ბრძანება N 14071
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14071
26 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ -------------)
(მის: ----------------------------)
2026 წლის 2 და 9 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 10, 17 და 24 ივნისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №49, №52 და №55) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) 2026 წლის 2 ივნისის №---/1/2026 და 9 ივნისის №---/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის №022-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ „------"-სგან არც ლობიო შეუძენია და არც კომერციული ან პირადი ურთიერთობა არასდროს არ ქონია. მისი არსებობის შესახებ შემოსავლების სამსახურის წერილით გაიგო. შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავალი 58 153 ლარი კომპანიას არ მიუღია. აღნიშნული ახსნა-განმარტებით აცნობეს აუდიტორს და ის ფაქტებიც, რომ ----ის საბაჟო სამსახურის მიერ მოწოდებულ თანმხლებ დოკუმენტში არასწორად არის მათი დასახელება, გენერალური დირექტორის სახელი და გვარი, მაგრამ გარემოებების შეფასების დროს შემოწმება ყოველგვარი დამატებითი მოკვლევის გარეშე ეყრდნობა ---ის საბაჟო სამსახურის ინფორმაციას, არ ითვალისწინებს მათ ახსნა-განმარტებას და სატრანსპორტო საბუთებში დაშვებულ უზუსტობებს. ამასთან, საჩივარში მიუთითებს, რომ ---ის საბაჟო სამსახურის მიერ მოწოდებულ იქნეს დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორ და ვისი მეშვეობით მოახდინეს ანგარიშსწორება „-----"-თან (საბანკო გადარიცხვას ადგილი არ ქონია), 25-ე და 26-ე გრაფები სატრანსპორტო საშუალების ნომერი შევსებულია, მაგრამ არცერთ სატრანსპორტო ზედდებულში 23-ე გრაფაში არ წერია მძღოლის სახელი, გვარი და პირადი მონაცემები, რომ შეძლონ გაიგონ ვინ მოქმედებდა მათი სახელით და სად მოხდა საქონლის (ლობიოს) რეალიზაცია, ვინ გადაიხადა ტრანსპორტირების საფასური. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მარტის №5624 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 მაისის №10816 ბრძანება და №022-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 30 643 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 405 ლარი, ჯარიმა 8 100 ლარი და საურავი 6 138 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (ს/ნ -------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 17 აგვისტოს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია იმავე დღეს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები. კომპანია ახორციელებს საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. კომპანიას საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია. გადაზიდვების შესასრულებლად ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიებთან და მეწარმე ფიზიკურ პირებთან. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ საოფისე ფართში (ფოთი). -----ის საბაჟო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2024 წლის მარტის თვეში შპს „----ს“ უფიქსირდება „------“-სგან საქონლის შეძენა. კერძოდ, მოწოდებული ინვოისების მიხედვით შეძენილი საქონლის (ლობიო) ღირებულება შეადგენს 93 795 ლარს (32 400 ევრო). გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების შესწავლის შედეგად, საწარმოს მიერ აღნიშნული ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურები ან/და საბაჟო საწყობში შემოტანა არ უფიქსირდება. საწარმოს გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც საწარმოს „-------“-სთან არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ აქვს და არც სამეურნეო ოპერაციები არ განუხორციელებია.
საგადასახადო შემოწმებით „------“-სგან შეძენილი საქონელი ჩაითვალა საქართველოს საბაჟო პროცედურების გარეშე რეალიზებულად, -----ის ქვეყნებში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (62%) და მიღებული შემოსავალი დადგინდა 151 948 ლარის ოდენობით, რომელსაც გამოაკლდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება 93 795 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა შემოსავალსა და საქონლის თვითღირებულებას შორის - 58 153 ლარი (ნეტო) ჩაითვალა საწარმოს გენერალურ დირექტორზე (----- ------, დირექტორი 12.10.2023 - 11.12.2025 საანგარიშო პერიოდში) გაცემულ ხელფასად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. საწარმო დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ „-----“- სგან შეძენილი საქონელი ჩაითვალა საქართველოს საბაჟო პროცედურების გარეშე რეალიზებულად, ----ის ქვეყნებში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (62%) და მიღებული შემოსავალი დადგინდა 151 948 ლარის ოდენობით, რომელსაც გამოაკლდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება 93 795 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა შემოსავალსა და საქონლის თვითღირებულებას შორის განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ პირველადი საჩივრის წარმოდგენის თარიღიდან გადამხდელის თხოვნის საფუძველზე 2-ჯერ იქნა გადადებული საკითხის განხილვა და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საკმარისი დრო ჰქონდა დოკუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოსადგენად. თუმცა დავის წარმოების პროცესში, მათ შორის საქმის ზეპირ განხილვაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ს“ (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავალსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №5624 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №10816 ბრძანება და №022-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 30 643 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 405 ლარი, ჯარიმა 8 100 ლარი და საურავი 6 138 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვები. კომპანია ახორციელებს საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის. კომპანიას საკუთრებაში სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნია. გადაზიდვების შესასრულებლად ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიებთან და მეწარმე ფიზიკურ პირებთან. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ საოფისე ფართში . საბაჟო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2024 წლის მარტის თვეში მომჩივანს უფიქსირდება არარეზიდენტი საწარმოსგან საქონლის შეძენა,რომლის ღირებულება შეადგენს 93 795 ლარს (32 400 ევრო). გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების შესწავლის შედეგად, საწარმოს მიერ აღნიშნული ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურები ან/და საბაჟო საწყობში შემოტანა არ უფიქსირდება. საწარმოს გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც არარეზიდენტ საწარმოსთან არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ აქვს და არც სამეურნეო ოპერაციები არ განუხორციელებია.შედეგად საგადასახადო შემოწმებით შეძენილი საქონელი ჩაითვალა საქართველოს საბაჟო პროცედურების გარეშე რეალიზებულად, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენებით (62%) და მიღებული შემოსავალი დადგინდა 151 948 ლარის ოდენობით, რომელსაც გამოაკლდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება 93 795 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა შემოსავალსა და საქონლის თვითღირებულებას შორის - 58 153 ლარი (ნეტო) ჩაითვალა საწარმოს გენერალურ დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. საწარმო დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 269(7); 272(1);