გადაწყვეტილება №22122/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22122/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22122/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 31.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22122/2/2024).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №072-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №243 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 378 449 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 858 416

დღგ - 256 521

საშემოსავლო გადასახადი - 601 895

ჯარიმა - 429 208

საურავი - 90 825

 

ფაქტების აღწერა

საწარმო დაფუძნებულია 2012 წლის 3 აგვისტოს. მისი საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და მისი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 მაისის №11549 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ხილ-ბოსტნეული იმპორტირებული და რეალიზებული აქვს 2019 წლის ნოემბრის თვიდან 2020 წლის აპრილის თვის ჩათვლით და შემდგომ 2022 წლის ნოემბრის თვიდან 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით. საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 2%-ს, 2022 წელს - 9%-ს, ხოლო 2023 წელს - 18%-ს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებულმა ბრუნვამ ჯამურად შეადგინა 4 527 030 ლარი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. წარდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის საწარმოს არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში კომპანიაში ფიქსირდება --------დოკუმენტური რეალიზაცია, მაშინ როდესაც ამ პროდუქტის ბოლო იმპორტი ფიქსირდება 2019 წელს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №17253 ბრძანებით კომპანიაში ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც საქონლის ნაშთი არ გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტის თვეში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №6322 ბრძანებით განადგურებული იქნა 60 860 კგ ---------. შესამოწმებელ პერიოდში ხილისა და ბოსტნეულის მთლიან რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგენს 19%-ს. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილი ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, რეალიზებული პროდუქცია სახეობრივად დაიყო 13 ჯგუფად (ცალკეული ხილისა და ბოსტნეულის მიხედვით), რომელთაგანაც 11 ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (საშუალო ფასნამატი 49%). ორ ჯგუფზე (--------- და --------), რაზეც ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი (--------- 25%, -------- 9%). ამასთანავე, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწარმოში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშების მიზნით, 2019 წელს იმპორტით შეძენილ და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში (-------- და ---------) განისაზღვრა 2019 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების დოკუმენტური ფასნამატები, აღნიშნული ფასნამატების გამოყენებით შესაბამის თვეებში დეკლარირებული ბრუნვებიდან შეძენილი საქონლის (-(--------- და -------) ღირებულების პროპორციულად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობა და დასრულებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის საწარმოს არ აქვს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 ივლისის გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, კერძოდ, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს (არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი) სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას 20%-იანი განაკვეთით.

საწარმოს რამდენიმე არარეზიდენტ მომწოდებელთან უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები, ცალკეულ მომწოდებლებთან მიმართებაში წარდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან გადახდის დოკუმენტაციის წარდგენა არ მომხდარა. ისეთ მომწოდებლებთან მიმართებაში, რომლებზეც საწარმოს მხრიდან არ არის წარდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №29615 ბრძანება და №072-12 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 378 449 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 27 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №243 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით შეუძლებელი იყო ოპერაციების მიმდინარეობაზე კონტროლი და შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, რეალიზებული პროდუქცია სახეობრივად დაიყო 13 ჯგუფად (ცალკეული ხილისა და ბოსტნეულის მიხედვით), რომელთაგანაც 11 ჯგუფზე დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატები. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (საშუალო ფასნამატი 49%). 2 ჯგუფზე (-------და ------), რაზეც ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი (-------- 25%, --------- 9%). შედეგად შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ასევე, შემოწმების პროცესში განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების ანალიზი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის ნაშთი 2023 წლის 31 ივლისის გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, კერძოდ, გაანგარიშდა სხვაობა შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებს (არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული) და გაწეულ ხარჯებსა და საბიუჯეტო გადახდებს შორის. აღნიშნული სხვაობა (სალაროს ნაშთი), სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს რამდენიმე არარეზიდენტ მომწოდებელთან უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები. ცალკეულ მომწოდებლებთან მიმართებაში წარდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან გადახდის დოკუმენტაციის წარდგენა არ მომხდარა. ისეთ მომწოდებლებთან მიმართებაში, რომლებზეც საწარმოს მხრიდან არ არის წარდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ფაქტიურად ნამუშევარი აქვს მხოლოდ 12 თვე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ იმპორტირებულია

3 533 784 ლარის საქონელი. იმპორტირებული საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 4 527 030 ლარს. საერთო მოგება პროცენტულად შეადგენს 28,1%. კომპანიას გადახდილი აქვს ჯამურად ყველა სახის გადასახადი 1 382 891 ლარი (შესყიდული საქონლის 39,1%-ს). მათ შორის, დღგ - 870 495 ლარი; იმპორტის გადასახადი - 271 686 ლარი; მომსახურება (საბაჟო, ფიტო) - 214 610 ლარი; საშემოსავლო გადასახადი - 26 100 ლარი.

