გადაწყვეტილება №22222/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 22222/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22222/2/2024

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22222/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №038-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №925 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 284 116 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 142 424

დღგ - 35 133

მოგების გადასახადი - 6 882

საშემოსავლო გადასახადი - 100 113

ქონების გადასახადი - 296

ჯარიმა - 81 902

საურავი - 59 790

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა სარეაბილიტაციო და გაზიფიცირების სამუშაოების შესრულება, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში, ასევე ასრულებს კერძო შეკვეთებს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აპრილის №10878 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული 11 ტენდერში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის და წარდგენილი საბანკო ანგარიშების დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის. კერძოდ, კომპანიას არასრულად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება დასაბეგრი პერიოდის ცვლილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ასევე უფიქსირდება საბაჟოზე საქონლის შემოტანა. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში მომჩივანი არ ახორციელებს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არ ახორციელებს მიღებული ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის და წარდგენილი საბანკო ანგარიშების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება ფულადი სახსრების ნაშთი, თუმცა ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს არ აღმოაჩნდა ნაღდი ფული სალაროში 2022 წლის 28 აპრილის მდგომარეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამდენად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ფიზიკურ პირებზე გადარიცხული აქვს თანხები მომსახურების სანაცვლოდ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, საწარმო ვალდებული იყო გაცემული თანხები დაებეგრა გადახდის წყაროსთან. ამდენად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

5. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან მიღებული აქვს მომსახურება, რაზეც არ არის გამოწერილი პირველადი დოკუმენტი. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25533 ბრძანება და №038-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 370 833 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 21.03.2023 წლის №5472 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის დასკვნა, 25.07.2023 წლის №17932 ბრძანება და №038-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 85 513 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 284 116 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 17 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 სექტემბრის №21922 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 25.09.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.12.2023 წლის №20905/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21922 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 24 იანვრის №925 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (საჩივარზე თანდართული შპს „----------“ გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული) მტკიცებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №925 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 179-ე, 171-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 179-ე, 168-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა შპს „----------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი, ხოლო ავანსთან დაკავშირებით - შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ იყო დამოწმებული ნოტარიულად. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთან, შპს „----------“ და შპს „----------“ უფიქსირდებოდათ ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შპს „----------“ დირექტორთან დაკავშირება და მასთან ერთად დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი) ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც იმავე დღეს გადაეგზავნა შემმოწმებელს. აღნიშნული დოკუმენტაცია წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის დანართის სახით, რაც ასევე წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 17 აგვისტოს საჩივართან ერთად. ამასთან, მიუთითებს, რომ შპს „----------“ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული საწარმო აღარ ფუნქციონირებს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არსებულ მითითებაზე, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროში საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რაც აუდიტის დეპარტამენტი განმარტებით, წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხის შემცირების დასაბუთებულ საფუძველს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (საჩივარზე თანდართული შპს „----------“ გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული) მტკიცებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) დადებულ ხელშეკრულებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დოკუმენტი არ არის ნოტარიული წესით დამოწმებული. ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა შპს „----------“, თუმცა დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნული საწარმო აღარ ფუნქციონირებს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება კორექტირებას. ამასთან, სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი 2023 წლის 21 მარტის №5472 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიღებული თანხების დამატებით დაბეგვრასთან დაკავშირებით 2023 წლის 17 აგვისტოს №83104/1/2023 საჩივარში აღნიშნავდნენ, რომ ვერ ხდებოდა მათ წარმომადგენელთან დაკავშირება და ნოტარიულად დამოწმება ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის. საბოლოოდ მოხდა დაკავშირება „----------“ და 2024 წლის 10 იანვარს გაფორმდა ნოტარიული აქტი „----------“ (პ/ნ ----------) და „----------“ (პ/ნ ----------) შორის, რომლის თანახმად მხარეებმა დაადასტურეს, რომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე №---------- (დადებული 11.11.2021წ.) და მიღება-ჩაბარების აქტზე №----------ზე (დადებული 26.12.2021 წ.) ხელმოწერები მათ ეკუთვნით.

აღნიშნული ნოტარიული აქტი იმავე დღეს გადაგზავნილია შემმოწმებელთან და სამწუხაროდ არ მოხდა მომჩივნის მხრიდან დაზუსტებული საჩივრის წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში, ვინაიდან დოკუმენტის წარდგენას აპირებდნენ უშუალოდ საჩივრის განხილვისას. 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) 2023 წლის 17 აგვისტოს №83104/1/2023 საჩივრის განხილვა მოხდა გადამხდელის მონაწილეობის გარეშე, რის გამოც ვერ მოხდა აღნიშნული ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა და როგორც ჩანს არც აუდიტორს უცნობებია აღნიშნული დოკუმენტის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2024 წლის 1 მარტს გაფორმდა კიდევ ერთი ნოტარიული აქტი, სადაც დეტალურად არის აღწერილი შპს „----------“-სა და შპს „----------“ შორის მომხდარი ოპერაციების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს წარმოადგენენ დამატებით დანართის სახით, რაც წარმოადგენს 2024 წლის 12 თებერვალს წარმოდგენილი საჩივრის დაზუსტების საფუძველს.

