გადაწყვეტილება №25692/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.12.2025
№ დოკუმენტი 25692/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25692/2/2025

11 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25692/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დარიცხული დღგ-ის შემცირება და ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების გათვალისწინება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №006-70 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16743 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 327 800,75 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 207 905

დღგ - 41 839

საშემოსავლო გადასახადი - 166 066

ჯარიმა - 95 643

საურავი - 24 252,75

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს ეკონომიკური საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით. საწარმო საქონლის შეძენას ახორციელებს, როგორც ადგილობრივად, ასევე პირდაპირი იმპორტის გზით და ასევე საბაჟო საწყობში.

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 18.01.2023 წლიდან 1.10.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №006-70 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16743 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა 664 266 ლარი ოდენობით შპს ------- (ს/ნ -------) მიმართ, რაც წარმოქმნილია 2023 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში საქონლის რეალიზაციით. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა დებიტორული დავალიანების ნამდვილობას. მ.შ. მოთხოვნილი იქნა შედარების აქტის წარმოდგენა დებიტორული დავალიანების დადასტურების მიზნით. შემოწმების პროცესში შპს ------- (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილია წერილი №-------, სადაც აცხადებს, რომ 2024 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შპს ------- (ს/ნ -------) მიმართ დავალიანება არ ერიცხება. საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ, შპს ------- (ს/ნ -------) ვალის ამოღებაზე საჩივრით მიმართა სასამართლოს, თუმცა საჩივარი დახარვეზდა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს. შემოწმებით, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა 664 266 ლარის ოდენობით შპს ------- (ს/ნ -------) მიმართ, რაც წარმოქმნილია 2023 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში საქონლის რეალიზაციით. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა დებიტორული დავალიანების ნამდვილობას. მ.შ. მოთხოვნილ იქნა შედარების აქტის წარმოდგენა დებიტორული დავალიანების დადასტურების მიზნით. შემოწმების პროცესში შპს ------- (ს/ნ -------) მიერ წარმოდგენილია წერილი, სადაც აცხადებს, რომ 2024 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შპს -------- (ს/ნ -------) მიმართ დავალიანება არ ერიცხება. შემოწმებით, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ არასწორია დებიტორული დავალიანების ხელფასად განხილვა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ვინაიდან აღნიშნული იწვევს 50% ჯარიმის დარიცხვას და ხელფასად განხილვა უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ სრულად შესამოწმებელ პერიოდზე გადანაწილებით, რაც გამოიწვევს 10% ჯარიმის დარიცხვას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების დანართი №11-ზე, სადაც აღნიშნულია, რომ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება ჩაითვლება, როგორც საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ დავალიანების ანაზღაურების თარიღში, საწარმოს დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას, ხოლო რაც შეეხება დავალიანების ანაზღაურების საკითხს აღნიშნული საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორული დავალიანების ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი, კერძოდ, შესწავლის მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა მესამე პირისგან გამოითხოვოს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, თუ დოკუმენტურად არ დადასტურდება დავალიანების ანაზღაურების ფაქტი, დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგად გადასახადისა და სანქციის თანხები დარიცხულია დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩნევის გამო, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საგადახადო შემოწმების აქტის მიხედვით დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩვევა მოხდა ყოველგვარი დასაბუთებისა და ყოველგვარი მტკიცებულებების მოძიების გარეშე, ამასთან შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები, რის გამოც მოხდა დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩნევა, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზანმიმართულად დამახინჯებულია. შემოწმების აქტში მითითებულია არასწორი და შეცდომის შემცველი ჩანაწერი, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანიის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი დებიტორული დავალიანების იძულებითი წესით ამოღებასთან დაკავშირებით დახარვეზდა სასამართლოს მხრიდან და ხარვეზიც მომჩივნის მხრიდან თითქოსდა არ იქნა გამოსწორებული. შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მტკიცებით შემოწმების აქტის შედგენის მომენტისთვის დებიტორული დავალიანების საკითხთან დაკავშირებით დავა სასამართლოში არ მიმდინარეობს და აღნიშნული საჩივრის განხილვა სასამართლოში შეწყვეტილია, რაც რბილად რომ ვთქვათ არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, დარიცხვის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია მყიდველი მხარის წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მას აღნიშნული ვალდებულება არ ერიცხება, არც შემოწმების აქტიდან და არც აუდიტორების მიერ მოძიებული სხვა მტკიცებულებებიდან არ იკვეთება ის თუ როდის იქნა გადახდილი ამ კომპანიის მხრიდან ან რამდენად გადახდილი იქნა ეს თანხები სინამდვილეში. გარდა ამისა, შემოწმების აქტში არ არის მინიშნება იმის შესახებ, რომ კომპანია არაერთხელ მანამდეც ცდილობდა ვალის ამოღებას, რაც საერთო ჯამში მიანიშნეს იმაზე, რომ არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარემოებებისა და პირდაპირ არის დარღვეული მოქმედი კანონმდებლობა, მ.შ. შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩნევის შესახებ.

