გადაწყვეტილება №27473/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.08.2026
№ დოკუმენტი 27473/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

06 აგვისტო 2026

№27473/2/2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 1.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27473/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №001-283 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10871 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 336 815,97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 198 932,36

დღგ - 52 251,36

საშემოსავლო გადასახადი - 146 681

ჯარიმა - 98 933

საურავი - 38 950,61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ვაჭრობა ძირითადად საქონლისა და ღორის ხორცით, ---ში. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2025 წლის გასვლითი საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიას რეგისტრირებული აქვს საკონტროლო-სალარო აპარატები და პოს-ტერმინალები, ქ. ---ში. შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 4 431 266 ლარი, ხოლო გათავისუფლებულმა - 8 111 181 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას უფიქსირდება რეალიზაცია, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 341 685 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 3%-ს. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, პერიოდულად. ამასთან, პირს, სააღრიცხვო პროგრამაში, არ აქვს ასახული საქონლისა და ღორის ტანხორციდან მიღებული შესაბამისი დანაკარგების ოდენობა.

შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა სულ დაახლოებით 5%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელისაგან საკონტროლო შესყიდვა, რაზეც 1.05.2025 წელს შედგენილ იქნა ოქმები №938909 და №938887. შესყიდული იქნა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, კერძოდ, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, საქონლის ღვიძლი და სხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №938909 ოქმის მიხედვით, სამართალდარღვევა გამოვლინდა და შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995. საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა), რისთვისაც საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად შეეფარდა გაფრთხილება საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

ამას გარდა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 7.10.2025 წლის №21526 და №21523 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები - დათვალიერება და საკონტროლო შესყიდვა. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების მიმდინარეობისას წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ახალ, გაგრილებულ ორ ნაწილად გაჭრილ საქონლის მთლიან ტანხორცისა და ოთხ ნაწილად გაჭრილი ღორის მთლიანი ტანხორცის დამუშავების პროცესზე დაკვირვება. აღნიშნულის შედეგად, საქონლის ტანხორცში, ძვლიანმა ხორცის ოდენობამ შეადგინა დაახლოებით 43%, რბილი ხორცის - 36%, ფარშისთვის განკუთვნილი ხორცის ნაჭრებმა - 6%, ხოლო სხვა დანარჩენმა (მ.შ. ძვალი) - 14%. ხოლო ღორის ტანხორცში, რბილი ხორცის ოდენობამ შეადგინა 40%, ორი ცალი კანჭის ოდენობამ - 3%, ძვლიანი ხორცის - 36%, ღორის ქონის ნაწილები ე.წ. „სალა“ და კუდი - 3%, ძვლების, ტყავისა და სხვა ნაწილების ოდენობამ სულ - 19%. საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით, გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ შეძენილი საქონლისა და ღორის ტანხორცის ჯამური ოდენობიდან, შემოსავლის ფორმირებაში არ მიიღო მონაწილეობა ტანხორცის ისეთმა ნაწილებმა, რისი რეალიზაციაც გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, რამაც საქონლის ტანხორცის შემთხვევაში შეადგინა 14%, ხოლო ღორის - 19%, ხოლო სარეალიზაციოდ განკუთვნილ ხორცზე, გავრცელდა 2022, 2023, 2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასები და ასევე 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასები. შედეგად, შემოწმებით დადგენილმა საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 11% (2022 წელს 11%, 2023 წელს 8%, 2024 წელს 14%). შესაბამისად, დაკორექტირდა შპს ---ის დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-საგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების ოდენობა, რამაც შეადგინა შესაბამისად 4 703 985 ლარი და 8 595 946 ლარი.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რაც შეადგენს 586 726 ლარს, რაც „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე, ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ ხელფასად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, საზოგადოებას დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №001-283 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10871 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზაცია, რაც მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 3%-ს შეადგენს.

