გადაწყვეტილება №24709/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24709/2/2025
07 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 7.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24709/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №001-211 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის №411 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 34 955, 67 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 18 906
ჯარიმა - 9 453
საურავი - 6 596, 67
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ნოემბერს საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმდა, ეა---- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე 2021 წლის იანვრის, მარტის, აპრილის და აგვისტოს, 2022 წლის ნოემბრის და დეკემბრის პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №24850 ბრძანება და №001-211 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.01.2025 წლის №411 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება ფაქტების აღწერა
კომპანიამ 2021 წელს შეიძინა მძიმე ტექნიკა (ტრაქტორი) შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რომლის ავანსიც გადარიცხული აქვს 2020 წლის ოქტომბერში. ავანსის ანგარიშ-ფაქტურა (ავ----), რომლის საანგარიშო პერიოდი არის 2020 წლის ოქტომბერი, გადასახადის გადამხდელმა ჩაითვალა 2021 წლის იანვარში (მომწოდებლის მიერ დაბეგრილია შესაბამის საანგარიშო პერიოდში). ამასთან, არ განაშთა საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----) და ჩაითვალა 2021 წლის აგვისტოში. შემოწმების შედეგად, შემცირდა 2021 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დუბლირებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მითითებული სამართალდარღვევა განპირობებული იყო მხოლოდ ტექნიკური მიზეზით, ვინაიდან ავანსის და მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში არ მოხდა ერთი და იმავე დასახელებით საქონლის მითითება და შესაბამისად, კომპანიის საქმეთა მოცულობის გათვალისწინებით, ვერ დაიდენტიფიცირდა ორ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული ერთი და იგივე საქონელი. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ამასთან, კომპანია დროულად იხდის გადასახადებს ათეულობით წლის განმავლობაში, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოადგენს დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში დუბლირებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, მართებულია ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არსებით არგუმენტს აღნიშნულთან დაკავშირებით. ითხოვს დარიცხული დღგ-ის გაუქმებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №001-211 საგადასახადო მოთხოვნით გარდა დღგ-ის დარიცხვისა დამატებით დაეკისრა ჯარიმა - 9 453 ლარი და საურავი - 6 596, 67 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე რომელთა მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო სანქციები განსაზღვრულია მართლზომიერად და შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე 2021 წლის იანვრის, მარტის, აპრილის და აგვისტოს, 2022 წლის ნოემბრის და დეკემბრის პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორე. შემოწმების შედეგად, შემცირდა 2021 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდის ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 175; 176; 269 (7).