კატეგორიულად მიუღებელია აღნიშნულ დასაბუთება და არგუმენტაცია და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან გადასახადის დარიცხვა მოხდა მტკიცებულებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე აუდიტორების ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე. აუდიტორმა ყოველგვარი მტკიცებულების მოპოვების გარეშე მხოლოდ და მხოლოდ მეორე მხარის განცხადებების საფუძველზე დაარიცხა ასეულობით ათასი ლარის ძირითადი გადასახადისა და ჯარიმა-საურავის თანხები ისე, რომ საკითხი საერთოდ არ იქნა შესწავლილი და არ იქნა გააზრებული ის შედეგები, რაც აქტით თანხების დარიცხვის შემდგომ იქნა მიღებული.

ყველა კანონიერი საშუალება იქნა გამოყენებული ამ ვალის ამოსაღებად, კერძოდ დებიტორული დავალიანების ამოსაღებად სარჩელი სასამართლოში გაგზავნილი იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, სასამართლოს მხრიდან დადგენილი ხარვეზი, რაც გამოსწორებული იქნა დროულად და სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. ამჟამად საქმე არის არათუ შეწყვეტილია, არამედ მიმდინარეობს სასამართლო დავა და მეორე მხარის მხრიდან შესაგებელის წარმოუდგენლობისა და სასამართლოს სრული იგნორირების გამო მოთხოვნილია დაუსწრებელი განჩინების გამოცემა. სასამართლოს მხრიდან მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა და შესაბამისი განჩინება გასაჯაროვებული იქნა სასამართლო პორტალზე, რის გამოც უახლოეს მომავალში იქნება გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დარიცხვა მოხდა არასწორ ფაქტებზე და დაუსაბუთებელ მსჯელობაზე დაყრდნობით, რაც ეფუძნება არათუ საგადასახადო შემოწმების მოპოვებულ მტკიცებულებებს არამედ შემმოწმებლის ვარაუდებს. აუდიტორების მხრიდან ხდება არასწორ და შეცდომაში შემყვან ფაქტებზე აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა არ მომხდარა ხარვეზის გამოსწორება და შესაბამისად ამ ეტაპზე ვითომცდა არ მიმდინარეობს სასამართლო დავის განხილვა, რაც მათი აზრით მიჩნეული უნდა იქნეს დავალიანების ამოღებად.

აუდიტორებს ყოველ მხრივ უნდა მოეხდინათ საკითხის შესწავლა და ფაქტების გადამოწმება, დაზუსტებით უნდა გაერკვიათ დებიტორული დავალიანების გასაჩივრებისა და სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოებაში მიღების ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოეხდინათ საკუთარი ვარაუდების გამოთქმა და თანხის დარიცხვა, რაც სამწუხაროდ მათი მხრიდან არ განხორციელდა.

კომპანია სარჩელის წარდგენამდეც არაერთხელ ცდილობდა აღნიშნული ვალის ამოღებას, რასთან დაკავშირებითაც წარდგენილი იქნა არაერთი მოთხოვნის წერილი ვალის ამოღებასთან დაკავშირებით (დანართი, წერილი ვადადამდგარი დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით), რაც სამწუხაროდ არც კი იქნა გაჟღერებული საგადასახადო შემოწმების აქტში და საერთოდ არ იქნა მიღებული მხედველობაში. აღნიშნული წარმოადგენს მეორე ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რაც ადასტურებს აუდიტორების მხრიდან ფაქტების დამახინჯების მცდელობას. ვალის ამოღების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტთან დაკავშირებული სპეკულაციისა და ვალის ამოღების მცდელობის ფაქტების არ გათვალისწინებით აუდიტორების მხრიდან ხდება არასწორი სურათის წარმოჩენა დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩნევასთან დაკავშირებით.