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, პერიოდულად. ამასთან, პირს სააღრიცხვო პროგრამაში არ აქვს ასახული საქონლისა და ღორის ტანხორციდან მიღებული შესაბამისი დანაკარგების ოდენობა.

შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 5%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია გადასახადის გადამხდელისაგან საკონტროლო შესყიდვა, რაზეც 2025 წლის 1 მაისს შედგენილ იქნა ოქმები: №938909 და №938887. შესყიდულ იქნა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, კერძოდ, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, საქონლის ღვიძლი და სხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №938909 ოქმის მიხედვით, გამოვლინდა სამართალდარღვევა, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 7.10.2025 წლის №21526 და №21523 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები - დათვალიერება და საკონტროლო შესყიდვა.

აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საქონლის და ღორის ხორცის სარეალიზაციო ფასებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღორისა და ძროხის ხორცზე გავრცელდა 2022, 2023, 2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასები, ხოლო ისეთ საქონელზე (ფარში, კანჭი და სალა), რაზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია გავრცელებულ იქნა 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასები.

ამასთან, შემოწმების პროცესში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფასები თანხვედრაშია შესაბამისი პერიოდის საკონტროლო შესყიდვის ფასებთან, კერძოდ, 2025 წლის მაისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის თანახმად, საქონლის რბილი ხორცის 1 კგ-ის ფასია 29,1 ლარი, ხოლო ძვლიანის - 23,1 ლარი. სასაქონლო ზედნადებში კი ამავე პერიოდში საქონლის ხორცი რეალიზებულია 28,87 და 22 ლარებად (სასაქონლო ზედნადებები:---). რაც შეეხება ღორის ხორცს, 2025 წლის მაისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მიხედვით, 1 კგ-ის ფასი შეადგენს 13 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში სასაქონლო ზედნადებით ღორის ხორცი რეალიზებულია იმავე ფასად (სასაქონლო ზედნადები: №---). რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს, რომელიც 2022 წელს შეადგენს 13 ლარს, ხოლო 2023-2024 წლებში 11 ლარს, შემოწმებით გაანალიზებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში - ფასი ფერმის კართან), რომლის თანახმადაც 2022 წლის ღორის ხორცის 1 კგ-ის ფასი აღემატება 2023-2024 წლების ფასებს. აგრეთვე, 2025 წლის მაისში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევა, რის საფუძველზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995.

საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა). ასევე, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილ ცხრილებში ნათლად ჩანს, რომ გამოყენებულია დოკუმენტური ფასები, თუმცა ცხრილში არასწორად არის მიწერილი კომენტარი, რომ გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვის ფასი.

ყოველივე აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღორისა და ძროხის ხორცზე 2022-2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასების გავრცელება, ხოლო ისეთ საქონელზე (ფარში, კანჭი და სალა), რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასების გავრცელება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა არასწორად დაადგინა საქონლის და ღორის ხორცის სარეალიზაციო ფასები, კერძოდ შემმოწმებელმა 2025 წელს 29 აპრილს განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე დაადგინა, რომ 2024 წელს საქონლის ხორცის ღირებულება იყო 1 კგ - 23 ლარი, რაც ლოგიკას არ ექვემდებარება, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ხორცის ღირებულება 2025 წელს არის გაზრდილი 2024 წელთან შედარებით, ხოლო საქონლის რბილი ხორცი 1კგ - 29 ლარი არის დადგენილი 2025 წლის 29 აპრილს, შემმოწმებელი კი 2024 წელს ავრცელებს საშუალოდ 28 ლარს 1კგ-ზე, ხოლო 2023 წელს 27 ლარს, რაც ასევე არასწორია, ვინაიდან ფასების ცვლილება 2025, 2024 და 2023 წლებში იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე შემოწმებით არის დადგენილი თითო წელზე 1 ლარი.

