ბრძანება N 25801
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25801
18 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------” (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა შპს „------ს” (ს/ნ -----) №82835/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №005-101 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ფიქსირდებოდა სასაქონლო ზედნადებში, გამოყენებული იყო სხვა კომპანიების მიერ. ამის დასტურად მზად არის წარმოადგინოს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ასევე აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გზათსარგებლობის საფასური და სამივლინებო დანახარჯები.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული იყო სხვა გადამზიდავი კომპანიის მიერ მესამე კომპანიის ტვირთის გადასაზიდად. აღნიშნულის შედეგად საწარმოს სატრანსპორტო საშუალება დაფიქსირდა გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში. აღნიშნულ ოპერაციაზე შესაბამის საწარმოებს შესრულებული აქვთ საგადასახადო ვალდებულებები, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა შემოწმების მიერ და ოპერაცია დაიბეგრა ორჯერ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №28230 და 27 აპრილის №9171 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს” (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 ივლისის №16534 ბრძანება და ამავე თარიღის №005-101 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 49 679 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 621 ლარი, ჯარიმა 14 732 ლარი, საურავი 5 326 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებისათვის წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მომსახურების შემძენთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები (წარმოდგენილია მხოლოდ შპს „-----თან“ (ს/ნ -----) გაფორმებული ინვოისები). პირის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, დადგენილ იქნა საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატვირთო მანქანის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემთხვები. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული შპს „------ს“ მიერ დაკვეთილი მომსახურებების საინვოისო ღირებულებების მიხედვით განისაზღვრა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება სატრანსპორტო საშუალების მიერ ტვირთის გადასაზიდად განხორციელებული საზღვრის კვეთის სხვა შემთხვევებშიც და აღნიშნულის შესაბამისად დათვლილი იქნა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები. ასევე, პირველადი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილებით ხორციელდებოდა ტვირთების გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნითაც. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლების იდენტიფიცირება. გადასახადის გადამხდელის მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მას არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორული ნაშთები და ფულადი სახსრების მოძრაობა ხორციელდებოდა მხოლოდ საბანკო გადარიცხვების გზით. შესაბამისად, შემოწმებამ ხარჯად გაითვალისწინა პირველადი დოკუმენტებით შეძენილი საქონლის ღირებულება და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა სალაროში/საქვეანგარიშოდ არსებული თანხის გონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის და ხარჯის 10 %-ის ოდენობით). გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს პირველადი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ პირის ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილებით ხორციელდებოდა ტვირთების გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნითაც. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით ფიქსირდება საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანპორტო საშუალებების გამოყენება სხვა პირების მიერ, რომლებზეც არ არის გამოწერილი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ არის ასახული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. საწარმოს მხრიდან არ მომხდარა ინფორმაციის წარმოდგენა საქმიანობის პროცესში ფასწარმოქმნის განმსაზღვრელი პირობების შესახებ. ვერ დგინდება უშუალოდ თვითონ იყო ოპერაციის განმახორციელებელი პირი, თუ აღნიშნული ოპერაციისას სატრანსპორტო საშუალება იჯარით/გაქირავებით იყო გადაცემული/განათხოვრებული სხვა პირისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მოძიებული იქნა მსგავსი მოცულობის ტექნიკის გამქირავებელი პირების მონაცემები, ასევე, მოხდა ტექნიკის გამქირავებელ პირებთან გასაუბრება და აღნიშნული ფასები იქნა მხედველობაში მიღებული პირველად დოკუმენტებში განხორციელებულ ოპერაციებზე, დღეების ჭრილში სატრანსპორტო საშუალებების გაქირავების შედეგად მისაღები შემოსავლების დათვლისას. შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ფიქსირდებოდა სასაქონლო ზედნადებში, გამოყენებული იყო სხვა კომპანიების მიერ. ამის დასტურად მზად არის წარმოადგინოს სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ასევე აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გზათსარგებლობის საფასური და სამივლინებო დანახარჯები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული იყო სხვა გადამზიდავი კომპანიის მიერ მესამე კომპანიის ტვირთის გადასაზიდად. აღნიშნულის შედეგად საწარმოს სატრანსპორტო საშუალება დაფიქსირდა გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში. აღნიშნულ ოპერაციაზე შესაბამის საწარმოებს შესრულებული აქვთ საგადასახადო ვალდებულებები, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა შემოწმების მიერ და ოპერაცია დაიბეგრა ორჯერ.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----” (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებისათვის წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მომსახურების შემძენთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ინვოისები. პირის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, პირველადი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ საწარმოს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილებით ხორციელდებოდა ტვირთების გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნითაც. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავლების იდენტიფიცირება. სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა სალაროში/საქვეანგარიშოდ არსებული თანხის გონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის და ხარჯის 10 %-ის ოდენობით). გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. საწარმოს პირველადი დოკუმენტების ანალიზით დადგინდა, რომ პირის ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომობილებით ხორციელდებოდა ტვირთების გადაზიდვის მომსახურება ქვეყნის შიგნითაც. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით ფიქსირდება საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანპორტო საშუალებების გამოყენება სხვა პირების მიერ, რომლებზეც არ არის გამოწერილი მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ არის ასახული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. საწარმოს მხრიდან არ მომხდარა ინფორმაციის წარმოდგენა საქმიანობის პროცესში ფასწარმოქმნის განმსაზღვრელი პირობების შესახებ. ვერ დგინდება უშუალოდ თვითონ იყო ოპერაციის განმახორციელებელი პირი, თუ აღნიშნული ოპერაციისას სატრანსპორტო საშუალება იჯარით/გაქირავებით იყო გადაცემული/განათხოვრებული სხვა პირისათვის. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესაბამისად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა""ბ"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 72(1), 105(2), 43(4).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1).