კომპანიის მთლიანი ბრუნვებიდან და გადახდილი გადასახადების მთლიანი თანხიდან გამომდინარე (მხოლოდ 2023 წელს წლიური ამონაგები შეადგენდა 48 მილიონ ლარს, 2023 წლიდან დღემდე გადახდილი გადასახადი აღემატება 14 მილიონ ლარს), არ არის სამართლიანი ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის საერთო თანხასთან შედარებით ასეთი მცირე თანხის ოპერაციის გადაკვალიფიცირება, მით უფრო მაშინ, როდესაც არანაირი მტკიცებულება არსებობს დებიტორული დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, ამას გარდა თანხის გადახდის დოკუმენტი მეორე მხარის მხრიდან სასამართლოზეც კი არ არის წარმოდგენილი. მხოლოდ შპს ------- განმარტებაა იმასთან დაკავშირებით, რომ მას დავალიანება 2024 წლის 1 მარტის მდგომარებით არ გააჩნია, არ არის საკმარისი საფუძველი დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩვევისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც აქტში ერთი სიტყვაც არ არის აღნიშნული იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნა აღნიშნული დავალიანება გადახდილი. დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩნევა ზემოთ ხსენებული საფუძვლით არის ყოველად დაუშვებელი და უსაფუძვლო მაშინ, როდესაც 2023 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით მიღებაჩაბარების აქტის საფუძველზე (რომელიც შემმოწმებლებისთვისაც იქნა მიწოდებული) ორმხრივად დასტურდება დავალიანების არსებობის ფაქტი. აღნიშნულ პირობებში, აუდიტორებს ყოველ მხრივ უნდა შეესწავლათ ზემოთ ხსენებული საკითხი და მხოლოდ ამის შესახებ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება დავალიანების ამოღებულად მიჩნევასთან დაკავშირებით.

გარდა აღნიშნულისა დარიცხვა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას კიდევ ერთი მიზეზის გამო, ვინაიდან ერთის მხრივ კომპანიის მხრიდან სრულად მოხდა კანონით დადგენილი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ვალის ამოღების უზრუნველსაყოფად, მეორეს მხრივ საქმე ეხება ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ პირს, რომელიც არ არის გათავისუფლებული მოგების გადასახადისგან. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა დებიტორული დავალიანების ამოღების უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არასწორია, ვინაიდან აღნიშნული დავალიანების არ ამოღების შემთხვევაშიც კი ოპერაცია შინაარსობრივად წარმოადგენს ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ პირზე უსასყიდლო მიწოდებას, რაც არ ექვემდებარება დაბეგვრას არც მოგების გადასახადით და არც საშემოსავლო გადასახადით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ აქტში მოყვანილი მსჯელობა არის სრულიად გაუაზრებელი და ვერ პასუხობს დადგენილ სტანდარტებს ე.წ. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენების ნაწილში. გარდა ამისა არ არის დაცული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის შესახებ გამოცემული მეთოდური მითითება და ის ეტაპები, რაც უნდა იქნეს დაცული ოპერაციის გადაკვალიფიცირების დროს.

