გადაწყვეტილება № 26770/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2026
№ დოკუმენტი 26770/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26770/2/2026

30 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 1.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26770/2/2026).

 

დავის საგანი:

ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შედეგად დარჩენილი თანხის განსაზღვრა, საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №001-295 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.02.2026 წლის №3490 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 413 623.53 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი 202 785.42

დღგ - 50 168.98

საშემოსავლო გადასახადი - 152 616.44

ჯარიმა - 101 392.5

საურავი - 109 445.61

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს წინა შემოწმების მასალების მიხედვით, უფიქსირდება საწყისი ფულის ნაშთი 438 386 ლარის ოდენობით. 2025 წლის 22 ოქტომბრისათვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დაფიქსირებულია, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხა, შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.12.2025 წლის №27924 ბრძანება და №001-295 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.02.2026 წლის №3490 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ შემოწმებით ფულის საწყის ნაშთად აღებულია წინა საგადასახადო შემოწმების საბოლოო ფულის ნაშთი, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას მიღებული და დამუშავებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაცია ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით, ამასთან, გათვალისწინებულ იქნა წინა შემოწმების მასალები, რომლის შედეგად სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთიდან (438 386) განხორციელდა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფულის ნაშთის განსაზღვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „-----“-სგან (ს/კ -----) სესხი აღებულია 2020-2021 წლებში 500000 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვა განხორციელდა სალაროდან 2021 წლის 24 დეკემბერს 200 000 ლარი, 2022 წლის 31 მარტს კი 300 000 ლარი ძირითადი გადასახადი და 110 465 ლარი სესხის პროცენტი. სესხის აღების პერიოდი შემოწმებულია წინა საგადასახადო შემოწმების მიერ და დადასტურებულია მისი აღების საჭიროება. ასევე წერილობით დადასტურებულია სესხის დაფარვა მეორე მხარის მიერ. ჩვენთვის გაუგებარია, როდესაც სესხი აღების საჭიროება დადასტურებულია და ფიქსირდება სესხის დავალიანება, მაშინ რა არგუმენტით არ მოხდა სესხის გადახდის გათვალისწინება. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას არ მომხდარა აღნიშნული საკითხის მასთან გავლა სამართლებრივი არგუმენტებით და არც შემოწმების აქტშია აღნიშნული არგუმენტები დაფიქსირებული. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში, მითითებულია რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციით საგადასახადო შემოწმებისას მიღებული და დამუშავებულია გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაცია ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით, წინა შემოწმების გათვალისწინებით რომლის შედეგად სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთიდან (438 386) განხორციელდა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფულის ნაშთის განსაზღვრა.

შემოწმებისას აღნიშნულის განხორციელების და სესხის გადახდილი თანხების გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიას არ რჩებოდა დამატებით დასაბეგრი თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს წინა შემოწმების მასალების მიხედვით, უფიქსირდება საწყისი ფულის ნაშთი 438 386 ლარის ოდენობით. 2025 წლის 22 ოქტომბრისათვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დაფიქსირებულია, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხა, შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად.

მომჩივნის განმარტებით, საგადასახადო ორგანომ არ იხელმძღვანელა შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ფულის ნაშთის მიხედვით, ამასთანავე აღებული სესხი 500 000 ლარის ოდენობით და მასზე დარიცხული პროცენტი 110 465 ლარი დაბრუნებული აქვს მსესხებელზე უკან, რომელსაც ახსნაგანმარტებით ადასტურებს.

აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2026 წლის ----- წერილის და საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, შემოწმებისას მიღებული და დამუშავებული იქნა გადამხდელის მიწოდებული ინფორმაცია ფულის მოძრაობასთან დაკავშირებით, ამასთანავე გათვალისწინებული იქნა წინა შემოწმების მასალები, რომლის შედეგად სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთიდან (438 386) მოხდა 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფულის ნაშთის განსაზღვრა, (აქტში დაფიქსირებულია, რომ წინა შემოწმების მასალების გათვალისწინებით დადგინდა საწყისი ფულის ნაშთი და არა ისე, როგორც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ თითქოს 2021 წლის 1 ნოემბრის ნაშთი აიღო საწყის ფულის ნაშთად 2022 წლის 1 იანვარს). რაც შეეხება სესხის გადახდას, გადამხდელის მიერ სესხთან დაკავშირებული ოპერაციები ხდება სალაროს

მეშვეობით და გამსესხებლის მიერ შემოწმების პროცესში „მიღებული“ ფული დეკლარირებული არ იყო, აღნიშნული თანხის დეკლარირება და შესაბამისი ახსნა-განმარტება განხორციელდა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ გამსესხებელთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის შემდეგ, ამასთანავე გამსესხებელს საქმიანობა შეჩერებული აქვს 2021 წლიდან და დარიცხული (ჩამოკიდებული) აქვს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ჯამში 800 000 ლარზე მეტი, შესაბამისად არსებობდა გადასახადებისაგან თავის არიდების რისკი, შემოწმებისას აღნიშნულ კომპანიაზე სალაროს მეშვეობით დაბრუნებული ძირითადი თანხა და პროცენტი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მომჩივნის მიერ ნაღდი ფულის გაცემა განხორციელდა სესხის დასაფარად, რადგან თანხა გაიცა ისე, რომ მისი რეალური მიმღები დოკუმენტურად არ არის იდენტიფიცირებული, საბანკო გადარიცხვები არ განხორციელებულა, მხარეთა შორის დადებული გარიგებები ნოტარიულად არ არის დამოწმებული, ხოლო გამსესხებელს შეჩერებული აქვს საქმიანობა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა საბანკო გადარიცხვის გამოყენებაზე და მომჩივანი ვერ ასაბუთებს, რატომ გახდა აუცილებელი ოპერაციის ნაღდი ფულით ანგარიშსწორების გზით განხორციელება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებისას დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შედეგად დარჩენილი თანხის განსაზღვრა, საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხა, შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებისას დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(9);101(1);154(1);