ბრძანება N 25813

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.10.2023
№ დოკუმენტი 25813
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25813

18 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ს (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) 2023 წლის 28 ივლისის №82688/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №006-342 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდას. აცხადებს, რომ ფასნამატი არასწორად არის განსაზღვრული, საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 7-8% და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს რეალიზაციის 99%-ს, რაც შემოწმებით არ არის გათვალისწინებული.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6485 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 ივლისის №16418 ბრძანება და ამავე თარიღის №006-342 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 409 340 ლარი, მათ შორის, გადასახადი 232 439 ლარი, ჯარიმა 116 220 ლარი და საურავი 60 681 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს კვების ობიექტების მომარაგება. შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც საქონლის ჩამოწერა ხორციელდებოდა პერიოდულად. გადამხდელის განმარტებით, პერიოდის ბოლოსთვის ატარებდა ინვენტარიზაციას და აღნიშნული შედეგების მიხედვით ახორციელებდა ბუღალტრულად ნაშთის დატოვებას (ასევე, წარმოადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება პერიოდის ბოლოს არსებული სმფ-ის ნაშთის შესახებ) და აღნიშნავდა, რომ რეალიზაციას ახორციელებდა დოკუმენტით. შემოწმებით დადგინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 99%-ს, ხოლო რეალიზაცია არაიდენტიფიცირებად მყიდველებზე - 1%-ს. გადამხდელს პერიოდის ბოლოსთვის უნდა დარჩენოდა იმაზე მეტი ნაშთი, ვიდრე ინფორმაცია იქნა მოწოდებული. გადამხდელმა შემოწმების პროცესში განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება და საქონელი ჩამოწერა დოკუმენტების მიხედვით, ამასთან, შედეგებიდან გამომდინარე გაზარდა პერიოდის ბოლოსთვის ნაშთები. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის მოგების გადასახადის დეკლარაციაში 2022 წლის ბოლოს არსებული სმფ-ების ნაშთი დაფიქსირებულია მცირე ოდენობით, შემოწმებით პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მისივე დოკუმენტურად რეალიზაციის ფასნამატით (2020 წელს - 7,46%, 2021 წელს - 11,89%, 2022 წელს - 13,74%). აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავლით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის 99% მიღებულია დოკუმენტური რეალიზაციიდან, ხოლო 1% - არაიდენტიფიცირებად მყიდველებზე განხორციელებული რეალიზაციებიდან. შემოწმებით გაირკვა, რომ გადამხდელს პერიოდის ბოლოსთვის უნდა დარჩენოდა იმაზე მეტი ნაშთი, ვიდრე ინფორმაცია იქნა მოწოდებული. გადამხდელმა შემოწმების პროცესში განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება და საქონელი ჩამოწერა დოკუმენტების მიხედვით, ასევე, გაზარდა პერიოდის ბოლოსთვის ნაშთები. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შემოწმებით პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებულ იქნა ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მისივე დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“-ს (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდას. აცხადებს, რომ ფასნამატი არასწორად არის განსაზღვრული.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს კვების ობიექტების მომარაგება. შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც საქონლის ჩამოწერა ხორციელდებოდა პერიოდულად. შემოწმებით დადგინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 99%-ს, ხოლო რეალიზაცია არაიდენტიფიცირებად მყიდველებზე - 1%-ს. გადამხდელს პერიოდის ბოლოსთვის უნდა დარჩენოდა იმაზე მეტი ნაშთი, ვიდრე ინფორმაცია იქნა მოწოდებული. გადამხდელმა შემოწმების პროცესში განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება და საქონელი ჩამოწერა დოკუმენტების მიხედვით, ამასთან, შედეგებიდან გამომდინარე გაზარდა პერიოდის ბოლოსთვის ნაშთები. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ 2023 წლის მარტის მოგების გადასახადის დეკლარაციაში 2022 წლის ბოლოს არსებული სმფ-ების ნაშთი დაფიქსირებულია მცირე ოდენობით, შემოწმებით პერიოდის ბოლოსთვის გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ნაშთები და აღნიშნულ ნაშთებსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად მისივე დოკუმენტურად რეალიზაციის ფასნამატით (2020 წელს - 7,46%, 2021 წელს - 11,89%, 2022 წელს - 13,74%). აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავლით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ამასთან, აღნიშნული რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 159(1"ა""ბ"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა")(2"ა")(3"ა"), 43(4).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160, 161(1"ა"), 171(1).