გადაწყვეტილება №28042/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28042/2/2026
19 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 31.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28042/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2026 წლის №021-58 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18132 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 141,29 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 9 791,00
ჯარიმა - 4 895,00
საურავი - 455,29
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად და დღგის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 8 ოქტომბერს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10116 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2026 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 11.06.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2026 წლის №021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18132 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი სრულად არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდების საგადასახადო აღრიცხვიანობაში, კერძოდ, სრულყოფილად არ იყო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან ზემოაღნიშნულ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოვლინდა სხვაობა ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორისაც. კერძოდ, 2026 წლის თებერვლის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 2 668,92 ლარით და განხორციელდა 2026 წლის თებერვლის თვეში მიღებული ფაქტურის ჩათვლა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების გამო, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, ასევე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არ დაობს აუდიტის მიერ განსაზღვრული ძირითადი საგადასახადო ვალდებულების არსებობაზე და ადასტურებს მზადყოფნას, ძირითადი საგადასახადო ვალდებულება დაფაროს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისი გადახდის გრაფიკის ფარგლებში. დეკლარირებაში გამოვლენილი უზუსტობა არ ყოფილა გადასახადისაგან თავის არიდების, გადასახადის განზრახ დამალვის ან ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების მიზანმიმართული შედეგი. აღნიშნული გამოწვეული იყო საგადასახადო აღრიცხვაში დაშვებული შეცდომით. კომპანია კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურთან, წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია და არ უარყოფს გამოვლენილ ძირითად საგადასახადო ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან დარღვევა გამოწეული იყო საგადასახადო აღრიცხვაში დაშვებული შეცდომით და კომპანიას არ ჰქონდა გადასახადის განზრახ დამალვის ან გადასახადისგან თავის არიდების მიზანი.
შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლებამოსილება აქვს, გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება და სამართალდარღვევის შეცდომით/არცოდნით გამოწვევა. ამასთან დარიცხული ჯარიმისა და ძირითადი საგადასახადო ვალდებულებების ერთდროულად გადახდა კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს და ქმნის მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობის შეფერხების რეალურ რისკს. რაც შეეხება ეა --- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რომლის მიხედვითაც ჩასათვლელი დღგ შეადგენს 394,66 ლარს, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 აგვისტოს №18132 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს უკვე დაევალა აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების კორექტირება.
ზემოაღნიშნული გარემოებების, კომპანიის კეთილსინდისიერი ქცევის, ძირითადი საგადასახადო ვალდებულებების აღიარებისა და მისი დაფარვის მზადყოფნის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ არსებობს დარიცხული სანქციის გაუქმების მან სულ მცირე მისი მაქსიმალური შემცირების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს:
1. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმისგან;
2. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის სრულად გაუქმება ვერ იქნება მიჩნეული შესაძლებლად, ითხოვს იგი მაქსიმალურად შემცირდეს;
3. შეფასდეს დარიცხული საურავის შემცირების ან გაუქმების შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების ფარგლებში;
4. საბოლოო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას ეა--- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მასთან დაკავშირებული 394,66 ლარის დღგ-ის ჩათვლის საკითხი, რომლის დამატებით შესწავლაც უკვე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს;
5. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნეს კომპანიის კეთილსინდისიერება, ძირითადი საგადასახადო ვალდებულების აღიარება, მისი დაფარვის მზადყოფნა, შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობა და კომპანიის არსებული ფინანსური მდგომარეობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ და საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2026 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი სრულად არ ჰქონდა ასახული შესაბამისი პერიოდების დეკლარაციაში, ამასთან ზემოაღნიშნულ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით 2 668,92 ლარით გაიზარდა 2026 წლის თებერვლის თვეში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18132 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18132 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 17.06.2026 წლის №021-58 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა ჯარიმა 4 895,00 ლარი და საურავი 455,29 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული სანქციის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2026 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი სრულად არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდების საგადასახადო აღრიცხვიანობაში, კერძოდ, სრულყოფილად არ იყო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან ზემოაღნიშნულ პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოვლინდა სხვაობა ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორისაც. კერძოდ, 2026 წლის თებერვლის თვის დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიზარდა 2 668,92 ლარით და განხორციელდა 2026 წლის თებერვლის თვეში მიღებული ფაქტურის ჩათვლა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების გამო, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 174; 176 (1); 269 (7).