მორიგი მნიშვნელოვანი დეტალი და უზუსტობა საგადასახადო შემოწმების აქტში არის ის, რომ არ არის გათვალისწინებული დებიტორული დავალიანების ამოღებულად მიჩნევის შესახებ მეთოდური მითითება, რომელიც მ.შ. მიესადაგება ამ შემთხვევასაც. მეთოდურ მითითებაში გასაგებად წერია, რომ თუ გადასახადის გადამხდელმა ვალის ამოღების მიზნით მიმართა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებს (მაგალითად, მიმართა სასამართლოს), მის მიმართ აღნიშნული მეთოდური მითითება არ უნდა იქნეს გავრცელებული და დებიტორული დავალიანება არ უნდა იქნეს მიჩნეული ამოღებულად. აუდიტორებმა ეს უკანასკნელიც ვერ გაითვალისწინეს (დაზუსტებით მომხდარიყო იმის გარკვევა მიიღო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში თუ არა) და სრულიად უსაფუძვლოდ დაარიცხეს რამდენიმე ასეულობით ათასი ლარის თანხა ძირითადი გადასახადისა ჯარიმისა თუ საურავის ნაწილში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული მეთოდური მითითება დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით იცვლება, აქვს ამ მეთოდური მითითების პროექტიც კი რისი მიხედვითაც ის აღარ უნდა გავრცელდეს ადგილობრივ რეალიზაციებზე. მეთოდური მითითების პროექტის მიხედვით ის უნდა შეეხოს მხოლოდ უცხოეთში მიწოდების ოპერაციებს. გარდა ამისა, არის სხვა მტკიცებულებებიც, რაც ადასტურებს, რომ ოპერაციის შეფასება მომხდარია არასწორად, რის გამოც ვითხოვთ დარიცხული თანხის შემცირებას.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე საწარმოსთვის დარიცხული თანხები არასწორია. შესაბამისად, მოითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული დღგ-ის და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და შედეგად შეუმცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

გასათვალისწინებელია არაერთი შეცდომა საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოსდა კომპანიამ 2022 წელს განახორციელა მთელი ოპერაციები, ასევე, კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი მითითებულია ასეთად 2022 წლის იანვრის თვიდან. კომპანია დაფუძნებულია 2023 წელს, შემოწმების პერიოდიც იწყება 2023 წლის იანვრიდან. ამ ფონზე დღემდე გაუგებრად რჩება როგორ მოხდებოდა რაიმე სახის ოპერაციის განხორციელება 2022 წელს, ასევე როგორ შეიძლებოდა კომპანიას დირექტორი ჰყოლოდა 2022 წლიდან? ასეთი შეცდომა შემოწმების აქტში არის უამრავი, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვებს ზემოთ ხსენებულთან დაკავშირებით. შესაძლოა შემმოწმებელმა შემოწმების დროს შესაძლოა დაუშვას რამდენიმე მექანიკური შეცდომა, თუმცა ეს შეცდომა იმდენჯერ არის დაშვებული, რომ რბილად რომ ვთქვათ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა 664 266 ლარი ოდენობით შპს ------- (ს/ნ -------) მიმართ, რაც წარმოქმნილია 2023 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში საქონლის რეალიზაციით. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა დებიტორული დავალიანების ნამდვილობას. მ.შ. მოთხოვნილი იქნა შედარების აქტის წარმოდგენა დებიტორული დავალიანების დადასტურების მიზნით. შპს ------- (ს/ნ -------) №------- წერილში მიუთითებს, რომ 2024 წლის პირველი მარტის მდგომარეობით შპს ------- (ს/ნ -------) მიმართ დავალიანება არ ერიცხება. საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდგომ, შპს ------- (ს/ნ -------) ვალის ამოღებაზე საჩივრით მიმართა სასამართლოს, თუმცა საჩივარი დახარვეზდა.

