გადაწყვეტილება №20910/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.12.2023
№ დოკუმენტი 20910/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20910/2/2023

15 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20910/2/2023).

 

დავის საგანი:

კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №007-183 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 აგვისტოს №20003 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 27 888 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 19 159

ჯარიმა - 5 322

საურავი - 3 407

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №13056 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს ორი კომერციული ფართი, 20 000 ლარად და 40 000 აშშ დოლარად: 25.06.2021 წელს (საკადასტრო კოდით ------) და 25.06.2021 წელს (საკადასტრო კოდით -----). მომჩივანმა განმარტა, რომ აღნიშნულ ფართებს სტატუსი შეუცვალა 2018 წელს ავტოსადგომიდან კომერციულით, რათა გასაყიდად უფრო მიმზიდველი გაეხადა და მას შემდეგ ფართები ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია. რეალიზაციის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან 2021 წლის 25 ივნისს კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით. საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების მიხედვით, 2021 წლის ივნისის თვეში კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 106 441 ლარი. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი 19 159 ლარი. აგრეთვე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 5 322 ლარი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18251 ბრძანება და №007-183 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 27 888 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 1.12.2022 წლის №30118 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 24.12.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.03.2023 წლის №18516/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30118 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 14 აგვისტოს №20003 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 168-ე, 179-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლზე და შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე.

ამასთან, გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, 2022 წლის 23 ივნისს, რაც საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საფუძველს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლით განსაზღვრული წესით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე შემოწმების მიერ განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული 2022 წლის 12 აგვისტოს №73700/1/2022 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №007-183 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა არასათანადოდ შეასრულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და ფაქტიურად დღგ-ით ხელახლა დაბეგრა ის ოპერაცია, რომელიც ფაქტობრივად გაუქმებულია.

გასაჩივრების პირველ ეტაპზე წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტაცია:

1) ------სა (-----) და -----ს (-----) 21.06.2021 წელს ხელით შედგენილი ხელწერილები, რითაც დასტურდება, რომ ------მ გადასცა, ხოლო -----მ მიიღო უძრავი ქონების (საკ. კოდი: ------) ნასყიდობის ღირებულების ნაწილი 5 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 35 000 აშშ დოლარი დაფარულ იქნება 1 წლის განმავლობაში;

2) ------სა და ----ს შედგენილი სანოტარო აქტით ვალის აღიარების შესახებ დასტურდება, რომ ------მ 21.06.2021 წელს გადასცა, ხოლო ------მ მიიღო უძრავი ქონების (საკ. კოდი: -----) ნასყიდობის ღირებულების ნაწილი 5 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 35 000 აშშ დოლარი დაფარულ იქნება 1 წლის განმავლობაში. სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი: ------; სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: -----; 23.06.2022 წელს მხარეებს შორის საჯარო რეესტრში შედგა შეთანხმება 21.06.2021 წელს დადებული უძრავი ქონების (საკ. კოდი: -----) ნასყიდობის ოპერაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და მესაკუთრე ისევ ----- გახდა. განაცხადი №------. ვინაიდან საჯარო რეესტრში მხარეთა შეთანხმებით განაცხადი №----- გაუქმდა უძრავი ქონების (საკ. კოდი: ----) ნასყიდობის ოპერაცია განაცხადი №----- და შესაბამისად, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, რის შედეგადაც ისევ თავდაპირველი მესაკუთრე -----, აქედან გამომდინარე გაუქმებული ოპერაციის (ღირებულებით 40 000 აშშ დოლარი) დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამავე დროს შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია გასაჩივრების ეტაპზე წარდგენილი იურიდიული დოკუმენტაციის შესახებ. ფაქტია ეს დოკუმენტაცია არ გაუთვალისწინებია და ფაქტიურად გაუქმებული ოპერაცია დღგ-ით დაიბეგრა.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 165-ე, 159-ე მუხლებზე, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლის თანახმად 23.06.2022 წელს გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან მყიდველის ნინო ნებიერიძის მიერ ვერ მოხდა ნასყიდობის საფასურის გადახდა. ------მ დაიბრუნა ნასყიდობის საგანი და შესაბამისად, გაუქმდა დასაბეგრი ოპერაციაც და აღნიშნული ოპერაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შეთანხმებას უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე შეცვლილია ფაქტობრივი გარემოებები, საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსხურმა დაუსაბუთებლად არასათანადოდ შეისწავლა საკითხი და გაუქმებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია ხელახლა დაბეგრა დღგ-ით. მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე 4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.

ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, დღგ-ის თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №III-241 დანართით დადგენილი ფორმის დეკლარაციას, რომელშიც მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად;

ბ) თუ კორექტირების გამომწვევი გარემოება დადგა საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება საგადასახადო ორგანოს მიერ.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 25 ივნისს რეალიზებული აქვს ორი კომერციული ფართი. ქონების რეალიზაციის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად. ვინაიდან 2021 წლის 25 ივნისს კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით. შესაბამისად, კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.

ასევე, დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ქონების უკან დაბრუნება განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, რაც საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საფუძველს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლით განსაზღვრული წესით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული აქვს ორი კომერციული ფართი, 20 000 ლარად და 40 000 აშშ დოლარად: 25.06.2021 წელს. მომჩივანმა განმარტა, რომ აღნიშნულ ფართებს სტატუსი შეუცვალა 2018 წელს ავტოსადგომიდან კომერციულით, რათა გასაყიდად უფრო მიმზიდველი გაეხადა და მას შემდეგ ფართები ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია. რეალიზაციის დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილია სრულად. ვინაიდან 2021 წლის 25 ივნისს კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით. 2021 წლის ივნისის თვეში კომერციული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 106 441 ლარი. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი 19 159 ლარი. აგრეთვე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 5 322 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1), 159(1"ა"), 163(1)(6"ბ"), 164(1), 165(1), 168(1), 179(1)(2)(4), 269(7).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.