შპს „----------“-ს 2021 წლის 18 ნოემბერს შპს „----------“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ავანსის თანხა 80 000 ლარი, გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა №----------, რაც დაბეგრილი აქვს დღგის გადასახადით 2021 წლის ნოემბრის თვეში როგორც მიღებული ავანსი. აღნიშნულ კომპანიასთან სამუშაოები დასრულდა 2021 წლის დეკემბრის თვეში და შესაბამისად ჩაერიცხათ შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულება ორ ტრანზაქციად: 2021 წლის 6 დეკემბერს 58 000 ლარი და 2021 წლის 31 დეკემბერს 170 000 ლარი. სულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 308 000 ლარი და ბანკში ჩარიცხული თანხაც შეადგენს 308 000 ლარს. 2021 წლის დეკემბერში გამოიწერა ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----------) სრულ ღირებულებაზე თანხით 308 000 ლარი, რომელიც ექვემდებარება განაშთვას 2021 წლის ნოემბერში დაბეგრილი ავანსის თანხით. გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის თვეში დღგ-ის დეკლარაციით დაბეგრილი აქვს 308 000 - 80 000 = 228 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო შემოწმებით 2021 წლის ნოემბერში დაბეგრილია 80 000 ლარი (ავანსის თანხა) და 2021 წლის დეკემბერში 308 000 ლარი (მთლიანი შესრულებული სამუშაოს ღირებულება). აღნიშნულთან დაკავშირებით დანართის სახით წარმოადგენენ 2024 წლის 10 იანვარს ნოტარიულად დამოწმებულ შპს „----------“ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტს.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოეხსნათ ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაეთვალოთ ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „----------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი, ხოლო ავანსთან დაკავშირებით, კომპანიამ წარადგინა შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღებაჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ უფიქსირდებათ ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარდგენილი დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის.

მომჩივანი დავების განხილვის საბჭოში 25.09.2023 წელს წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ შპს „----------“ დირექტორთან დაკავშირება და მასთან ერთად დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი) ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც იმავე დღეს გადაეგზავნა შემმოწმებელს. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგინა დანართის სახით, რაც ასევე წარდგენილი იყო 2023 წლის 17 აგვისტოს საჩივართან ერთად შემოსავლების სამსახურში. ამასთან, მიუთითებდა, რომ შპს „----------“ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული ფირმა აღარ ფუნქციონირებს.

აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროში საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „----------“ გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რაც წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხის შემცირების დასაბუთებულ საფუძველს.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული და საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №925 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (საჩივარზე თანდართული შპს „----------“ გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული) მტკიცებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭოში მომჩივანი წარმოადგენს 2024 წლის 10 იანვარს ნოტარიულად დამოწმებულ შპს „----------“ გაფორმებულ ხელშეკრულებას და მიღება-ჩაბარების აქტს და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის შესწავლილი/შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. კერძოდ, შესაფასებელია ნოტარიულად დამოწმებული შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი, ნოტარიულად დამოწმებული შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტი ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №925 ბრძანება;

3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კომპანიასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი, ხოლო ავანსთან დაკავშირებით, კომპანიამ წარადგინა სხვა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მიღებაჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიას უფიქსირდებათ ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარდგენილი დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის.

მომჩივანი დავების განხილვის საბჭოში 25.09.2023 წელს წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ კომპანიის დირექტორთან დაკავშირება და მასთან ერთად დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი) ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც იმავე დღეს გადაეგზავნა შემმოწმებელს. აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგინა დანართის სახით, რაც ასევე წარდგენილი იყო 2023 წლის 17 აგვისტოს საჩივართან ერთად შემოსავლების სამსახურში. ამასთან, მიუთითებდა, რომ მეორე კომპანიასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული ფირმა აღარ ფუნქციონირებს.

აუდიტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროში საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კომპანიასთან გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რაც წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხის შემცირების დასაბუთებულ საფუძველს.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული და საჩივარი დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №925 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (საჩივარზე თანდართული კომპანიასთან გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული) მტკიცებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭოში მომჩივანი წარმოადგენს 2024 წლის 10 იანვარს ნოტარიულად დამოწმებულ მეორე კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და მიღება-ჩაბარების აქტს და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის შესწავლილი/შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი, ნოტარიულად დამოწმებული გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტი ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.