ბრძანება N 3263
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3263
16 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 20 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 20 იანვრის №86927/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №068-28 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში და დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს, კერძოდ:
განმარტავს, რომ ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა საბავშვო ბაღებთან ტენდერების მეშვეობით. სარეალიზაციო ფასი დადგენილი იყო ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად და აღნიშნული ფასი მთელი წლის განმავლობაში არ იცვლებოდა, მიუხედავად იმისა, საქონლის შესყიდვის ფასი გაიზრდებოდა თუ შემცირდებოდა. შესაბამისად ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც შესყიდვის ფასი მეტი იყო, ვიდრე სარეალიზაციო ფასი. გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტორს შეეძლო განესაზღვრა სადავო საქონლის ფასი პერიოდების მიხედვით და დაეანგარიშა ხარჯი რეალურთან მიახლოებით. მიუთითებს, რომ სხვადასხვა პერიოდში „საქონლის ხორცი გაუყინავის“ რამდენიმე შეძენა დასტურდება დოკუმენტურად, რაზეც სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები და ჩანს თუ რა ფასი იყო იმ პერიოდში კონკრეტულ საქონელზე.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვა. აცხადებს, რომ 2022 წლის ივნისის თვეში დასაბეგრი ბრუნვაა 4 460 ლარი, ხოლო შემოწმების შედეგად საიდან დადგინდა, რომ არის 8 661 ლარი, მისთვის გაუგებარია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №22902 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №31823 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №068-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 45 365 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 28 117 ლარი, ჯარიმა 14 075 ლარი და საურავი 3 173 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22417 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად გაანალიზდა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები (ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე იმ შემთხვევებზე, რა დროსაც არ იყო წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტი და დგინდებოდა, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული იყო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 გათვალისწინებით, ხარჯებში ასახვას დაექვემდებარა იმავე საქონლის დოკუმენტურად შეძენის ღირებულების 75%), რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას შემოწმების ბოლოსთვის სალაროში ნაშთად უნდა ერიცხებოდეს 98 682 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების ბოლოსთვის კომპანიას სალაროში არ გააჩნდა ფულადი ნაშთი, აღნიშნული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სახელფასე სარგებლად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და 154-ე მუხლებიდან გამომდინარე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებისათვის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან (საქონლის შეძენა ხდება მხოლოდ იმ კონკრეტული რაოდენობით რა რაოდენობის შეკვეთაც არის მიღებული) გამომდინარე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები კომპანიას არ გააჩნია არც შემოწმების დასაწყისში და არც შემოწმების ბოლოსთვის. შემოწმების შედეგად გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის (შეძენა/რეალიზაცია) შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რამოდენიმე შემთხვევაში რჩება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასეთი სახის შემთხვევები განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რამოდენიმე შემთხვევაში რჩება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია. შემოწმებით აღნიშნული ნაშთი განხილულ იქნა მიწოდებად.
ასევე გამოვლინდა შემთხვევები, რომელთა დროსაც რეალიზებული საქონლის შეძენა არ დასტურდებოდა დოკუმენტურად, რაზეც ხარჯების განსაზღვრის კუთხით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და ხარჯებში ასახვას დაექვემდებარა იმავე საქონლის დოკუმენტურად შეძენის ღირებულების 75% სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის გათვალისწინებით. ასევე ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შედეგად შემოწმების მიერ გაანალიზდა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები, გაანგარიშდა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში და დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რამოდენიმე შემთხვევაში რჩება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია. შემოწმებით აღნიშნული ნაშთი განხილულ იქნა მიწოდებად. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, რომელთა დროსაც რეალიზებული საქონლის შეძენა არ დასტურდებოდა დოკუმენტურად, რაზეც ხარჯების განსაზღვრის კუთხით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და ხარჯებში ასახვას დაექვემდებარა იმავე საქონლის დოკუმენტურად შეძენის ღირებულების 75% სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის გათვალისწინებით. ასევე ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შედეგად შემოწმების მიერ გაანალიზდა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები, გაანგარიშდა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5); 80; 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)