გადაწყვეტილება №26269/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26269/2/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 4.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26269/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №007-248 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2025 წლის №24664 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 293 674,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 686 866,11
დღგ - 226 620,11
საშემოსავლო გადასახადი - 460 246
ჯარიმა - 441 132,2
საურავი - 165 676,21
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ---- ბაზრობის ტერიტორიაზე ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ვაჭრობა, საქონლის იმპორტს ახორციელებს ---დან.
აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე სანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში, წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც მონაცემები შეყვანილია ჯამურად, კერძოდ, ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზაციის შემთხვევაში რომელი საქონელი გაიყიდა და რომელი ჩამოიწერა. ამასთან, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების შესწავლით გაირკვა, რომ ძირითად შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით საქონლის რეალიზაციისას არ ხდება საკონტროლო-სალარო აპარატით სარგებლობა, ხოლო ჩეკები ძირითადად გამოწერილია დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციებზე, რომელიც დეკლარირებული შემოსავლის 14%-ს შეადგენს. დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი, თუმცა, შემოსავლის დოკუმენტებში მითითებულია გაყიდული საქონლის ზოგადი დასახელებები, რაც ხარჯის დოკუმენტებით შეძენილია სხვადასხვა ფასად. შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დადგინდა კონკრეტულად რომელი საქონელი რა თვითღირებულებით გაიყიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ განისაზღვრა საქონლის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები. ამასთან, დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ების საწყისი ნაშთი არ ერიცხება, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთით. კომპანიის დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სხვა საქონელი), შესაბამისი ჯგუფის მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით, იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები. ასევე, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგით დასაბეგრ ბრუნვაში.
გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება უძრავი ფულის ნაშთი. მისი განმარტებით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული დავალიანების ნაშთი არ ერიცხება, შესაბამისად, კრედიტორული დავალიანებების ნაშთების, შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გაანგარიშდა სალაროში ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით. გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება უძრავი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების გათვალისწინებით, პერიოდების მიხედვით გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლის და ხარჯის მეათედი), დადგინდა სხვაობა სალაროს ყოველთვიურ უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის, რომლის მიხედვით არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთსა და 2022 წლის ივლისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №007-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2025 წლის №24664 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მხრიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება უსაფუძვლოა, კომპანიას წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, სადაც სრულად არის ასახული შესყიდვები, რეალიზაციები, ხარჯები და სხვა სამეურნეო ოპერაციები.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაჯგუფება (ქალის ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბავშვის ფეხსაცმელი, ბავშვის ტანსაცმელი, ჩანთა, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ქალის ფეხსაცმელი, სხვა) და შემოწმების შედეგად ფასნამატების გაანგარიშების მეთოდიკა (მ.შ. სმფ-ების დაჯგუფება, სმფების განზომილებები) და გამოყვანილი შედეგები შეუსაბამობაშია რეალურ მდგომარეობასთან. არასწორად არის გამოთვლილი და გავრცელებული (დაკავშირებული) რეალიზაციებზე შეძენილი საქონლის თვითღირებულებები. გარდა ამისა, გაუგებარია, რას გულისხმობს და რამდენად რელევანტურია შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერი: „განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები“.
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არც ერთი კომერციული ობიექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას დროებითი საწყობი ჰქონდა --- მოლში, მხოლოდ 3 თვის ვადით - ქვეიჯარით, რადგან მანამდე ახორციელებდა ტვირთის დასაწყობებას საცხოვრებელ ფართში. შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი არის გაუმართლებელი, არსებითად მცდარი და მოკლებულია გონივრულ საფუძველს. კომპანიის კლიენტები არიან --- მოლის, --- სითის, ე.წ. „---- ბაზრობის" და სხვა ბაზრობების საბითუმო მოვაჭრეები, რაც დოკუმენტურად მტკიცდება და ნათლად ჩანს ზედნადებებში. კომპანიის მიერ განსაზღვრული დაბალი მარჟა განპირობებულია გადამხდელის კომერციული გადაწყვეტილებით, ერთგვარი ბიზნეს სტრატეგიით, მეწარმის თავისუფალი ნებით, რომ ამ გზით წაეხალისებინა და ხელი შეეწყო სხვა ბიზნესისთვის.
შემოწმების შედეგებით ფასნამატები ჯგუფების გათვალისწინებით საშუალოდ 54%-ია, მაშინ, როცა კომპანიის რეალური ფასნამატი საშუალოდ 15%-ია. არ ეთანხმება შემოსავლის განსაზღვრისას გამოყენებულ ფასნამატს და გადათვლილ შემოსავლებს (რაზეც პოზიცია აღნიშნულია პირველ საკითხში).
შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების გამოყენება არასამართლიანია და წინააღმდეგობაშია საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (რომელშიც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2022 წლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს1210(2კ-21)).
კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ცალკეული ოპერაციების საპირწონედ ვერ გამოდგება საგადასახადო ორგანოს შეფასება/მოსაზრება მათ კანონიერების განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუკი იგი არ იქნება დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც მაღალი ალბათობით დაადასტურებს განხორციელებული ოპერაციებით სხვა სახის ოპერაციების დაფარვას. ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ასეთი სახის ოპერაცია განეკუთვნება ყოველი კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, რომლის განხორცილების საშუალებას კანონმდებლობა ანიჭებს ეკონომიკური ოპერაციის განმახორციელებელ პირს. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების - სალაროში ფულადი ნაშთის არსებობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მმართველობა დაუქვემდებაროს კანონსა და სამართალს, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეებს ავალდებულებს, განახორციელონ სამართლებრივი ოპერაციები კანონით დადგენილი წესით და მათ შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს გადასახადის გადამხდელთა მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება კანონის მოთხოვნებს, შესუსტდება ნდობა კანონით დადგენილი რეგულაციების მიმართ და დამოკიდებული გახდება საგადასახადო ორგანოს შეფასებაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. პირი, რომელიც გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და დარიცხვის საწინააღმდეგო არგუმენტები არ აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან, მომჩივანი არ წამოადგენს არგუმენტებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე სანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამში მონაცემები შეყვანილია ჯამურად, შესაბამისად ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზაციის შემთხვევაში რომელი საქონელი გაიყიდა და რომელი ჩამოიწერა.საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები ძირითადად გამოწერილია დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციებზე, რომელიც დეკლარირებული შემოსავლის 14%-ს შეადგენს. დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი, თუმცა, შემოსავლის დოკუმენტებში მითითებულია გაყიდული საქონლის ზოგადი დასახელებები რაც ხარჯის დოკუმენტებით შეძენილია სხვადასხვა ფასად, შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დადგინდა კონკრეტულად რომელი საქონელი რა თვითღირებულებით გაიყიდა.შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად, შესაბამისი ჯგუფის მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები. ასევე, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და სალაროს არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთსა და 2022 წლის ივლისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №24664 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“); 158(1); 159(1„ა“); 163(1.2); 164(1);