გადაწყვეტილება №27339/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.07.2026
№ დოკუმენტი 27339/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27339/2/2026

27 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 11.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27339/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №050-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2026 წლის №050-2 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 24.04.2026 წლის №9046 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

14.08.2025 წლის №050-12 საგადასახადო მოთხოვნა - 970 000,85 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 539 645,03

დღგ - 59 273,43

საშემოსავლო გადასახადი - 480 371,6

ჯარიმა - 255 119

საურავი - 175 236,82

 

5.03.2026 წლის №050-2 საგადასახადო მოთხოვნა - 732 893,16 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 383 245,18

დღგ - (- 0,22)

საშემოსავლო გადასახადი - 383 245,4

ჯარიმა - 191 623,03

საურავი - 158 024,95

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა მანქანის ზეთებისა და ფილტრების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2016 წლის 6 დეკემბრიდან. საქონლის იმპორტს ხდება ბელგიიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან, ხოლო საქონლის რეალიზაცია - თერჯოლის რაიონ სოფ. ჭოგნარში.

აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2025 წლის №050-12 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 19.06.2025 წლის №13133 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 18.12.2025 წლის 26295/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი მე-2 დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 3.02.2026 წლის №2169 ბრძანებით საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.03.2026 წლის №050-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 24.04.2026 წლის №9046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 და 24.04.2026 წლის №9046 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანიას არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ აქვს საქონლის, დებიტორ/კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთი. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება 1 194 577 ლარის სმფ (მოგების გადასახადის დეკლარაციისა და ფინანსური ანგარიშგების მიხედვით), ხოლო შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 352 571 ლარის სმფ, დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 986 472 ლარს, საიდანაც დოკუმენტური რეალიზაციაა 1 384 388 ლარი. კომპანია 2023 წლის ნოემბრის შემდგომ აღარ საქმიანობს და ამასთან 2025 წლის 1 თებერვლიდან გაუქმებული აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

ვინაიდან კომპანიას ნაწარმოები არ აქვს აღრიცხვა, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იშიფრება საწყისი საქონლის ნაშთი სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში, ასევე არ იდენტიფიცირდება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მიღებული შემოსავალი. შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით კერძოდ: საწყისი სმფ-სა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც დაყოფილ იქნა კატეგორიებად და არადოკუმენტურად რეალიზებულ პროდუქციის თვითღირებულებაზე, კატეგორიის ჭრილში, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (საშუალოდ 73%). შედეგად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე „--------“-ზე (პ/ნ „--------“) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში 8.12.2025 წელს წარმოდგენილია საჩივარი შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანებაზე. საჩივარზე მიღებულია საბჭოს 18.12.2025 წლის №26295/2/2025 გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან იმავე მომჩივნის მიმართ იმავე სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2. შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გაანგარიშების შედეგად, ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ყველა იდენტიფიცირებადი გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და შესაბამისად შემცირდა შემოწმების შედეგად არაპირდაპირად დათვლილი შემოსავალი. გაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. შედეგად აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემცირებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც. შესაბამისად შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც გადაანგარიშების შედეგად, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ყველა იდენტიფიცირებადი გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და შესაბამისად შემცირდა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი. გადაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემცრებას, ასევე, აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები გარკვეულ უსწორობებს შეიცავს, ამიტომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო: კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერის შესაბამისად, ვინაიდან კომპანიას არ აქვს აღრიცხვა ნაწარმოები და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამასთან არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ვერ იშიფრება საწყისი საქონლის ნაშთი სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში, ასევე არ იდენტიფიცირდება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და მიღებული შემოსავალი, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით კერძოდ: საწყისი სმფ-სა და შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც დაყოფილ იქნა კატეგორიებად და არადოკუმენტურად რეალიზებულ პროდუქტის თვითღირებულებაზე, კატეგორიის ჭრილში, გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (საშუალოდ 73%). შედეგად, გადასახადის გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე „--------“-ზე (პ/ნ „--------“) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერის შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე„--------“-ზე (პ/ნ „--------“) გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2026 წლის №9046 ბრძანებაში კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნაზე აპელირებს, რომლის თანახმადაც გადაანგარიშების შედეგად, დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ყველა იდენტიფიცირებადი გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და შესაბამისად შემცირდა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი. გადაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. ამდენად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემცირებას, ასევე, აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის დასკვნის შესაბამისად 2025 წლის 11 აგვისტოს კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. შესაბამისად აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემცირებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც. შესაბამისად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

მაშასადამე, კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით კომპანიის შემოსავლები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოთვლილი ფასნამატის თანხით გაიზარდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის დასკვნის შესაბამისად 2025 წლის 11 აგვისტოს კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგად დადგენილი ფასნამატი შემცირდა და სრულ თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. შესაბამისად აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემცირებას.

