გადაწყვეტილება №79875/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№79875/1/2023
27.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №79875/1/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №077-2 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 78 878,86 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 37 182
დღგ - 16 868
საშემოსავლო გადასახადი - 20 314
ჯარიმა - 17 649 საურავი - 24 047,86
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 30.06.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2021 წლის №077-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.11.2021 წლის №36197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილებით:
- საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დღგით დასაბეგრი ბრუნვის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შესყიდვის აქტების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის ღირებულების გამოქვითვის საკითხთან დაკავშირებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანაკლისის დადგენის და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის მონაცემებში სხვაობის გამო დაკისრებული ჯარიმის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში კომუნალური და სხვა ხარჯების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით:
- საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის მონაცემებში სხვაობის გამო დაკისრებული ჯარიმის და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ აქტით დარიცხული თანხა გადაანგარიშებას არ ექვემდებარება;
დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შესყიდვის აქტების გათვალისწინების და დანაკლისის დადგენის და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების და დავების პროცესში წარმოდგენილი იქნა დამატებით შესყიდვის აქტები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და შიდა გადაზიდვის ზედნადებებზე. აღნიშნულის ანალიზით დადგინდა, რომ შიდა გადაზიდვებში დაფიქსირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგენს პირველადი შესყიდვის აქტებით შეძენილ საქონელს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 161-ე, 168-ე და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა გათავისუფლებული და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, მათ შორის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საკითხების ნაწილში დაკორექტირდა/შემცირდა აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში;
- ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების და დავების პროცესში წარმოდგენილი იქნა საიჯარო ხელშეკრულება. საკადასტრო კოდზე ----, შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იყო ხელშეკრულება 1.07.2019 წლის მდგომარეობით, რომლის საიჯარო თანხა შეადგენდა 570 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ხოლო, 3.01.2018 წლით დათარიღებული ხელშეკრულებით ქ. --- №---ში მდებარე ფართზე, საიჯარო თანხა შეადგენს 750 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ხელახლა იქნა შესწავლილი შესაბამისი დოკუმენტები და დადგინდა, რომ პირველ რიგში საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია 21.06.2020 წელს ---- ფართზე, მოიჯარე მხარე არ არის ი/მ --- და წარმოადგენს შეცვლილ ხელშეკრულებას, ხოლო საიჯარო თანხა შეადგენს 500 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი ახალი ხელშეკრულება დამატებით მტკიცებულებას არ წარმოადგენს შემოწმების პროცესში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. შესაბამისად, დარიცხული თანხა არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.
- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში კომუნალური და სხვა ხარჯების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გადაანგარიშების და დავების პროცესში წარმოდგენილი იქნა ამონაწერი ელექტროენერგიის ხარჯვა/გადახდასთან დაკავშირებით აბონენტ შპს ---ზე (აბონენტის №---, მისამართი: ---ს ქ. შენ. №---) და ახსნა-განმარტება. შემოწმების მიერ გაანალიზდა აღნიშნული ამონაწერი, ასევე საჯარო რეესტრის ბაზები და გადამოწმდა ინფორმაცია სს --- მიწოდებასთან და დადგინდა, რომ შპს ---ს დამფუძნებელია --- (პ/ნ ---), რომელიც იმავე მისამართზე, ---ს ქ. შენ. №---, ფლობს ფართს (ს/კ ---). გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ ფართში საქმიანობას ეწეოდა მხოლოდ ი/მ --- და მის მიერ ხდებოდა ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვა. შემოწმების მიერ არგუმენტირებულად იქნა მიჩნეული ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები და შესაბამისად, კორექტირებას დაექვემდებარება დარიცხული თანხა;
