გადაწყვეტილება №24101/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24101/2/2024
17 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 11.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24101/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის №024-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21081 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 131 548 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 672 050
დღგ - 354 295 საშემოსავლო გადასახადი - 317 755
ჯარიმა - 342 673
საურავი - 116 825
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 8.07.2021 წლიდან 1.10.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 2023 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს 2021 წლის ივლისიდან. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დანიშნულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 2023 წლის 2 დეკემბერს, ბრძანების ჩაბარების შემდეგ გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული საქონელი აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული გაწერილია გასავალში.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ „დანართი 16“-ში აღწერილი იქნა ფაქტიური ნაშთი 2023 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, რომელიც გადმოგზავნილ იქნა შემოწმებისთვის. საგადასახადო შემოწმების პროცესში, გადამხდელის მიერ გადმოგზავნილ იქნა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც ნაწარმოებია არასრულად.
გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესყიდული სასაქონლომატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატების გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ ფასნამატებთან, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პერიოდების მიხედვით.
პირს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების „დანართი №9“-ის მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 1.02.2024 წლის №1813 ბრძანება და 2.02.2024 წლის №024-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5050 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 19.07.2024 წლის №22826/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5050 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21081 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 12 სექტემბერს, 11:10 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე. ვინაიდან ბუღალტრული პროგრამა ნაწარმოებია არასრულად, ხოლო პირის მიერ წარდგენილი არასრული დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით, რეალიზებულ საქონელზე საშუალო დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დადგენილი, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ შემოსავალსა და გამოსაქვით ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტაცია
უცნობია, რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული. რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. კომპანია არასდროს ყოფილა დაჯარიმებული, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად საქონელი არ გაუყიდია, საქონლის ჩამოწერას ახორციელებდა დღის ჭრილში, ბუღალტერიას აწარმოებს შესაბამის პროგრამაში და აღრიცხვას აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატების გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ ფასნამატებთან, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პერიოდების მიხედვით. ამასთან, დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი. მომჩივნის განმარტებით, უცნობია, რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული. რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ არსებობს და შეუძლია წარმოადგინოს მისი ანალოგიური/მსგავსი აუდირებული გადასახადის გადამხდელი და მოითხოვა მისი ფასნამატის გამოყენება და აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება.
მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტის მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (აუდირებული) ფასნამატის შესახებ ინფორმაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21081 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (აუდირებული) ფასნამატის შესახებ დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესყიდული სასაქონლომატერიალური მარაგების, რეალიზაციებისა და ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, გადამხდელის საშუალო დოკუმენტური ფასნამატების გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაშია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებულ ფასნამატებთან, დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, პერიოდების მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტის მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (აუდირებული) ფასნამატის შესახებ ინფორმაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 154; 101.