შემმოწმებელი თვითონვე ადასტურებს თავისი პოზიციის უსწორობას, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვის მონაცემებს ავრცელებს მხოლოდ საქონლის ხორცზე და არ ეხება ღორის ხორცს. არც ერთ საკონტროლო შესყიდვაში არ გამოვლენილა სამართალდარღვევა, რაც ასევე მიუთითებს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე. შემოწმებით ძვლიანი ღორის ხორცის ფასი 2022 წელს არის 13 ლარი, ხოლო 2023-2024 წელს 11 ლარი, რაც ლოგიკას არის მოკლებული და შემმოწმებელთა ლოგიკით გამოდის, რომ 2022 წელს ღორის ხორცი უფრო ძვირი იყო ვიდრე 2023-2024 წლებში. განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის დინამიკითაც ნათლად ჩანს, რომ ხორცის ფასები სხვადასხვა პერიოდში არის განსხვავებული/გაძვირებული.

საჩივრის ზეპირი მოსმენისას შემმოწმებელმა განმარტა, რომ არ ჰქონდა აღებული ხორცზე საკონტროლო შესყიდვის ფასი. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ შემმოწმებლის მიერ გამოგზავნილ ცხრილშივე ნათლად ჩანს (აღნიშნული შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანებითაც დასტურდება), რომ ღორის რბილი ხორცის ფასი შემმოწმებელს აქვს აღებული 2025 წლის ოქტომბრის თვის საკონტროლო შედეგებში დაფიქსირებული ფასებიდან - 16 ლარი (დანართი), რაც გავრცელებული აქვთ 2024 წელზე, მაშინ როცა 2024 წლის ღორის ხორცის საშუალო ფასი არის 11 ლარი. რაც შეეხება 2024 წლის საქონლის რეალიზაციის ხვედრით წილს საერთო ბრუნვაში ის შეადგენს მხოლოდ 1,8%-ს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არსებითად, კერძოდ 2024 წლის პერიოდში საქონლის დოკუმენტალური რეალიზაცია შეადგენს 2 289 კგ-ს, უდოკუმენტო რეალიზაცია კი 118 812 კგ-ს, სულ 5 საქონლის ხორცის რეალიზაცია არის 121 102 კგ, შესაბამისად დოკუმენტალური წილი არის მხოლოდ 1,8%. ასევე, გაუგებარია თუ ღორის ხორცის ფასი 2022 წელს იყო უფრო მაღალი როგორც შემმოწმებელმა განმარტეს და ამიტომ ძვლიან ღორის ხორცზე არის გამოყენებული ფასი 13 ლარი, ხოლო 2023-2024 წლებში 11 ლარი, რბილი ღორის ხორცის შემთხვევაში პირიქით შემმოწმებელს 2022 წელს აქვს აღებული 15 ლარი, ხოლო 2023-2024 წლებში 16 ლარი, რაც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და შემმოწმებელს არ აქვს გამოყენებული დოკუმენტალური რეალიზაციის ფასნამატი, რაც ნათლად ჩანს მათ ცხრილებში.

საჩივარს თან ერთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წერილი (ციტირება წერილიდან): თქვენი წერილის (17.01.2026) პასუხად, გაცნობებთ, რომ სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსის პროცენტულ ცვლილებამ (ინფლაცია) ქ.---ში 2025 წლის აპრილში 2024 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ძროხის ხორცზე შეადგინა 2,3 პროცენტი, ხოლო ღორის ხორცზე 0,4 პროცენტი. აღნიშნული წერილიც არ იქნა შეფასებული შემოსავლების სამსახურის მიერ. უფრო მეტიც გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არის წინააღმდეგობრივი, ვინაიდან შემოსავლების სამსახური ერთის მხრივ ამბობს (ციტირება): რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს, რომელიც 2022 წელს შეადგენს 13 ლარს, ხოლო 2023-2024 წლებში 11 ლარს, შემოწმებით გაანალიზებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში - ფასი ფერმის კართან), რომლის თანახმადაც 2022 წლის ღორის ხორცის 1 კგ-ის ფასი აღემატება 2023-2024 წლების ფასებს. ხოლო, მეორეს მხრივ არ ითვალისწინებს იმავე სამსახურის მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას უფიქსირდება რეალიზაცია, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 341 685 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 3%-ს.

ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, პერიოდულად. სააღრიცხვო პროგრამაში არ აქვს ასახული საქონლისა და ღორის ტანხორციდან მიღებული შესაბამისი დანაკარგების ოდენობა.

შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა სულ დაახლოებით 5%. განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №938909 ოქმის მიხედვით, სამართალდარღვევა გამოვლინდა და შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995.

საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 7.10.2025 წლის №21526 და №21523 ბრძანებების საფუძველზე, განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები - დათვალიერება და საკონტროლო შესყიდვა.

აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2026 წლის №60604-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღორისა და ძროხის ხორცზე გავრცელდა 2022, 2023 და 2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასები, ხოლო ისეთ საქონელზე (ფარში, კანჭი და სალა), რაზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია გავრცელებული იქნა 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასები.

შემოწმების პროცესში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ფასები თანხვედრაშია შესაბამისი პერიოდის საკონტროლო შესყიდვის ფასებთან, კერძოდ 2025 წლის მაისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის თანახმად, საქონლის რბილი ხორცის 1 კგ-ის ფასია 29,1 ლარი, ხოლო ძვლიანის - 23,1 ლარი.

სასაქონლო ზედნადებში კი ამავე პერიოდში საქონლის ხორცი რეალიზებულია 28,87 ლარად და 22 ლარად (სასაქონლო ზედნადებები №0896358025 და №0894895872). რაც შეეხება ღორის ხორცს, 2025 წლის მაისში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მიხედვით, 1 კგ-ის ფასი შეადგენს 13 ლარს, ხოლო ამავე პერიოდში სასაქონლო ზედნადებით ღორის ხორცი რეალიზებულია იმავე ფასად (სასაქონლო ზედნადები №0894755314). ამასთან, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შემოწმებით ღორის ხორცის ფასი 2022 წელს შეადგენს 13 ლარს, ხოლო 2023-2024 წლებში 11 ლარს, გაანალიზებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში - ფასი ფერმის კართან), რომლის თანახმადაც 2022 წლის ღორის ხორცის 1 კგ-ის ფასი აღემატება 2023-2024 წლების ფასებს.

2025 წლის მაისში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა და შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1753995. საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა), რისთვისაც საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად პირს შეეფარდა გაფრთხილება, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი აქვს სულ 70 213 ლარი, დაბრუნებული კი - 35 987 ლარი. დამფუძნებლის მიერ მიღებული დივიდენდი შეადგენს სულ 50 000 ლარს. დეკლარირებული ბრუნვა კი შეადგენს დღგ-ით დასაბეგრი 4 431 266 ლარს, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული კი - 8 111 181 ლარს.

ამასთან, გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილ ცხრილებში ნათლად ჩანს, რომ გამოყენებულია დოკუმენტური ფასები, თუმცა ცხრილში არასწორად არის მიწერილი კომენტარი, რომ გამოყენებულია საკონტროლო შესყიდვის ფასი.

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზაცია, რაც მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, სადაც რეალიზებული საქონელი ჩამოიწერება ყოველდღიურად, ხოლო დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი აღირიცხება ჯამურად, პერიოდულად. ამასთან, პირს სააღრიცხვო პროგრამაში არ აქვს ასახული საქონლისა და ღორის ტანხორციდან მიღებული შესაბამისი დანაკარგების ოდენობა. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა დაახლოებით 5%.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ ღორისა და ძროხის ხორცზე გავრცელდა 2022, 2023, 2024 წლების საშუალო დოკუმენტური ფასები, ხოლო ისეთ საქონელზე (ფარში, კანჭი და სალა), რაზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია გავრცელებულ იქნა 2025 წელს განხორციელებული მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასები.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზი და განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, რაც შეადგენს 586 726 ლარს, რაც „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).