ბრძანება N 20313
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20313
16 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
"-------" (პ/ნ "-------" )
(მის.:"-------" )
2023 წლის 17 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79) განიხილა "------"-ის (პ/ნ "------") №121785/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №ELC18779 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალება გაასხვისა და ახალი მფლობელის მიერ არ მოხდა საბაჟო პროცედურების დროულად განხორციელება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 24 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----- - ის " გავლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე "------"-ის (პ/ნ "------" ) მიერ შემოყვანილ იქნა საქართველოში არარეგისტრირებული №"------" მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ "------" ), რომელსაც გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2020 წლის 22 თებერვალი.
ვინაიდან, "------" -ის მიერ არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 28 ნოემბერს დაუსწრებლად შედგენილ იქნა №ELC18779 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-------"-ს (პ/ნ "-------" ) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, მომჩივანს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც ადრესატი გაეცნო 2023 წლის 17 ივლისს და ჩაითვალა ჩაბარებულად.
"-------"-მა (პ/ნ "-------" ) 2019 წელს შეიცვალა გვარი და რადგან აღნიშნული ინფორმაცია ასახული არ იყო გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში №ELC18779 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში სამართალდამრღვევი პირის გვარად მითითებულია შეცვლამდე არსებული გვარი – "-------"
მომჩივნის განცხადებაზე, რომ სატრანსპორტო საშუალება სხვა პირზე გაასხვისა, წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალების გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი საბაჟო ორგანოს არ გააჩნია. ამასთან, მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, არ ფიქსირდება მითითებული სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ფაქტი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ" ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7– მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. "------"-ის (პ/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ არ განხორციელებულა სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე,შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.მოჩივანს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
მოჩივანმა 2019 წელს შეიცვალა გვარი და რადგან აღნიშნული ინფორმაცია ასახული არ იყო გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-5 გრაფაში სამართალდამრღვევი პირის გვარად მითითებულია შეცვლამდე არსებული გვარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,165.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ" ინსტრუქციის (დანართი №3) მუხლი 3(6).