ბრძანება N 11519
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11519
05 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ----- (ს/ნ -----) (მის.: -----)
2025 წლის 8 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი N --) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 8 მაისის N -----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აპრილის N 023-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის N 2001 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 7 მარტიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აპრილის N 6926 ბრძანება და ამავე თარიღის N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 124 523 ლარი, მათ შორის, გადასახადი 80 624 ლარი, ჯარიმა 40 312 ლარი, საურავი 3 587 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მანგანუმის მოპოვება-რეალიზაცია. შემოწმებისათვის წარმოდგენილია აღრიცხვის პროგრამა ორისი. პროგრამის ანალიზისას ირკვევა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში დამფუძნებლის მიერ სესხის სახით კომპანიიდან გატანილია 204 420 ლარი, ხოლო აღნიშნული სესხის გაცემა არ არის დაბეგრილი. ამასთან, შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ახსნა - განმარტება, რომლითაც გადამხდელი ითხოვს აღნიშნული განაცემის მოგების განაწილებად განხილვას. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან კომპანიას გააჩნია გასანაწილებელი წმინდა მოგება, საწარმოდან დამფუძნებლის მიერ სესხად გატანილი თანხა განხილულ იქნა მოგების განაწილებად და პირს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები. პირს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გადამხდელს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 443 215.18 ლარის ოდენობით შპს „-----“ მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დებიტორისგან, რომლის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს მიმართ კრედიტორული დავალიანება შეადგენს 309 427 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნული განხილულ იქნა გადამხდელთან და წარმოდგენილია ახსნა - განმარტება, რომლითაც ითხოვს აღნიშნულ დებიტორული დავალიანების სხვაობის მოგების განაწილებად განხილვას. შედეგად, ვინაიდან კომპანიას გააჩნია გასანაწილებელი წმინდა მოგება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელის მიერ დებიტორული დავალიანების სხვაობა 133 786 ლარი განხილულ იქნა მოგების განაწილებად და პირს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები. პირს ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 14 მაისს გაეგზავნა N ----- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. მომჩივანი წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო მიმდინარე წლის 14 მაისს და დაზუსტებული საჩივარი წერილით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი ითხოვს დებიტორული დავალიანების სხვაობის მოგების განაწილებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მანგანუმის მოპოვება-რეალიზაცია. დამფუძნებლის მიერ სესხის სახით კომპანიიდან გატანილია თანხა, ხოლო აღნიშნული სესხის გაცემა არ არის დაბეგრილი. ვინაიდან კომპანიას გააჩნია გასანაწილებელი წმინდა მოგება, პირს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 130;.