ამდენად კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საწარმოს დამატებით თანხა აღარ უნდა ერიცხებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგად დადგენილი ფასნამატი სრულ თანხვედრაში მოვიდა დეკლარირებულ მონაცემთან, საწარმოს შემოწმების შედეგად კვლავ ერიცხება 732 893,16 ლარი, რომლის საფუძველი არც შემოწმების აქტსა და არც გადაანგარიშების შესახებ დასკვნაში მითითებული არ არის.

აუდიტორის განმარტებით ცნობილი გახდა, რომ დებიტორული დავალიანებისა და დამფუძნებლის შემონატანი თანხები შემოწმების მიერ დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად ჩაითვალა და საშემოსავლო გადასახადი დაერიცხა, რაც არამართებულია.

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი. საგადასახადო შემოწმების აქტში კი საუბარია მხოლოდ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად გაზრდილი შემოსავლების ანგარიშვალდებულ პირზე „--------“-ზე (პ/ნ „--------“) გაცემულ ხელფასად განხილვაზე.

არც კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში და არც კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შესახებ დასკვნაში არ არსებობს არანაირი მითითება იმის თაობაზე, თუ რა თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად.

გაურკვეველი მიზეზით კუთვნილი ოდენობით არ შემცირებულია საწარმოს დირექტორზე „--------“-ზე (პ/ნ „--------“) ხელფასად ჩათვლილი თანხები, რაც არამართებულია და უნდა გასწორდეს.

საწარმოს კამერალური საგადასახადო შემოწმებით დაერიცხა თანხა, რომელიც შემოწმების აქტში ასახული არ არის, რაც უკანონო და დაუშვებელია. ამიტომ ამგვარად დარიცხული თანხები უნდა შემცირდეს.

აუდიტის დეპარტამენტს კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა შეფასება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც 2025 წლის 11 აგვისტოს კამერალური საგადსახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არასწორად შემცირდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით. ყოველი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს წესების ერთობლიობას, თუ რა უფლებამოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება აწუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, ასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ 2026 წლის 2 თებერვლის დასკვნაში გაითვალისწინოს საწარმოს დირექტორისათვის ხელფასის სახით დარიცხული თანხების შემცირება, ასევე შემცირდეს კამერალური საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხა, რომელიც შემოწმების აქტში ასახული არ არის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს რეალიზებულ საქონელზე გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნის მიხედვით, ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ყველა იდენტიფიცირებადი გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და შესაბამისად შემცირდა შემოწმების შედეგად არაპირდაპირად დათვლილი შემოსავალი. გაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. შედეგად აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემცირებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც. შესაბამისად შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების საკითხი და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა აღნიშნულის საფუძველზე დამატებით დარიცხული გადასახადების და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი პირველი დავის საგნის (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები გარკვეულ უსწორობებს შეიცავს, ამიტომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.კომპანიას 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება 1 194 577 ლარის სმფ,ხოლო შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 352 571 ლარის სმფ, დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 1 986 472 ლარს, საიდანაც დოკუმენტური რეალიზაციაა 1 384 388 ლარი. კომპანია 2023 წლის ნოემბრის შემდგომ აღარ საქმიანობს და ამასთან 2025 წლის 1 თებერვლიდან გაუქმებული აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.გადამხდელს გაეზარდა დასაბეგრი ბრუნვები და დაერიცხა დღგ სსკ-ის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი შემოსავლის შესაბამისად დაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით და დაეკისრა ჯარიმა.

2.გაანგარიშების შედეგად, საშუალო ფასნამატი დადგინდა 28%, რაც თანხვედრაშია დეკლარირებულ მონაცემთან. შედეგად აქტით დარიცხული დღგ და ჯარიმა დაექვემდებარა მთლიანად შემცირებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა კომპანიის განკარგვადი თანხაც.შესაბამისად შემცირდა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

2.საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.02.2026 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 17.11.2025 წლის №25150 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,301(ზ).