გადაწყვეტილება №27908/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27908/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27908/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,11.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 4.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27908/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის №063-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17543 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 126 687.26 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 604 061.00

ჯარიმა - 302 030.00

საურავი - 220 596.26

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა ცოცხალი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვით, საქართველოში ყიდულობს აღნიშნულ საქონელს და ახორციელებს მის ექსპორტს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებულია 11 240 598 ლარი.

ამასთან, გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საქონლის კვების, საიჯარო ქირის, კარანტინის, ლაბორატორიული და სხვა). კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული აქვს 12 270 ლარის დივიდენდი, ხოლო ხელფასის სახით გაცემული აქვს 58 457 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 9 185 ლარი და ბიუჯეტიდან დაბრუნებულია 13 407 ლარი. კომპანიის მიერ, ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ექსპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებულია 28 871 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში, საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა გონივრული ნაშთი. თანხა, რომელიც აღემატებოდა ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №20424 ბრძანება და №063-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე დართული), ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 6.12.2024 წლის №24335/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №24010 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის დასკვნით, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 27 643 ლარით. აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №063-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7805 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რომელთა ავთენტურობა/სიყალბე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დადგენილა/დადგინდება, გაითვალისწინოს ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7805 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 12.06.2026 წლის №27201/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 31.07.2026 წლის №17543 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიულად დადასტურებული საქონლის შესყიდვის აქტები (გარდა დავის წარმოების პროცესში უკვე წარდგენილისა);

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17543 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ კომპანიას შესყიდვის აქტებით ფიზიკური პირებისგან აქვს შეძენილი საქონელი, საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავოა და უტყუარია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით. ვინაიდან პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარვეზს გავლენა არ უნდა მოეხდინა კომპანიის რენტაბელობაზე და მიიჩნევს, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ მათ 3-4%-იანი რენტაბელობა ჰქონდათ. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, ხარჯების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასით და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება. მიუთითებს, რომ მას წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი, თუმცა საქონლის მომწოდებელი პირი ბევრია (დაახლოებით 300- მდე) და შემოწმების პროცესში წარდგენილია შესყიდვის აქტები.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიულად დადასტურებული საქონლის შესყიდვის აქტები (გარდა დავის წარმოების პროცესში უკვე წარდგენილისა). ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.01.2021-1.02.2024 წლების პერიოდზე. შემოწმების შედეგები არაერთგზის გასაჩივრდა როგორც შემოსავლების სამსახურში, ისე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 2026 წლის 12 ივნისის №27201/2/2026 გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრომ საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, სადაც სამოტივაციო ნაწილში მიეთითა: „საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა“. ხოლო, სარეზოლუციო ნაწილში შემოსავლების სამსახურს დაავალა:„საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“. 2026 წლის 31 ივლისის №17543 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა „სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილის დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიულად დადასტურებული საქონლის შესყიდვის აქტები (გარდა დავის წარმოების პროცესში უკვე წარდგენილისა); ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებული დავალება. უფრო მეტიც, იგი სრულად გაცდა დავალების შინაარსს და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად ბუნდოვანია (რაზეც წინა გადაწყვეტილების შემთხვევაშიც აპელირებდა), რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი დასაბუთება და აღქმა.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 31 ივლისის №17543 ბრძანების ბათილობას, დავების განხილვის საბჭომ თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური სახის დავასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებით და მოახდინოს დარიცხული თანხების შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლის აღსრულების შედეგები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7805 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი არ დაეთანხმა ხსენებულ გადაწყვეტილებას და გაასაჩივრა დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 12 ივნისის №27201/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

კერძოდ, დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 ივნისის №27201/2/2026 გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და პოზიციების (რომელიც საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური იყო) გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად წარადგინეს დოკუმენტები, რომელიც აუდიტორის მიერ გადაეგზავნა საგამოძიებო სამსახურს, წარდგენილიდან ნაწილზე განხორციელდა მოკვლევა და მხოლოდ ნაწილი იქნა გათვალისწინებული აუდიტორის მიერ. სადავო გადაწყვეტილებაში წერია და მათი პოზიციით, რომლის ავთენტურობაც თუ სიყალბე არ დგინდება იმის გათვალისწინებასაც გულისხმობს, საქონლის მომწოდებელი პირი ბევრია (დაახლოებით 300-მდეა), მაგრამ ნოტარიულად დამოწმებული მხოლოდ 98 ცალი შესყიდვის აქტის წარდგენა შეძლეს. ითხოვს დოკუმენტში დაფიქსირებული მინიმალური ფასის გავრცელებას. ამასთან განმარტა, რომ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართულია და საჩივარშიც მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ანალოგიურ საკითხებზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას მისი ხელახლა განხილვის შედეგად, საჩივრის კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა არ შეასრულა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული დავალება, იგი სრულად გაცდა დავალების შინაარსს და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად ბუნდოვანია (რაზეც წინა გადაწყვეტილების შემთხვევაშიც აპელირებდა), რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი დასაბუთება და აღქმა. ითხოვს დავების განხილვის საბჭომ თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური სახის დავასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებით და მოახდინოს დარიცხული თანხების შემცირება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც მიუთითა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია „საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა“, ანუ, რაც არის მტკიცებულებები იმის გათვალისწინებით, კერძოდ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, განხილვისათვის დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. მაგრამ, აღნიშნულის ნაცვლად შემოსავლების სამსახურმა სულ სხვა რამ თქვა, რაც არ დაუვალებიათ და ახალი დავალება მიეცა, ამდენად, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება აცდენილია დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა მომჩივნის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა ნაწილი ნოტარიულად იყო დადასტურებული და იქნა გათვალისწინებული, მას შემდეგ რაც საგამოძიებოს სამსახურის მიერ იქნა დადასტურებული მათი ავთენტურობა, რაც არ იქნა დამოწმებული და დადასტურებული არ იქნა გათვალისწინებული და რომ სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებას ითხოვს მომჩივანი. ამასთან, დამატებით განმარტა, რომ საქონელი ერთი და იგივეა, მაგრამ ფასებია განსხვავებული, ზოგგან ცალობითაა მითითებული, სიდიდით განსხვავებული, ამიტომ ფასები ვერ გაიანგარიშა, ხოლო მინიმალურ ფასს ვერ გაავრცელებდა. ამასთან განმარტა, რომ რომელი მტკიცებულებაც არ იქნა გათვალისწინებული, მათზე ხარჯად შემოსავლების 75%- ი ჩაითვალა.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და დაევალოს მათ შორის იმსჯელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელებაზე ან მომჩივნის ხელთ არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული მინიმალური ხარჯის გამოყენებაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17543 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 31 ივლისის №17543 ბრძანების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი.საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებულია 11 240 598 ლარი.ამასთან, გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი.კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული აქვს 12 270 ლარის დივიდენდი, ხოლო ხელფასის სახით გაცემული აქვს 58 457 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 9 185 ლარი და ბიუჯეტიდან დაბრუნებულია 13 407 ლარი. კომპანიის მიერ, ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან.კომპანიის მიერ ექსპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად,გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა განსაზღვრული ჯარიმა;- გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებულია 28 871 ლარი.შემოწმების მიერ განისაზღვრა გონივრული ნაშთი. თანხა, რომელიც აღემატებოდა ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს და დაევალოს მათ შორის იმსჯელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელებაზე ან მომჩივნის ხელთ არსებული, დოკუმენტურად დადასტურებული მინიმალური ხარჯის გამოყენებაზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).