ბრძანება N 4963

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 4963
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4963

15.03.2023

შპს „-----------“ (ს/ნ -----------)

(მის.: -----------)

2022 წლის 11, 15 და 18 ნოემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №76321/1/2022, №76456/1/2022, №18237/2/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №001-184 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით

სადავო საკითხები:

წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ:

1.გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირებზე განხორციელებული მიწოდების ოპერაციებზე არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას დღგ-ში. აღნიშნავს, რომ არ იქნა გათვალისწინებული არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში წარდგენილი ცნობები, რომელიც სარწმუნო მტკიცებულებაა იმისა, რომ საქონლის მიწოდების ოპერაცია სასაქონლო ზედნადებში ასახულია სწორად და სარეალიზაციო ფასების დაუმახინჯებლად.

2. აცხადებს, რომ წარდგენილ იქნა მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიის წერილობითი დოკუმენტი მთლიან რაოდენობაში დეფექტური საბურავების საშუალო ხვედრითი წილის თაობაზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

3. შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი იქნა სარეალიზაციო ფასი, რაც ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა მოიცავდა დღგ-ს, რასაც მიიჩნევს არამართებულად და არ ეთანხმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8668 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №001-503 საგადასახადო

მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2022 წლის 25 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „-----------" (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის, წუნდებული საქონლის და დანაკარგის ოდენობის შესახებ, ასევე, არარეზიდენტი პირების ნოტარიულად დამოწმებული ცნობები ოპერაციის და ფასის ნამდვილობასთან დაკავშირებით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამასთან, წუნდებულ საქონელთან მიმართებაში გაითვალისწინოს აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს". შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8668 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 4 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 ოქტომბრის №001-184 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8668 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით დაანგარიშებულ ფასნამატებთან მიმართებით რაიმე სახის განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, არარეზიდენტ პირებთან მიმართებაში წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული ცნობები სრულად გათვალისწინებულია გადაანგარიშების ეტაპზე (შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე), ხოლო დარჩენილ პირებთან მიმართებაში გადამხდელმა ვერ შეძლო ნოტარიულად დადასტურებული ცნობების წარმოდგენა.

გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტში, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამატებით შესწავლილ იქნა დანაკარგის ზღვრული ოდენობები. ანალიზის შედეგად, ვერ იქნა მოპოვებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული კომპანიის მონაცემები (პრაქტიკა), რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა აღნიშნული დანაკარგის ნორმის ოდენობა და ნამდვილობა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ინფორმაცია მეორად საბურავებთან დაკავშირებით განსაზღვრული დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შესახებ, რაც გათვალისწინებული იქნებოდა შემოწმების შედეგების ფორმირებისას. თუმცა ამ ეტაპისთვის, აღნიშნული ზღვრული ოდენობები დადგენილი არ არის. ყოველივე აღნიშნული ანალიზის და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „ა.ა" ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით,ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე პუნქტის „ა.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ გადაანგარიშების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული არარეზიდენტ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში წარდგენილი ცნობები, რომელიც სარწმუნო მტკიცებულებაა იმისა, რომ საქონლის მიწოდების ოპერაცია სასაქონლო ზედნადებში ასახულია სწორად და სარეალიზაციო ფასების დაუმახინჯებლად. შესაბამისად, მიაჩნია, რომ არარეზიდენტ პირებზე განხორციელებული მიწოდების ოპერაციებზე კომპანიას არაპირდაპირი მეთოდით არ უნდა დარიცხვოდა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ში. ასევე აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიის წერილობითი (ნოტარიულად დადასტურებული) დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მეორადი საბურავების ბაზარზე ოპერირების 10 წლიანი პროფესიული გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე, მეორად საბურავებში დეფექტური საბურავების რაოდენობის ხვედრითი წილი საშუალოდ შეადგენს 6-9 %-ს. შესაბამისად, ამ ნაწილში არაპირდაპირი მეთოდით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არამართლზომიერად მიაჩნია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებულ მასალების, ფაქტობრივ გარემოებების და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების აღნიშნულ ნაწილებში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------- საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირებზე განხორციელებული მიწოდების ოპერაციებზე არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას დღგ-ში.

2.აცხადებს, რომ წარდგენილ იქნა მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანიის წერილობითი დოკუმენტი მთლიან რაოდენობაში დეფექტური საბურავების საშუალო ხვედრითი წილის თაობაზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

3.მომჩივანი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა მოიცავდა დღგ-ს, რასაც მიიჩნევს არამართებულად და არ ეთანხმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8668 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 4 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 ოქტომბრის №001-184 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(3);8(2);61(3);73(5,9);160;161;101;154;304(21);