ბძანება N 7303

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7303
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7303

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ----)

2024 წლის 29 იანვრის და 11 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის და 14 მარტის სხდომებზე (ოქმები №25 და №27) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 29 იანვრის №87252/1/2024 და 11 მარტის №88389/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-120 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდენობობებს შორის სხვაობით გაანგარიშებულ სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს. აცხადებს, რომ შემოწმებას გადასცა ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ასლი, სადაც ნაწარმოებია ბუღალტერია. განმარტავს, რომ საწვავის ის რაოდენობა, რაც შეძენილი აქვს სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სრულად გახარჯული აქვს მის მიერ მიღებული შემოსავლების მიღების მიზნებისთვის. გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტორმა ტრაილერს და სამხიდიანი კამაზის ავტომობილებს განუსაზღვრა ერთი და იგივე წვის ნორმა 40 ლიტრი 100 კმ-ზე გაანგარიშებით, რაც არამართლზომიერია. ორი სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილი შეუძლებელია 100 კმ-ზე გაანგარიშებით წვავდეს ერთი და იგივე საწვავის რაოდენობას. აცხადებს, რომ ნებისმიერი მისაბმელიანი ტრაილერის დასაშვები ტვირთამწეობა არ აღემატება 26 ტონას, ხოლო გადამხდელის მიერ შესრულებული რეისებით გადაზიდული ტვირთების წონა საშუალოდ შეადგენდა 35 ტონას, რაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით (ზოგ შემთხვევაში 40 ტონაც კი).

შესაბამისად გადამხდელის მიერ განხორციელებული გადაზიდვებისას აღნიშნული ავტომობილების წვა შეადგენს გაცილებით მეტს ვიდრე საპასპორტო მონაცემებით, რომელიც გაანგარიშებულია დასაშვები წონის პირობებში. აღნიშნავს, რომ აღნიშნული ავტომობილები წარმოადგენს მეორად ძველ ტექნიკას, რომლის ასაკიც 15 წელზე მეტია. გადამხდელის მიერ აღნიშნულ პირობებში შესრულებულ რეისებზე საწვავის ნორმა 100 კმ-ზე შეადგენს მინიმუმ 50 ლიტრს.

აცხადებს, რომ სამხიდიანი კამაზის ავტომობილები წარმოადგენენ მაღალი გამავლობის ტექნიკას, რომელთა ასაკიც ცდება 25 წელიწადს და მათი წვა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ტიპის ავტომობილები. გადამხდელის მიერ შესრულებული რეისებით მოხდა 34 806 კმ-ს გავლა, ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ტენდერის პირობებში ხე-ტყის გადაზიდვა ---ის მიმდებარე ტყეებიდან სადამდეც მისასვლელი გზები წარმოადგენს განსაკუთრებით რთულ რელიეფს, რის გამოც მაღალი გამავლობის ტექნიკა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. მინიმუმ 100 ლიტრი 100 კმ-ზე გაანგარიშებით.

გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ აუდიტორის მიერ ტრაილერების გავლილი მანძილის გაანგარიშებისას დაშვებულ იქნა შეცდომა. კერძოდ, აუდიტორის გაანგარიშების მიხედვით ერთ-ერთ პუნქტში 72 234 კმ-ს ნაცვლად აღნიშნულ პუნქტში უნდა იყოს 94 790 კილომეტრი, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს აუდიტორის მიერ საერთო გავლილი მანძილი 177 475 კმ 22 556 კმ-ით (94 790 – 72 234 = 22 556) და საერთო გავლილმა მანძილმა შეადგინოს 177 475 + 22 556 = 200 031 კმ (მათ შორის მაღალი გამავლობის 34 806 კმ).