ხილ-ბოსტნეული, რის იმპორტსაც საწარმო ახორციელებს, არის სპეციფიკურად მალფუჭებადი პროდუქტი, რომელსაც ტრანსპორტირებისას აქვს მინიმუმ 3-5% ბუნებრივი დანაკარგი (ფუჭდება და წონაში იკლებს). საქონლის 2-3 დღით ბაზარზე დაყოვნებისას დანაკარგი თითქმის 10-20%-მდე ადის. 5 დღეზე მეტი ხნით დაყოვნებისას დანაკარგი ადის 50-80%- ამდე, ზოგ შემთხვევაში - 100%-მდეც.

საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის ძირითადი მყიდველები არიან ადგილობრივი გადამყიდველები და კერძო პირები, რომლებიც საქონელს იღებენ შედარებით დაბალ ფასებში ზედნადებების გარეშე. იშვიათად (15-20%) მსხვილი მაღაზიები და ჰიპერმარკეტები, რომლებიც ყოველთვის ზედნადებებით იღებენ დარჩეულ, მაღალი ხარისხის საქონელს გაცილებით მაღალ ფასებში, რაც ბაზრისთვის ტიპიურად დამახასიათებელი მოვლენაა. ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული საქონლის დანარჩენი (80-85%) პარტია ასეთ მაღალ ფასებში არის გაყიდული. მითუმეტეს, როდესაც კომპანიის მიერ ზედნადებით გაყიდულ ყოველ მაღალ ფასიან საქონელზე გამოწერილ ზედნადებში უთითებენ, რომ ეს პროდუქტი არის დარჩეული.

შემოწმების შედეგებს არ ეთანხმებიან შემდეგი გარემოებების გამო: იმპორტირებული 3 533 784 ლარის საქონლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გამოყვანილია ერთეულ შემთხვევებში გამოწერილ ზედნადებებში მოცემული ფასების მიხედვით და დაფიქსირებულია 5 952 181 ლარი, რის მიხედვითაც საერთო მოგებამ შეადგინა 2 418 397 ლარი, პროცენტულად კი 68,4% (საშუალო თვიური მოგება ნამუშევარ 12 თვეზე გადაანგარიშებული 201 533 ლარი), რაც საქართველოს ხილ-ბოსტნეულის ბაზარზე წარმოუდგენელი ფაქტია და არარეალურია. სინამდვილეში აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს ბაზარზე საშუალოდ მერყეობს 15-25%-ის ფარგლებში. არარეალურად გაზრდილმა რეალიზაციის თანხამ (შემოსავლებმა) გამოიწვია ყველა სახის გადასახადების მკვეთრი გაზრდა, რამაც საბოლოო ჯამში ასტრონომიულ ნიშნულს მიაღწია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2023 წლის ხელფასად გასაცემი არადეკლარირებული თანხის მოცულობა, რომელიც შემოწმების აქტით შეადგენს 3 009 477 ლარს, რაც 2023 წელს ფაქტიურად ნამუშევარ 6 თვეში იყო თურმე გასაცემი, საშუალოდ თვეში 501 579 ლარი და შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი გადასახდელი 100 315 ლარი თვეში, სულ 6 თვეში 601 895 ლარი.

საერთოდ არ არის გათვალისწინებული ხილ-ბოსტნეულის ტრანსპორტირების და ბაზარზე სრულ რეალიზაციამდე დაყოვნებით გამოწვეული ბუნებრივი შრობა-დანაკარგები.

კომპანიის შემოსავლები დათვლილია ერთეულ შემთხვევებში მსხვილ მაღაზიებზე და ჰიპერმარკეტებზე გაყიდული დარჩეულ საქონელზე გამოწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით, რომელიც მთლიანი პარტიის მხოლოდ 15-20%-ს შეადგენს და მისი გავრცელება დანარჩენ 80-85%-ზე ყოვლად დაუშვებლად მიაჩნიათ, მითუმეტეს როცა საქმე ეხება მალფუჭებად ხილბოსტნეულს.