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების აქტში მითითებულია არასწორი და შეცდომის შემცველი ჩანაწერი, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანიის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი დებიტორული დავალიანების იძულებითი წესით ამოღებასთან დაკავშირებით დახარვეზდა სასამართლოს მხრიდან და ხარვეზიც მომჩივნის მხრიდან თითქოსდა არ იქნა გამოსწორებული. დარიცხვის ერთადერთ საფუძვლად მითითებულია მყიდველი მხარის წერილი, რომ თითქოსდა მას აღნიშნული ვალდებულება არ ერიცხება, არც შემოწმების აქტიდან და არც აუდიტორების მიერ მოძიებული სხვა მტკიცებულებებიდან არ იკვეთება ის თუ როდის იქნა გადახდილი ამ კომპანიის მხრიდან ან რამდენად გადახდილი იქნა ეს თანხები სინამდვილეში. ამჟამად საქმე არის არათუ შეწყვეტილია არამედ მიმდინარეობს სასამართლო დავა და მეორე მხარის მხრიდან შესაგებელის წარმოუდგენლობისა და სასამართლოს სრული იგნორირების გამო მოთხოვნილია დაუსწრებელი განჩინების გამოცემა. სასამართლოს მხრიდან მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა და შესაბამისი განჩინება გასაჯაროვებული იქნა სასამართლო პორტალზე, რის გამოც უახლოეს მომავალში იქნება გამამართლებელი განაჩენი სასამართლოს მხრიდან. კომპანია სარჩელის წარდგენამდეც არაერთხელ ცდილობდა აღნიშნული ვალის ამოღებას, რასთან დაკავშირებითაც წარდგენილი იქნა არაერთი მოთხოვნის წერილი ვალის ამოღებასთან დაკავშირებით. 2023 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით მიღებაჩაბარების აქტის საფუძველზე (რომელიც შემმოწმებლებისთვისაც იქნა მიწოდებული) ორმხრივად დასტურდება დავალიანების არსებობის ფაქტი. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა დებიტორული დავალიანების ამოღების უტყუარი მტკიცებულებების გარეშე არასწორია, ვინაიდან აღნიშნული დავალიანების არ ამოღების შემთხვევაშიც კი ოპერაცია შინაარსობრივად წარმოადგენს ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასულ პირზე უსასყიდლო მიწოდებას, რაც არ ექვემდებარება დაბეგვრას არც მოგების გადასახადით და არც საშემოსავლო გადასახადით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ აქტში მოყვანილი მსჯელობა არის სრულიად გაუაზრებელი და ვერ პასუხობს დადგენილ სტანდარტებს ე.წ. შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენების ნაწილში. გარდა ამისა არ არის დაცული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის შესახებ გამოცემული მეთოდური მითითება და ის ეტაპები, რაც უნდა იქნეს დაცული ოპერაციის გადაკვალიფიცირების დროს.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16743 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორული დავალიანების ხელფასად დაკვალიფიცირების საკითხი, კერძოდ, მესამე პირისგან გამოითხოვოს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, თუ დოკუმენტურად არ დადასტურდება დავალიანების ანაზღაურების ფაქტი, დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16743 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. დარიცხული დღგ-ის შემცირება და ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების გათვალისწინება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ საწარმო კანონმდებლობის დარღვევით ახორციელებს კორექტირების შედეგად გამოწვეული დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას, კერძოდ საწარმოს შპს ------- (ს/ნ -------) 2023 წლის სექტემბრის თვეს გამოწერილი აქვს 3 854 967 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, 2023 წლის ოქტომბერში ზემოთ ხსენებული ავანსის თანხა კორექტირდება/მცირდება 2 500 000 ლარით, ამავდროულად ამავე თვეს ხდება საქონლის მიწოდება შპს -------, საიდანაც 284 341 ლარი ინაშთება დარჩენილი ავანსიდან, შედეგად დარჩენილი ავანსის თანხა შეადგენს 1 070 627 ლარს. 2023 წლის ნოემბერში გადასახადის გადამხდელი სრულად აკორექტირებს/ამცირებს დარჩენილ ავანსს 1 354 967 ლარით, ნაცვლად 1 070 627 ლარისა.

შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 43 373 (284 341/1,18*0,18) ლარის დღგ. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 179-ე მუხლის მუხლების გათვალისწინებით დაანგარიშდა საანგარიშო პერიოდის დღგ-ის თანხა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164- ე, 168-ე, 179-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი კანონმდებლობის დარღვევით ახორციელებდა კორექტირების შედეგად გამოწვეული დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას. აღნიშნული სხვაობები შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად არის სხვა დარიცხვები გადასახადის ნაწილში (დღგ), ასევე არ მოხდა დღგ-ში, მოგების გადასახადში, საშემოსავლო გადასახადსა და სხვა გადასახადებში ზედმეტად დაბეგრილი გადასახადების შემცირება, რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადების ძირითადი გადასახადის განულება, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ჯარიმის განულებასაც, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დარიცხული ჯარიმის ჯამური თანხა არ უნდა იყოს ძირითადი გადასახადის ჯამურ თანხაზე მეტი. აქედან გამომდინარე უნდა შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები, ასევე ზედმეტად დაბეგრილი გადასახადების გათვალისწინება (შემცირება) და ამ უკანასკნელის საფუძველზე დარჩენილი ჯარიმის განულება საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.

