ბრძანება N 17345

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.07.2024
№ დოკუმენტი 17345
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17345

24 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --- ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2024 წლის 15 და 17 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) და 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ ---) №90206/1/2024 და №90231/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მაისის №056-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სხვა საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვების/საშუალო ფასნამატის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი საქმიანობის იდენტური, ვისგან აქვს შეძენილი და რა ხარისხის საქონელს ყიდის. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებულ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები 563 000 ლარის საქონელზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება პრობლემას არ წარმოადგენდა. გადამხდელი აცხადებს, რომ რადგან მეწარმე ახორციელებს საბითუმო ვაჭრობას, შემმოწმებელი ვალდებული იყო, მათ შორის საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მხოლოდ ჩეკით რეალიზებულ საქონელზე გაევრცელებინა მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი. ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება არ ითვალისწინებს ინვენტარიზაციის ფასნამატს. გადამხდელი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ფასნამატის გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს მის მიერ რეალიზებული საქონლის დოკუმენტური ფასნამატით ან ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 თებერვლის №3462 და 28 მარტის №6774 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ --- ის (ს/ნ --- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 04 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 15 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 20 მაისის №11461 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №056-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 209 954 ლარი, მათ შორის, გადასახადი 130 214 ლარი, ჯარიმა 58 297 ლარი, საურავი 21 443 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ქალის, მამაკაცის და ბავშვის საცვლების იმპორტი და შემდგომი საბითუმო რეალიზაცია შიდა ბაზარზე, ე.წ. ,,--- ს ბაზრობაზე“. დეკლარირებული ფასნამატია 12% და საქონლის ასორტიმენტის ზოგიერთი დოკუმენტური ფასნამატი უარყოფითი ნიშნულისაა. გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა იმპორტის სასაქონლო ინვოისები და საბანკო ამონაწერები. სალარო აპარატით საანგარიშო პერიოდში ამორტყმული ჩეკების ღირებულებით გაანალიზებული შემოსავლები მნიშვნელოვნად განსხვავდება დეკლარირებული შემოსავლისგან. გაირკვა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვას და შესაბამისად, ვერ ხერხდება რეალიზაციის შედეგად სალაროს აპარატის ჩეკებში დაფიქსირებული თანხისა და რეალიზებული საქონლის რაოდენობის და ასორტიმენტის იდენტიფიცირება (დაკავშირება). შეუძლებელია არადოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის განსაზღვრა.

საგადასახადო შემოწმების მიზნებისთვის გადამხდელთან სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 28 თებერვლის №4343 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების სრული ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შესაბამისად დადგენილი საქონლის სარეალიზაციო ფასი თვითღირებულებაზე ნაკლებია. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდი გაიზარდა 2024 წლის 4 მარტამდე და გადამხდელს მოეთხოვა შესაბამისი პერიოდის საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარმოდგენა მომსახურე ბანკებიდან. ვინაიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ნაწილობრივ ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეწარმეს არ გააჩნდა), დოკუმენტურად დადასტურებული დანახარჯების შემოწმებით დაკორექტირდა დეკლარირებული დანახარჯები. მეწარმეს აგრეთვე მოეთხოვა, დამოწმებული ინვოისების ან შედარების აქტის წარმოდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (აუდიტის დეპარტამენტში გადამხდელის ანალოგიური საქმიანობის, საქონლის იმპორტიორი და ე.წ. ,,---ს ბაზრობაზე“ საბითუმო რეალიზაციის მქონე კომპანიების საშუალო 52%) აუდირებული ფასნამატიდან. დეკლარირებული 2021-2022 და 2023 წლების შემოსავალი 1 809 325 ლარი გაიზარდა 2 217 052 ლარამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100, 102-ე 159-ე, 160-ე და 164-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინდივიდუალურ აღრიცხვას, შემოსავლები არ იდენტიფიცირდება საქონლის ერთეულისა და სახეობის მიხედვით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

კერძოდ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად შემოწმების მიერ, დაჯგუფდა ერთი დასახელების საქონელი და განისაზღვრა იმპორტის თვითღირებულება. ასევე, განხორციელდა საქონლის ასორტიმენტზე დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი. შედეგად, 32 სახეობის ასორტიმენტის საქონლის ნახევარზე ვერ იქნა დოკუმენტური რეალიზაცია მოძიებული, ხოლო დარჩენილ ასორტიმენტზე დაფიქსირდა თვითღირებულებაზე ნაკლები, უარყოფითი სარეალიზაციო ფასის ნიშნული. სალარო აპარატით საანგარიშო პერიოდში ამორტყმული ჩეკების ღირებულება და დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელებით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე მიღებული შემოსავალი ნაკლებია დეკლარირებულ, ჩეკით ამორტყმულ შემოსავლებზე.

საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ს სრული ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის სარეალიზაციო ფასი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის იდენტურია. ამასთან, ვერ განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დანიშნული საქონლის საკონტროლო შესყიდვა, საქონლის სარეალიზაციო ფასის ფიქსაციის მიზნით, ვინაიდან გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ სავაჭრო ობიექტი დახურა. შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგინდა არადოკუმენტური (საცალო) სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი აუდირებული ფასნამატი (აუდიტის დეპარტამენტის აუდირებული, ანალოგიური საქონლის იმპორტიორი და ---ს ბაზრობაზე საბითუმო რეალიზატორი კომპანიების საშუალო 52%-იანი ფასნამატი).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის დეკლარირებული შემოსავალი 1 809 325 ლარი, გაიზარდა 2 217 052 ლარამდე და შედეგად, მეწარმეს განესაზღვრა დამატებით გადასახდელი დამატებული ღირებულების და წლიური საშემოსავლო გადასახადები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/ მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, სხვა საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვების/საშუალო ფასნამატის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგინდა სარეალიზაციო საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (აუდიტის დეპარტამენტში გადამხდელის ანალოგიური საქმიანობის, საქონლის იმპორტიორი და ბაზრობაზე საბითუმო რეალიზაციის მქონე კომპანიების საშუალო 52%) აუდირებული ფასნამატიდან. დეკლარირებული 2021-2022 და 2023 წლების შემოსავალი 1 809 325 ლარი გაიზარდა 2 217 052 ლარამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100, 102-ე 159-ე, 160-ე და 164-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე, განესაზღვრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინდივიდუალურ აღრიცხვას, შემოსავლები არ იდენტიფიცირდება საქონლის ერთეულისა და სახეობის მიხედვით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102; 80.