანხა, ვიდრე კომპანიას მიღებული აქვს შემოსავლები სალარო აპარატის მეშვეობით. ასევე, ------ის მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 285 995.84 ლარი, მიზნობრიობით სესხის სახით გადარიცხული თანხა. გარდა ამისა, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აქტის გამომცემ ორგანოს, ხოლო აქტი არათუ არ შეიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძვლების თაობაზე დასაბუთებას, არამედ აღნიშნული ნორმა მითითებულიც არ არის.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთახმება რეალიზებულ კომერციული ფართზე შემოწმების მიერ საბაზრო ფასის ცვლილებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №23199 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----ს“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 დეკემბრის №32617 ბრძანება და ამავე თარიღის №006-676 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 228 169 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 796 ლარი, ჯარიმა 72 398 ლარი, საურავი 10 975 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმელებით, ფეხსაცმელებით და ჩანთებით ქ. თბილისში, ----ის N3 არსებულ ---ში. გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება 849 944 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხა ფიზიკურმა პირმა გადასცა შპს „---ს“ სესხის სახით, ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში შპს „---ო“ აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების (გადასახადის განმარტებით არსებული სესხის) კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისდ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით ფიზიკურ პირზე გაცემული თანხები/თანხის ნაწილი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

2. შპს „----მ“ 2015 წლის 12 დეკემბერს შპს „----გან“ შეიძინა კომერციული ფართი (-- მ 2 ) 135 000 აშშ დოლარად, რომელშიც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. 2023 წლის 6 ივნისს განხორციელდა აღნიშნული ფართის რეალიზაცია ფიზიკურ პირზე 350 000 ლარად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19, 73-ე და 981 მუხლების გათვალისწინებით დადგინდა კომერციული ფართის რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, აღნიშნული ფართის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია (880 აშშ დოლარი 1მ2 ), შესაბამისად განხორციელდა მისი ღირებულების აფასება და დადგინდა საბაზრო ღირებულება (1 325 აშშ დოლარი 1მ2 ). რეალიზებული ქონების ნამეტი ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება 849 944 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული თანხა ფიზიკურმა პირმა გადასცა შპს „---ს“ სესხის სახით, ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში შპს „---ო“ აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების (გადასახადის განმარტებით არსებული სესხის) კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისდ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა წინა საანგარიშო პერიოდები მოგება/ზარალი, რის საფუძველზე ზემოაღნიშნული ვალდებულების (849 944 ლარი) გარკვეული ნაწილი (501 148 ლარი) ჩაითვალა მართზომიერად და შესაბამისად არ დაიბეგრა შემოწმების მიერ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:

ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;

გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთახმება რეალიზებულ კომერციულ ფართზე შემოწმების მიერ საბაზრო ფასის ცვლილებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივნის განმარტებით, შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, თუმცა აქტი არ მოიცავს დასაბუთებას ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ამასთან, შემოწმების მიერ თვითნებურად იქნა რეალიზაციის თანხა კორექტირებული/გაზრდილი და საბაზრო ფასის თაობაზე არ არსებობს კვალიფიციური პირის დასკვნა. შემოწმების მიერ კი უძრავი ქონების შეფასება საბაზრო ღირებულებით განხორციელდა ყველა სამართლებრივი ნორმის უგულვებელყოფით, რამდენადაც შემმოწმებელი არ წარმოადგენს კვალიფიციურ პირს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ხოლო შემოწმების აქტი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას უძრავი ქონების კვალიფიციური პირის მიერ შეფასების თაობაზე. კომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა რეალიზებული უძრავი ქონების რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით წარმოადგინოს კვალიფიციური შემფასებლის დასკვნა, რომლითაც დადასტურდება კომპანიის მიერ განხორციელებული გარიგების შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, შემოწმება დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრ ბრუნვას დამატებით უზრდის კომპანიას 150 250 ლარის ოდენობით, ხოლო მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად განიხილავს მის მიერვე განსაზღვრულ უძრავი ქონების საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით. მაშინ როდესაც, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს - საბაზრო ფასით, დღგის გარეშე. შესაბამისად, შემოწმების მიერ არამართლზომიერად არის განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, რეალიზებული კომერციული ფართის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----ს“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, რეალიზებული კომერციული ფართის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.გაცემული სესხის ნაწილის ხელფასად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმების მიერ განხორციელდა ხანდაზმული პერიოდის მოგება-ზარალის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. გაუგებარია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები.

2.რეალიზებულ კომერციული ფართზე შემოწმების მიერ საბაზრო ფასის ცვლილებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №23199 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32617 ბრძანება და №006-676 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა 228 169 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით :

1. გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ ვალდებულება 849 944 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების (გადასახადის განმარტებით არსებული სესხის) კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და კვალიფიცირდა ხელფასად, შესაბამისდ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე და 81-ე მუხლების გათვალისწინებით ფიზიკურ პირზე გაცემული თანხები/თანხის ნაწილი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

2. მომჩივანმა შეიძინა კომერციული ფართი,რომელშიც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. 2023 წლის 6 ივნისს განხორციელდა აღნიშნული ფართის რეალიზაცია ფიზიკურ პირზე.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19, 73-ე და 981 მუხლების გათვალისწინებით დადგინდა კომერციული ფართის რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, აღნიშნული ფართის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია , შესაბამისად განხორციელდა მისი ღირებულების აფასება და დადგინდა საბაზრო ღირებულება. რეალიზებული ქონების ნამეტი ღირებულება დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, რეალიზებული კომერციული ფართის საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან (საექსპერტო დაწესებულება) გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:19(1); 73(5 „ა“.9 „ბ“); 981(1.4 „ა.ა“); 101(1) ; 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);