ბრძანება N 16950

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 16950
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16950

13.07.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ --------)

(მის.: ----------)

2023 წლის 30 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 30 მაისის №91302/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №081-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ მაღალი კონკურენციის გამო ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 25-30%, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 50%. აღნიშნული ფასნამატი გამოყენებულია ასევე სიგარეტებზეც და სხვა ტიპის საქონელზეც. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ საწარმოში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, თუმცა მასალები არ მიწოდებია არც ინვენტარიზაციის დროს, არც შემოწმებისას, უცნობია, როგორ იქნა მიღებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 650 299 ლარი და აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. გადამხდელი ასევე მიუთითებს ვალუტის კურსზე, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ფასნამატზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას და მიუთითებს, რომ გაუგებარია სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს რატომ ხდება მისი აგროსვა. აქტში მითითებულია 277 590 ლარის გაცემა, თუმცა საიდან მოდის აღნიშნული ციფრი გაუგებარია. აუდიტორის მიერ გადმოგზავნილ მასალებში სალაროს ბრუნვა მოცემული არ არის, შესაბამისად მსჯელობაც რთულია. გადამხდელი ითხოვს საკითხის აუდიტორთან ერთად შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2484 და 3 აპრილის №7124 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 15 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 14 მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 3 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 აპრილი №8643 ბრძანება და ამავე თარიღის №081-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 213 281 ლარი, მათ შორის გადასახადი 128 723 ლარი, ჯარიმა 75 651 ლარი, საურავი 8 907 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის საგანია ცხოველის და ფრინველის საკვებით, ასევე მათი აქსესუარებით საცალო ვაჭრობა (ზოომაღაზია). ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოუდგინა შემოწმებას ბუღალტრული პროგრამა, ასევე ვერ წარმოადგინა გაანგარიშება რეალიზებული პროდუქციის სახეობების და რაოდენობების მიხედვით (კონკრეტული პროდუქცია რა რაოდენობით და ფასად იქნა რეალიზებული), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4817 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია (აღწერა), რომლის მასალებიც გადმოგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში საბოლოო შედეგის დასადგენად, სულ აღწერის შედეგად საბაზრო ფასებით არსებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 83 383 ლარს, ასევე გადამხდელთან 2022 წლის 16 მარტს, 16 ივნისს, 29 სექტემბერს და 2023 წლის 6 მარტს, ჩატარებული იქნა საკონტროლო შესყიდვები, რაზედაც 2022 წლის 16 მარტს და 10 ივნისს გადამხდელის მიმართ შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით (ორივე შემთხვევაში გამოვლენილია საკონტროლო-საკასო აპარატიდან ჩეკის გაუცემლობის ფაქტი). ზემოაღნიშნული საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი საშუალო ფასნამატი შეადგენს 50%, რომელიც სრულ თანხვედრაშია სხვა აუდირებული, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების ფასნამატებთან. შესაბამისად, აღწერის შედეგად არსებული სასაქონლო მარაგების თვითღირებულება დღგ-ის გარეშე, 50%-ნი ფასნამატის გათვალისწინებით, შეადგენს 47 030 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენების და საბოლოო (ფაქტიური) ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილმა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ შეადგინა 650 299 ლარი, რომელზეც გავრცელებული იქნა 50%-ნი ფასნამატი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი და განისაზღვრა ფულის ნაშთის ოდენობა 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, რომელმაც შეადგინა 222 078 ლარი. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2415 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რა დროსაც ნაღდი ფულის სახით სალაროში ნაშთი დაფიქსირდა 197.60 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ნაშთად არსებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო განაცემთა შესახებ ინფომაციის არასწორად დეკლარირებისთვის პირი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის რედაქციის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, ასევე ვერ წარადგინა გაანგარიშება რეალიზებული პროდუქციის სახეობების და რაოდენობების მიხედვით (კონკრეტული პროდუქცია რა რაოდენობით და ფასად იქნა რეალიზებული), რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4817 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციით, საბაზრო ფასებით არსებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 83 383 ლარს. ასევე, გადამხდელთან 2022 წლის 16 მარტს, 16 ივნისს, 29 სექტემბერს და 2023 წლის 6 მარტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იქნა საკონტროლო შესყიდვები, რაზედაც 2022 წლის 16 მარტს და 10 ივნისს გადამხდელის მიმართ შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ზემოაღნიშნული საკონტროლო შესყიდვების შედეგად დადგენილი საშუალო ფასნამატი შეადგენს 50%, რომელიც სრულ თანხვედრაშია სხვა აუდირებული, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოების ფასნამატებთან. შესაბამისად, აღწერის შედეგად არსებული სასაქონლო მარაგების თვითღირებულება დღგ-ის გარეშე, 50%-ნი ფასნამატის გათვალისწინებით, შეადგენს 47 030 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენების და საბოლოო (ფაქტიური) ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილმა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ შეადგინა 650 299 ლარი, რომელზეც გავრცელებული იქნა 50%-ნი ფასნამატი, რის შედეგადაც, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ სავაჭრო ობიექტებში ხორციელდება სიგარეტებით და სხვა საქონლით ვაჭრობა, თუმცა აუდიტორმა ყველა პროდუქციის მიმართ გამოიყენა ფასნამატი 50 %-ის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სიგარეტზე ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სიგარეტზე ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი და განისაზღვრა ფულის ნაშთის ოდენობა 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, რომელმაც შეადგინა 222 078 ლარი. ამასთან, გადამხდელთან შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2415 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით, ნაღდი ფულის სახით სალაროში ნაშთი დაფიქსირდა 197.60 ლარი. შემოწმებით ნაშთად არსებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სიგარეტზე ფასნამატის გაანგარიშების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სიგარეტზე ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება გამოვლენილი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის საგანია ცხოველის და ფრინველის საკვებით, ასევე მათი აქსესუარებით საცალო ვაჭრობა (ზოომაღაზია). ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოუდგინა შემოწმებას ბუღალტრული პროგრამა, ასევე ვერ წარმოადგინა გაანგარიშება რეალიზებული პროდუქციის სახეობების და რაოდენობების მიხედვით გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შეძენების და საბოლოო (ფაქტიური) ნაშთის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილმა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ შეადგინა 650 299 ლარი, რომელზეც გავრცელებული იქნა 50%-ნი ფასნამატი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

2. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი და განისაზღვრა ფულის ნაშთის ოდენობა 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, რომელმაც შეადგინა 222 078 ლარი. ნაშთად არსებული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა, ხოლო განაცემთა შესახებ ინფომაციის არასწორად დეკლარირებისთვის პირი დაჯარიმდა ამავე კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სიგარეტზე ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, სიგარეტზე ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 8(22), 49(1"ე"), 61(3), 43(4), 73, 159(1), 163(1), 101(1), 154(1"ა").