საერთოდ არ არის გათვალისწინებული ---------- სარეალიზაციოდ ნაყიდი --------- საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ქართული ფიტო-სანიტარული სამსახურის მიერ დაწუნებული და არ შემოშვებული საქონლის საზღვარზევე განადგურებით გამოწვეული ზარალი, რაც დასტურდება ფიტოსანიტარული შემოსვლის დოკუმენტზე (ფორმა-3) გაცემული უარყოფითი პასუხით. (ქართული ფიტოსანიტარული სამსახურის მიერ დაწუნებული და საქართველოს საზღვარზე არ შემოშვებულ მანქანებს -------- კანონმდებლობით არც --------- ფიტო სამსახური ღებულობდა და საქონლის განადგურება საწარმოს ხარჯებით ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხდებოდა).

კომპანია ხილ-ბოსტნეულის იმპორტს ახორციელებს ძირითადად --------- და ---------, რომელიც არის სანქცირებული ქვეყნები, ამიტომ ფინანსური ანგარიშსწორებები ხდება მხოლოდ შუამავალი დილერების მეშვეობით ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ ქვეყნებიდან მიღებული საქონელზე გადახდილი თანხები არ არის ასახული საბანკო ამონაწერებში, ამიტომ ეს თანხები დაბეგრილია 20%-ით რაც არასწორად მიაჩნიათ. მომწოდებლებიდან აღნიშნულზე წარმოდგენილი აქვთ ურთიერთანგარიშსწორების აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს ხილ-ბოსტნეული იმპორტირებული და რეალიზებული აქვს 2019 წლის ნოემბრის თვიდან 2020 წლის აპრილის თვის ჩათვლით და შემდგომ 2022 წლის ნოემბრის თვიდან 2023 წლის ივლისის თვის ჩათვლით. მომჩივნის მიერ დეკლარირებული ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 2%-ს, 2022 წელს - 9%-ს, ხოლო 2023 წელს - 18%-ს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებულმა ბრუნვამ ჯამურად შეადგინა 4 527 030 ლარი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, ვერ ხერხდება კონტროლი ოპერაციების დაწყება, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. წარდგენილი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსათვის საწარმოს არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში საწარმოში ფიქსირდება -------- დოკუმენტური რეალიზაცია, მაშინ როდესაც ამ პროდუქტის ბოლო იმპორტი ფიქსირდება 2019 წელს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №17253 ბრძანებით კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლითაც საქონლის ნაშთი არ გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტის თვეში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 29 მარტის №6322 ბრძანებით განადგურებული იქნა 60 860 კგ ---------. შესამოწმებელ პერიოდში ხილისა და ბოსტნეულის მთლიან რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგენს 19%-ს. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი ინვენტარიზაციის მასალები. შედეგად, რეალიზებული პროდუქცია სახეობრივად დაიყო 13 ჯგუფად (ცალკეული ხილისა და ბოსტნეულის მიხედვით), რომელთაგანაც 11 ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი (საშუალო ფასნამატი - 49%). 2 ჯგუფზე (----------და --------), რაზეც ვერ მოხდა დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, გამოყენებული იქნა შესაბამის ჯგუფზე განსაზღვრული აუდირებული ფასნამატი (-------- - 25%, -------- - 9%). ამასთან, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწარმოში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშების მიზნით 2019 წელს იმპორტით შეძენილ და დოკუმენტურად რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში (---------- და ----------) განისაზღვრა 2019 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების დოკუმენტური ფასნამატები, აღნიშნული ფასნამატების გამოყენებით შესაბამის თვეებში დეკლარირებული ბრუნვებიდან შეძენილი საქონლის (-------- და ---------) ღირებულების პროპორციულად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად, შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საწარმოს რამდენიმე საქონლის არარეზიდენტ მომწოდებლებთან უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები, ცალკეულ მომწოდებლებთან მიმართებაში წარდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი, ხოლო დარჩენილ ნაწილზე შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან გადახდის დოკუმენტაციის წარდგენა არ მომხდარა. ისეთ მომწოდებლებთან მიმართებაში, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან არ არის წარდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითების და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე მუხლების გათვალისწინებით, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთანავე, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსათვის საწარმოს არ აქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში საწარმოში ფიქსირდება ხილის დოკუმენტური რეალიზაცია, მაშინ როდესაც ამ პროდუქტის ბოლო იმპორტი ფიქსირდება 2019 წელს.

დეკლარირებული ბრუნვებიდან შეძენილი საქონლის ღირებულების პროპორციულად განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები. შედეგად, შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

ამასთან, საწარმოს რამდენიმე საქონლის არარეზიდენტ მომწოდებლებთან უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები, ისეთ მომწოდებლებთან მიმართებაში, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან არ არის წარდგენილი საქონლის იმპორტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

73(5,9)161(1);159(1);101(1);154(1);