- დღგ-ის ჩასათვლელი თანხების საკითხთან დაკავშირებით გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დანართები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი) და ახსნა-განმარტება, ჩასათვლელ ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით. კერძოდ, შემოწმების პროცესში ვინაიდან ზოგიერთ სასაქონლო ზედნადებებთან ერთად არ იყო გამოწერილი ანგარიშფაქტურები გამყიდველის მხრიდან, ი/მ ---ს არ ჰქონდა შესაბამის შეძენებზე მიღებული ჩათვლები. გადაანგარიშების პროცესში გამყიდველების მხრიდან გამოიწერა ანგარიშფაქტურები ოპერაციის მოხდენის პერიოდებზე. აღნიშნული გარემოება იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე და მიღებული ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხები დაექვემდებარა ჩათვლას. შესაბამისად, გაიზარდა ჩასათვლელი დღგ და შემცირდა აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №077-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენებას და არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშებას. აღნიშნავს, რომ მეწარმე საქმიანობს 15.06.2016 წლიდან, მის საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, ხილ-ბოსტანი, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით, მისამართზე ----ში არსებულ იჯარით აღებულ ფართში. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ქსელური მარკეტები, რომლებიც მომიჯნავე ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და უშუალო კონკურენტია, ქსელურ მარკეტებს აქვს მარკეტინგული აქციები, ფასდაკლებები. ქსელური მარკეტი სადისტრიბუციო კომპანიებიდან ახდენს დიდი რაოდენობის საქონლის ერთად შეძენას, შესაბამისად სადისტრიბუციო კომპანიები თავის მხრივ პროდუქციას ერთად დიდი ოდენობით შეძენის დროს აწვდიან დაბალ ფასში, რაც ფაქტობრივად რადიკალურად განსხვავდება მეწარმის ასაღები ფასებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე მაღაზიაში გასაყიდი ფასები ვერ იქნება სხვის გასაყიდ ფასებზე არათუ მეტი არამედ თანაბარიც კი, ვინაიდან ქსელური მარკეტების ბრენდი დამატებით იზიდავს მომხმარებელს, ყოველდღიური აქციებით, ფასდაკლებებით, პროდუქციის ფართო არჩევანით და სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების საშუალებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქსელურ მარკეტებთან კონკურენციის გაწევის ერთადერთი ბერკეტი არის ფასის დაწევა და მეწარმე მუშაობს დაბალ ფასნამატზე, აქედან გამომდინარე მაღალი კონკურენციის პირობებში ხორციელდება საქმიანობა.
გაურკვეველია შემმოწმებლებმა, რატომ გამოიყენეს არაპირდაპირი მეთოდი, სამეწარმეო საქმიანობის სრულად ფუნქციონირების პერიოდში არცერთი სამართალდარღვევა არ არის გამოვლენილი, ასევე შემმოწმებლებმა თუ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, რატომ არ დაეყრდნო დოკუმენტურ ფასნამატს, სადაც დეკლარირებული ფასნამატი ფაქტობრივად ემთხვევა დოკუმენტურ ფასნამატს. ობიექტი განთავსებულია რეგიონში და სარეალიზაციო პროდუქციის დაახლოებით 20 %-ს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომლის შეძენა ხორციელდება ადგილობრივი გლეხებისგან, შესყიდვის აქტების მეშვეობით, აღნიშნული დოკუმენტაცია საერთოდ არ აქვს შემმოწმებელს გათვალისწინებული არც ხარჯვით ნაწილში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ბეგრავს დაუბეგრავ პროდუქციას, დროის სიმცირისა და პანდემიის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებს დაეყრდნო და საქმიანობის სიღრმისეული შესწავლა არ მომხდარა. შემოწმების პროცესში ვერ მოხდა შემმოწმებლისთვის საბუღალტრო პროგრამის მიწოდება, პანდემიის და შესაბამისი თანამშრომლის (ბუღალტრის) ჯანმრთელობის მდგომარების გამო.
ფაქტობრივად დასრულებულია საბუღალტრო პროგრამა ორისი და სრულყოფილი საბუღალტრო პროგრამა და დოკუმენტური ფასნამატის ცხრილები (დასახელებით, რაოდენობით, სახეობებით, ჯგუფებით) წარდგენილი იქნება როგორც დავის განმხილველი ორგანოსთვის, ასევე აუდიტის დეპარტამენტისთვის, სადაც თვალნათლივ ჩანს ყოველივე ზემოთ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი, რაც გამოწვეულია გასაგები მიზეზის, შემმოწმებლის მხრიდან დროთა სიმცირისა და პანდემიის გათვალისწინებით.
სარეალიზაციო პროდუქციის დაახლოებით 20%-ს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომელიც ფაქტობრივად შემმოწმებელს გამორჩა გაეთვალისწინებინა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტისგან (დაუბეგრავი/განთავისუფლებული) მიღებული შემოსავალი არ იღებს მონაწილეობას დღგ-ის გაანგარიშებაში, რაც ალბათ გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საკითხი №2-ს არ ეთანხმება და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხი დამატებით შეისწავლოს გადამხდელთან ერთად.