გადამხდელი ასევე მიიჩნევს, რომ აუდიტორს უფლება არ ჰქონდა მის მიერ გამოანგარიშებული ნაშთად არსებული საწვავით გაეანგარიშებია შემოსავალი 250 ლარი 100 კმ-ზე, რადგან აღნიშნული საკითხის დადგომისას აუდიტორს არაპირდაპირი მეთოდით შეუძლია აღნიშნული საწვავი ჩათვალოს მაქსიმუმ რეალიზებულად და განახორციელოს მისი საბაზრო ფასიდან რეალიზაციის გაზრდა. შესაბამისად აუდიტორის მიერ აღნიშნული მოქმედება არამართლზომიერია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22447 და 20 დეკემბრის №32212 ბრძანებების საფუძველზე შპს „---“ (ს/ნ----) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33207 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 246 059 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 145 179 ლარი, ჯარიმა 70 608 ლარი და საურავი 30 272 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: შპს „---ს“ ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა სპეც. ტექნიკით. აღნიშნული მომსახურების გასაწევად კომპანია იყენებს, როგორც საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე იჯარით აღებულს.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს საწვავი (დიზელი), რომლის გახარჯვა/ჩამოწერები აღრიცხული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე (მანქანის ნომრით გადაადგილების საძიებო სისტემა) დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლილი მანძილი, რის შედეგადაც გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული მანძილის გასავლელად საჭირო საწვავის რაოდენობა ლიტრში. ამასთან ისეთ მომსახურებაზე, რომელზეც სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება არ ფიქსირდება ჩამოწერა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მომსახურების ღირებულების პროპორციულად განისაზღვრა გავლილი მანძილი და გახარჯული საწვავის ოდენობა. შემოწმებით შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდნეობებს შორის სხვაობით გაანგარიშდა სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები და გადანაწილდა დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. ამასთან, 2023 წლის 13 სექტემბრის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №22260 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რის შედეგადაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოუვლინდა. შემოწმებით, ანალიზის შედეგად გაანგარიშებული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდილს წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---ს“ ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა სპეც. ტექნიკით. აღნიშნული მომსახურების გასაწევად კომპანია იყენებს, როგორც საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე იჯარით აღებულს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს საწვავი (დიზელი), რომლის გახარჯვა/ჩამოწერები აღრიცხული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე (მანქანის ნომრით გადაადგილების საძიებო სისტემა) დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლილი მანძილი, რის შედეგადაც გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული მანძილის გასავლელად საჭირო საწვავის რაოდენობა ლიტრში. ამასთან ისეთ მომსახურებაზე, რომელზეც სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება არ ფიქსირდება ჩამოწერა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მომსახურების ღირებულების პროპორციულად განისაზღვრა გავლილი მანძილი და გახარჯული საწვავის ოდენობა. შემოწმებით შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდნეობებს შორის სხვაობით გაანგარიშდა სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები და გადანაწილდა დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა, რომლის გახარჯვაც არ დასტურდება. ამასთან, 2023 წლის 13 სექტემბრის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №22260 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რის შედეგადაც კომპანიას ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოუვლინდა. შემოწმებით, ანალიზის შედეგად გაანგარიშებული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდილს წყაროსთან. აღნიშნულის შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული შეძენილი საწვავის გახარჯვა/ჩამოწერები. შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლილი მანძილი, გაანგარიშებულ იქნა აღნიშნული მანძილის გასავლელად საჭირო საწვავის რაოდენობა. ამასთან ისეთ მომსახურებაზე, რომელზეც სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება არ ფიქსირდება ჩამოწერა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მომსახურების ღირებულების პროპორციულად განისაზღვრა გავლილი მანძილი და გახარჯული საწვავის ოდენობა. შედეგად შემოწმებით შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდენობებს შორის სხვაობით გაანგარიშდა სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 6 მარტის №1001789824 ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დოკუმენტზე და საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ არ დასტურდება კომპანიის მიერ დამატებით მომსახურების გაწევის ფაქტი, შესაბამისად დაუსაბუთებელია შემოწმებით შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდნეობებს შორის სხვაობით სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლების განსაზღვრა და აღნიშნული საკითხი მ.შ. კვალიფიკაციის ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საწვავის ხარჯთან დაკავშირებით საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, შეისწავლოს შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდენობებს შორის სხვაობით გაანგარიშებული სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლის განსაზღვრის საკითხი, მ.შ. კვალიფიკაციის ნაწილში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საწვავის ხარჯთან დაკავშირებით საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, შეისწავლოს შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდენობებს შორის სხვაობით გაანგარიშებული სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლის განსაზღვრის საკითხი, მ.შ. კვალიფიკაციის ნაწილში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ შესყიდული და ჩამოწერილი საწვავის რაოდენობობებს შორის სხვაობით გაანგარიშებულ სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33207 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 246 059 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 145 179 ლარი, ჯარიმა 70 608 ლარი და საურავი 30 272 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154; 73 (4,5,9).