ბრძანება N 9877

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.05.2026
№ დოკუმენტი 9877
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9877

06 მაისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2026 წლის 12 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 12 თებერვლის №22477/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №081-353 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც მყიდველი და გამყიდველი ხელმოწერით ადასტურებენ ნასყიდობის თანხის სრულად გადახდას, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია ადრე შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, კერძოდ, ახალ ხელშეკრულებებში შეცვლილია მყიდველი, ბინის მახასიათებლები და ღირებულება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების დანარჩენი ნაწილი რჩებოდა უცვლელი. განმარტავს, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას, რომლის გამოც ასეთი ხელშეკრულების სრულად დაბეგვრა არ არის სწორი. მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით რეალიზებული ბინების უმეტეს ნაწილზე მყიდველებს შემდგომ პერიოდში აქვს გადახდილი თანხების ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჯერ კიდევ გადასახდელია. ითხოვს საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტებისა და საბანკო ამონაწერების დამატებით შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ 2017 წელს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობის და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების პირობები შესრულებულია 2019 წლიდან და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში არასწორია. მიუთითებს სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, რომლის მიხედვით გრძელვადიანი კონტრაქტის მოქმედების ვადა გრძელდება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე და ითხოვს დარიცხული დღგ-ის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22452 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №28250 ბრძანება და ამავე თარიღის №081-353 საგადასახადო მოთხოვნა თანხით სულ 1 368 497 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 835 486 ლარი, ჯარიმა 421 094 ლარი და საურავი 111 917 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1.გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალაქ "-------"-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული და გადაფორმებულია საცხოვრებელი ბინები. ასევე, კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებულია შემოსავალი ბინების რეალიზაციიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და დეკლარირებული. შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით თანხის სრულად გადახდას, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ გატანილად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელსა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. მიწის მფლობელებთან საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია არ აქვს შეფასებული ერთიანი გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში და შესაბამისად, არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა გრძელვადიან კონტრაქტად და დაიბეგრა ფაქტიურად გაწეული ხარჯების პროპორციულად 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, გრძელვადიანი კონტრაქტი დაიბეგრა დღგ-ით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2026 წლის 2 აპრილს 13:30 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული და გადაფორმებულია საცხოვრებელი ბინები. ასევე, კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებულია შემოსავალი ბინების რეალიზაციიდან. გადამხდელს ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და დეკლარირებული. შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით თანხის სრულად გადახდას, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ გატანილად.

იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში დასტურდება კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე საცხოვრებელი ბინების რეალიზება და საკუთრებაში გადაფორმება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებებში როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი ხელმოწერით აფიქსირებს თანხის სრულად გადახდას, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელსა და მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაცია არ აქვს შეფასებული ერთიანი გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში და შესაბამისად, არ აქვს გათვალისწინებული დღგით დასაბეგრ ბრუნვაში. 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა გრძელვადიან კონტრაქტად და დაიბეგრა ფაქტიურად გაწეული ხარჯების პროპორციულად 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამნეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადამხდელი შემოწმებულია წინა საანგარიშო პერიოდებზეც. შესაბამისად, შემოწმებამ შეისწავლა წინა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები და ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ ბარტერული ოპერაციიდან მიღებული შემოსავალი დაბეგრილია 2019 წლიდან გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის პრინციპის შესაბამისად და აღნიშნული მიდგომა გაგრძელებულია მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდზეც, კერძოდ, გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯების პროპორციულად აღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული და გადაფორმებულია საცხოვრებელი ბინები. ასევე, კომპანიის საბანკო ანგარიშზე მიღებულია შემოსავალი ბინების რეალიზაციიდან.ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი სრულად არ არის ბუღალტრულ პროგრამაში ასახული და დეკლარირებული. შემოწმების მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული თანხები, რომლებზეც როგორც მყიდველი, ასევე გამყიდველი აფიქსირებენ ხელმოწერით თანხის სრულად გადახდას, ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად ნაშთად დარჩენილი თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ გატანილად. შედეგად, გადამხდელს,სსკ-ის 159-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა.

2. გადამხდელსა და მიწის მესაკუთრე პირებს შორის 2017 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებულია უძრავი ქონების ნასყიდობისა და უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის სანაცვლოდ საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე.2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა გრძელვადიან კონტრაქტად და დაიბეგრა ფაქტიურად გაწეული ხარჯების პროპორციულად 2022-2024 წლების დეკემბრის თვეებში. შედეგად,სსკ-ის 309-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, გრძელვადიანი კონტრაქტი დაიბეგრა დღგ-ით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,163,164,309(107).