ბრძანება N 7040

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2023
№ დოკუმენტი 7040
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7040

03.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2022 წლის 7 ნოემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2022 წლის 7 ნოემბრის №76018/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №072-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი აირით ვაჭრობა. მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის ფასნამატი შეადგენს 6%-ს და არა 26,8%- ს, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით, რომელიც გამოწერილია სხვა იურიდიულ პირზე. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნული სასაქონლო ზედნადების გაუთვალისწინებლობას ფასნამატის გაანგარიშებისას იმ საფუძვლით, რომ სასაქონლო ზედნადები გამოწერილია ურთიერთდამოკიდებულ პირზე.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის №6759 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 23 აგვისტოდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 12 ოქტომბერს №26046 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №072-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 209 421 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 130 096 ლარი, ჯარიმა 65 886 ლარი და საურავი 13 439 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ბუნებრივი აირით (გაზი) ვაჭრობა. გადამხდელის წერილობითი განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, ასევე აღნიშნულ ნაწილში საქონელი დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 პირზე, რომელიც არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად, საწარმოს შემოსავლის გაანგარიშებისას არ მოხდა დოკუმენტური სარეალიზაციოს ფასის გათვალისწინება. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა (ფასების ფიქსაციის მიზნით), საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი იქნა სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (26.8%), რომელიც გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რასაც დაემატა საქონლის დოკუმეტური შემოსავალი. შედეგად დადგინდა აღნიშნულ ნაწილში მიღებული შემოსავალი, რაც შეადგენს 371 805 ლარს (დღგ-ის გარეშე).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს საქონელი დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ 1 პირზე - ი/მ ------- (ს/ნ -------). აღნიშნული პირი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი (დირექტორის და დამფუძნებლის ------- (პ/ნ -------) ძმისშვილი). შედეგად საწარმოს შემოსავლის გაანგარიშებისას საქონლის საცალო (დოკუმენტის გარეშე) რეალიზაციაზე დოკუმენტური სარეალიზაციო ფასის გამოყენება არ განხორციელებულა. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს ჯამურად დეკლარირებული აქვს შემოსავალი უარყოფითი ფასნამატით, ხოლო ბუნებრივი აირი (გაზი) ი/მ ------- (ს/ნ -------) შესამოწმებელ პერიოდში ჯამურად მიწოდებული აქვს თვითღირებულებით. ამასთან, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 20 ივლისს ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა (ფასების ფიქსაციის მიზნით), საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი იქნა სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (26.8%), რომელიც გავრცელებული იქნა 2021 წლის აპრილიდან და 2022 წლის იანვრის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რასაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ, მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. კერძოდ, მართლზომიერად იქნა საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის (26.8%) გავრცელება 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის იანვრის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნული სასაქონლო ზედნადების გაუთვალისწინებლობას ფასნამატის გაანგარიშებისას იმ საფუძვლით, რომ სასაქონლო ზედნადები გამოწერილია ურთიერთდამოკიდებულ პირზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, ასევე აღნიშნულ ნაწილში საქონელი დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც არის საწარმოს ურთიერთდამოკიდებული პირი, შესაბამისად, საწარმოს შემოსავლის გაანგარიშებისას არ მოხდა დოკუმენტური სარეალიზაციოს ფასის გათვალისწინება. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა (ფასების ფიქსაციის მიზნით), საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი იქნა სარეალიზაციო საქონლის ფასნამატი (26.8%), რომელიც გავრცელებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რასაც დაემატა საქონლის დოკუმეტური შემოსავალი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ, მართლზომიერად იქნა საკონტროლო შესყიდვის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო საქონლის ფასნამატის გავრცელება დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 159 (1); 163; 164