ობიექტი განთავსებულია რეგიონში და სარეალიზაციო პროდუქციის დაახლოებით 20 %-ს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტი, რომლის შეძენა ხორციელდება ადგილობრივი გლეხებისგან, შესყიდვის აქტების მეშვეობით, აღნიშნული დოკუმენტაცია საერთოდ არ აქვს შემმოწმებელს გათვალისწინებული, ასევე არ არასწორია დანაკლისი, ვინაიდან აუდიტორის მხრიდან მოხდა ფასნამატის ხელოვნური გაზრდა და შესაბამისად გამოვლინდა დანაკლისი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ შემმოწმებელი დაეყრდნობოდა დოკუმენტურ ფასნამატს, დანაკლისი არ გამოვლინდებოდა. ასევე თუ შემმოწმებელს აქაც არ აქვს დაუბეგრავი ბრუნვა გათვალისწინებული.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საკითხი №4-ს არ ეთანხმება და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხი დამატებით შეისწავლოს გადამხდელთან ერთად.
გაურკვეველია რამ გამოიწვია წლიურ დეკლარაციაში გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება, ვინაიდან გასათვალისწინებელია ხარჯების დამატება, კერძოდ იჯარით აღებული ფართზე რეგისტრირებული აბონენტის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გამოქვითვა და სხვა ხარჯები, რაც მოითხოვს დამატებით შესწავლას. ასევე არასწორია ---ს სხვა ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის ფასნამატის გამოყენება, ვინაიდან მეწარმე არის განსაკუთრებულად მაღალი კონკურენციის პირობებში, არის ქსელური მარკეტების გარემოცვაში და შესაბამისად ვერ იქნება შესადარისი სხვისი ფასნამატის გავრცელება, ამავდროულად აუდიტორს შეეძლო გაეთვალისწინებინა დოკუმენტური ფასნამატი და მასზე დაყრდნობით გაეკეთებინა გაანგარიშება, შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იყოს აღდგენილი სააღრიცხვო პროგრამა, რომელშიც ფაქტობრივად ყოველდღიურად მუშაობდა მეწარმე და შემოწმების დროს ვერ მოხერხდა შემმოწმებლისთვის საბუღალტრო პროგრამის მიწოდება, პანდემიის და შესაბამისი თანამშრომლის (ბუღალტრის) ჯანმრთელობის მდგომარების გამო და მასში ასახული მონაცემები წარმოადგენს საქმიანობის რეალურ სურათს. ასევე, წარმოგიდგენთ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებას.
გასათვალისწინებელია საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით განსაზღვრული უფლება. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებით შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. უნდა განხორციელდეს კუთვნილი დღგ-ის ჩათვლები შესამოწმებელ პერიოდში, რომელებზეც ფაქტობრივად გაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა და მომწოდებლის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, ან საგადასახადო ორგანო უნდა დაეხმაროს გადასახადის გადამხდელს კუთვნილი ჩათვლების მიღებაში, რაც მეწარმეს ძალებს აღემატება.
დავების განხილვის საბჭომ უნდა გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მეწარმე გაათავისუფლოს დამატებით დარიცხული სანქციების გადახდისაგან, ვინაიდან აღრიცხვა ხორციელდებოდა კანონის შესაბამისად და შესაბამისი დარიცხული გადასახადები გადახდილია სავადო თარიღში ბიუჯეტში, ასევე არცერთხელ არ არის დაჯარიმებული, შესაბამისად არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ადგილი არ ჰქონია წინასწარ განზრახვას სამართალდარღვევის ჩადენისა და აღნიშნული გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შეცდომით/არცოდნით, რომელიც მეწარმისთვისაც შემოწმების შედეგების გაცნობის დროს გახდა ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილებით დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების, ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შესყიდვის აქტების გათვალისწინების, დანაკლისის დადგენის და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში კომუნალური და სხვა ხარჯების გათვალისწინების და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მტკიცებულებები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის მონაცემებში სხვაობის გამო დაკისრებული ჯარიმის გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შესყიდვის აქტების გათვალისწინების და დანაკლისის დადგენის და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით დაკორექტირდა/შემცირდა აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში კომუნალური და სხვა ხარჯების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით კორექტირებას დაექვემდებარება დარიცხული თანხა. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ანგარიშფაქტურებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხები დაექვემდებარა ჩათვლას.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ სადავო საკითხი დაფიქსირებულია საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში შესყიდვის აქტების გათვალისწინების და დანაკლისის დადგენის და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვის გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით დაკორექტირდა/შემცირდა აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ფიზიკურ პირებზე გადახდილი საიჯარო თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში კომუნალური და სხვა ხარჯების გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით კორექტირებას დაექვემდებარება დარიცხული თანხა. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ანგარიშფაქტურებით გათვალისწინებული დღგ-ის თანხები დაექვემდებარა ჩათვლას.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 15.04.2022 წლის №15162/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,); 136; 73 (5); 269 (7).