გადაწყვეტილება №24457/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24457/2/2024
20 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ის 16.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24457/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 სექტემბრის №006-441 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24329 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 529 316,14 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 291 852
დღგ - 112 573
საშემოსავლო გადასახადი - 179 279
ჯარიმა - 153 982
საურავი - 83 482,14
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 24 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 სექტემბრის №21110 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 441 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.11.2024 წლის №24329 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს ირანიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირებული ჰქონდა ოთახის ფეხსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, რეზინის ჩექმა, სპორტული ფეხსაცმელი და ა.შ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საგადასახდო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემების, ასევე საარქივო სამმართველოდან მიღებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის და იურიდიული მისამართების მიხედვით ვერ მოძებნა გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 55%-ის ოდენობით, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2024 წლის 7 ნოემბერს 11:00 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო:
მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ამ მუხლში მითითებული არც ერთი პირობა არ არის დაკმაყოფილებული, შესაბამისად აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ადგილი არ აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას, ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი არ აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს, მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში არ გამოვლენილა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა, არ არის გამოვლენილი რაიმე სხვაობა დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ამასთან, ფაქტიურად მომჩივანს ჰქონდა 10-18 პროცენტი ფასნამატი, რაც გამოწვეულია იმით რომ მომჩივანს არ ჰქონდა ფართი ნაქირავები და ხდებოდა რეალიზაცია საბითუმოდ, ასევე კერძოდ გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებებთან, შეკვეთა იგვიანებდა და ამის გამო სეზონური თვალსაზრისითაც იყო აცდენა - და ასევე რადგან კომპანიას არ გააჩნია იჯარით აღებული ფართი ის ცდილობს დაბალი საპროცენტო განაკვეთით იმუშაოს, ასევე პროდუქციას არ აქვს მაღალი ღირებულება, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის დაბალი ფასნამატი რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადამხდელმა ფუნქციონირება. ასევე შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია - რომელიც შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის.
გადამხდელს არ ჰქონდა იმდენი გამოცდილება, რომ უფრო მეტად ჩაეშალა პროგრამაში გაყიდვები, ამაში ხელს უშლიდა ისიც რომ საველე პირობები ახდენდა რეალიზაციას და არ ჰქონდა ფუფუნება რომ პარალელურად მყიდველის იდენტიფიცირება აესახა პროგრამაში. გადახდის ქვითრებით ახდენდა რეალიზაციას.
ასევე აღნიშნავს, რომ აქტში ნახსენები უარყოფითი ფასნამატი გამოწვეულია სარეალიზაციო პროდუქციის თავისებურებებით, კერძოდ გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია მოდასთან - სეზონთან და თუ ერთი სახის ხალათი, კაბა თუ ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი დღეს მოდაშია და აქვს მაღალი ღირებულება, ხვალ შეიძლება აღნიშნული საქონელი გამოვიდეს მოდიდან და მისი ნიშა უფრო სხვა, მოდურმა ნაკეთობამ დაიკავოს, ასევე სეზონურად მოხდეს პროდუქციის დაგვიანება და არასეზონზე გაყიდვა, შესაბამისად ამ საქონლის ფასი რამოდენიმეჯერ დაეცემა. სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის უარყოფითი ფასნამატი, რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადასახადის გადამხდელმა ფუნქციონირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე -3 ნაწილების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 2025 წლის 14 იანვრის №667-21-14 წერილის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს ირანიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან ოთახის ფეხსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, რეზინის ჩექმა, სპორტული ფეხსაცმელი და ა.შ. აუდიტის დეპარტამენტის მიერ 03.07.2024 წლის №21-14/50899 წერილით საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილია ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელსაც მომჩივანი გაეცნო 16.07.2024 წელს, თუმცა არ აქვს წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ასევე გათვალისწინებულია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილის თანახმად, სალარო აპარატის რეგისტრაციის და იურიდიულ მისამართზე ვერ მოიძებნა მომჩივანი. შესაბამისად, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. შემოწმებით განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელებულია აუდირებული ფასნამატი 55%.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და საგადასახადო ვალდებულებები, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. ამასთან, მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა
არაპირდაპირი მეთოდით იქნა განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, რომელიც ჩათვლილ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული საწარმოს განკარგვადი ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელს არ მიუღია სარგებელი. მან თავისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რასაც ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვა და ის გადარიცხვები რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით, აგრეთვე ნაღდი ფულით დაფარულია კრედიტორული დავალიანება.
ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა კონკრეტულ ერთი საეჭვო ციფრით პროცენტულ დარიცხვას და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ზაკ-ის მიხედვით ამავე აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით იქნა განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, რომელიც ჩათვლილ იქნა დირექტორზე ------- გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/დოკუმენტებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საგადასახდო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის და იურიდიული მისამართების მიხედვით ვერ მოძებნა გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია.
შემოწმების შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება, რაზედაც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 55%-ის ოდენობით, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
არაპირდაპირი მეთოდით იქნა განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, რომელიც ჩათვლილ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159