გარდა ამისა ჯარიმის დარიცხულია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის სხვა ნაწილების დარღვევის პირობებში, კერძოდ შემოწმების პერიოდში ამოსაღები დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ამოღებულად და დაიბეგრა ხელფასად საგადასახადო შემოწმების ბოლოს, რის გამოც დარიცხულია საშემოსავლო გადასახადის თანხა და 50%-იანი ჯარიმა. საკმარისზე მეტი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი იმის დასამტკიცებლად, რომ ეს დებიტორული დავალიანება არ არის ამოღებული, თუმცა ამის მიუხედავად, იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ დებიტორული დავალიანების ამოღება მართლაც მოხდა, 100%-ით იმის მტკიცება, რომ ის ერთ თვეში, თანაც შემოწმების ბოლო პერიოდში გაიცა, არის სრული აბსურდი. დებიტორული დავალიანების ნაწილობრივ ამოღებულად მიჩნევისა და ნაწილნაწილ ხელფასად გაცემის შემთხვევაში კი კომპანიის მიერ დეკლარირებული გადასახადის ოდენობიდან გამომდინარე გამოვიდოდა, რომ შემცირებული თანხა იმ პერიოდის გადასახადის თანხის 5%-ზე ნაკლებია (კომპანიის მხოლოდ 1 წლის წლიური ბრუნვა 50 მილიონ ლარამდეა ხოლო გადახდილი გადასახადი 14 მილიონ ლარზე მეტი), რაც შედეგად გამოიწვევდა 10%-იანი ჯარიმის დაკისრებას 50%-იანი ჯარიმის მაგივრად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დარიცხული ჯარიმის მთლიან თანხას.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 95 643 ლარი, აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2025 წლის №006-70 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 24.252.75 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე 272-ე, 269-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაში კერძოდ დებიტორული დავალიანების დაბეგვრის სრულად შემცირების, ზედმეტად დაბეგრილი გადასახადების დარიცხვის ნაწილობრივ შემცირების და მეტობით გადახდილი გადასახადების თუნდაც ნაწილობრივ შემცირების შემთხვევაშიც კი შესაძლოა დარჩეს დარიცხვა, რომელიც უკავშირდება დღგ-ის თანხის კორექტირების საკითხისა და დღგ-ის განაშთვის გამო დარიცხულ ჯარიმას. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული მოთხოვნების გათვალისწინების გამო დარჩება აღნიშნული სანქციის თანხა, ითხოვს აღნიშნული სანქციისგან გათავისუფლებას გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებისა და დაშვებული შეცდომის გამო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიის მხრიდან გადახდილი გადასახადი 2 წლის განმავლობაში შეადგენს 14 მილიონ ლარს, დებიტორული დავალიანების საკითხის დაკმაყოფილების შემთხვევაში (მაშინაც კი თუ სხვა მოთხოვნები ნაწილობრივ იქნება გათვალისწინებული) შესაძლოა დარჩეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის დარიცხვა, რაც არ არის არსებითი თანხა ასეთი ბრუნვების მქონე კომპანიისათვის. გადასახადების დამალვის განზრახვის არსებობის შემთხვევაში შემოწმების შედეგად არათუ რამდენიმე ათეული ათასი ლარის, არამედ რამდენიმე მილიონის ლარის დარიცხვა მოხდებოდა. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ არ ჰქონია ადგილი გადასახადების მიზანმიმართულად დამალვას, რაც იძლევა საკმარისი მტკიცების საფუძველს, რომ მოითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ასევე გამომდინარე საწარმოს ქცევის რეიტინგიდან (რაც გააჩნდა კომპანიას თანხის დარიცხვამდე) ითხოვს შეუმცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი,21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მე-2 დავის საგანთან (დარიცხული დღგ-ის შემცირება და ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების გათვალისწინება) დაკავშირებით, მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მოთხოვნა რჩება მხოლოდ ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან შეცდომით მოხდა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რაც მეორე მხარის მიერაც შეცდომით იქნა დადასტურებული.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დარიცხული დღგ-ის შემცირება და ზედმეტად დეკლარირებული გადასახადების გათვალისწინება;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა დებიტორული დავალიანების ნამდვილობას. შემოწმებით, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი კანონმდებლობის დარღვევით ახორციელებდა კორექტირების შედეგად გამოწვეული დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას. აღნიშნული სხვაობები შემოწმების მიერ დაიბეგრა დღგ-ით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 269